ელექტრო სკუტერები — დადებითი და უარყოფითი მხარეები

არსებობს ასეთი ფრაზა, — მოხალისის გულზე ძლიერი არაფერია. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხომ ყველა ჩვენგანის მცდელობათა ერთიანობით იწყება.

ჩვენ ტექნილოგიების ერაში ვცხოვრობთ და გვჭირდება თანამედროვე ხელსაწყოები, რომ მსოფლიოს პულსაციას ავუწყოთ ფეხი და არ დავიკარგოთ ისტორიული პროცესების ფართო სპირალში. მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მაშინ, თუ ტექნოლოგია ჩვენ ირგვლივ არაჯანსაღ და საფრთხისშემცველ გარემოს ქმნის?

გლობალური პანდემიის ეპოქა — ჩვენი დღევანდელი რეალობა. თუმცა, ამ შემთხვევაში, პანდემიში კორონა ვირუსს კი არა, ჰაერის დაბინძურებას ვგულისხმობ, რომელიც წლიურად 7 მილიონ ადამიანს იწირავს და ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს გარემოს დაცვის წინააღმდეგ. საქართველოში ტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყაროა. მანქანების თითქმის ნახევარზე მეტი 20 წლისაა, იმპორტირებული ტრანსპორტი კი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ მოწმდება. ჰაერის დაბინძურების დონემ სახიფათო ზღვარს მიაღწია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი სამი ყველაზე საფრთხისშემცველი ქალაქის რიგებშია ჰაერის დაბინძურების კუთხით. მოგეხსენებათ, ტექნიკურად გაუმართავი მანქანების მიერ NO2 და სხვა მსგავსი მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელება კარდიოვასკულარული და რესპირატორული დაავადებების გამომწვევია.

დაბინძურებული ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ, ადამიანის გავლენითაა წარმოქმნილი, შესაბამისად, სწორედ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის სათავეში და ჩვენვე შეგვიძლია შედეგების შეცვლა. საკუთარი თავიცა და გარემოც ზიანისგან უნდა ვიხსნათ.

2020 წლის მაისში, ორგანიზაციამ UNEP საქართველოში დაბალი გამონაბოლქვის მქონე მანქანების პროექტი წამოიწყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი ცვლილება, ელექტრონული სკუტერების პროექტია. სწრაფი, მარტივი, ეკომეგობრული და კომფორტული გამოსავალი გადასაადგილებლად სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საქართველოში და მაშინვე გახდა დავის საგანი.

ეკომეგობრული ტექნოლოგია მსოფლიოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი ჩამნაცვლებელია ის ტრანსპორტის სხვა საშუალებებისა.

ვეცდები, ელექტრონული სკუტერების დადებითი და უარყოფითი მხარეები გაგაცნოთ. ჯერ კარგი ამბავი გირჩევნიათ, თუ ცუდი? მე ცუდის მოსმენას ვარჩევ ხოლმე, რომ შემდეგ კარგმა ინფორმაციამ განწყობა გამომიკეთოს.
კოვიდ-19-ის პირობებში საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ დააჩქარა ელექტრონული სკუტერების სერვისის თბილისის ორ ცენტრალურ უბანში, ვაკესა და საბურთალოზე დანერგვა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი აკრიტიკებდა მერიას, რადგან ქალაქში არ არის ადაპტირებული სივრცე სკუტერითა თუ ველოსიპედით მოსიარულეთათვის. მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ სერვისით სარგებლობის ფასები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

სკუტერის უარყოფით მხარეებზე საუბრისას ნორვეგიის გამოცდილებას დავეყრდნობი. ელექტრონული სკუტერები ოსლოში 2019 წლიდან ჩნდება. მოკლე დროში ექვსმა სხვადასხვა კომპანიამ დანერგა საკუთარი სერვისი და პირველ ეტაპზე პროცესი საკმაოდ ქაოსურადაც მიმდინარეობდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, წინ წამოიწია უსაფრთხოების საკითხი, რადგან ნორვეგიის უსინათლოთა ასოციაციამ (NABPS) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრონული სკუტერები საფრთხის მატარებელია ბავშვებისათვის, უსინათლოთათვის, სმენადაქვეითებულთათვის და სხვა ტიპის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც ცალსახა ფაქტია.

მეორე — სწორი პარკირება უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ელექტრონული სკუტერის შემჩნევა კი მისი ზომის გამო არ არის მარტივი და ოსლოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ეს არაერთი ტრავმის გამოწვევის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ელექტრონული სკუტერები ახალი ხილია, ამ ეტაპზე არ არსებობს ტრავმიანობის სტატისტიკა. კვლავ ნორვეგიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული სერვისის დანერგვიდან პირველ 3 თვეში 187-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ტიპის დაზიანება, რამაც ბიძგი მისცა დისკუსიის დაწყებას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების თაობაზე.

ჩვენს (ქართულ) რეალობაში კი უსაფრთხოების კომპონენტზე ყურადღება თითქმის არ არის გამახვილებული, მერიის მთავარი გზავნილი თბილისის გარდაქმნაა ეკო-მეგობრულ გარემოდ და კარგი იქნება, თუ აღნიშნული პროცესი რისკების მინიმუმამდე დაყვანის გზების ძიების პარალელურად წარიმართება. მაგალითად, სინგაპურში ელექტრონული სკუტერის მართვისათვის სპეციალური ლიცენზიაც კი გჭირდებათ, ერთგვარი მართვის მოწმობა, რომელის გარეშეც სკუტერს საჯაროდ ვერ გამოიყენებთ.

ახლა კი კარგი ამბების დროა:

ბოლო წლების მანძილზე აზიის ქვეყნებში ელექტრო სკუტერების ნამდვილი ბუმია (მაგალითად, სინგაპური აღნიშნული საშუალებებისათვის სპეციალურად ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართლებით ერთ-ერთი ლიდერია), 2019 წლის ბოლოსკენ კი მათი გაქირავების სერვისმა ევროპასა და ამერიკაშიც დაიწყო ფართოდ გავრცელება. ნათელია, რომ ელექტრო სკუტერები გადაადგილების მოდურ საშუალებად იქცა, ისინი, გარკვეულწილად, თანამედროვე ურბანული ტრანსპორტის სიმბოლოდ შეგვიძლია მოვნათლოთ, რადგან დაიპყრეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა, მაგალითად, პარიზი, მადრიდი თუ სან ფრანცისკო.

დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ ელექტრო სკუტერი იდეალური ტრანსპორტია იმ შემთხვევაში, თუ ისეთი მანძილის დაფარვა გიწევთ, რომლის გამოც მანქანის ძრავის ამუშავება არ ღირს. ფეხით გასეირნებას რა სჯობს, თუმცა, ხანდახან ზამთრის სუსხი თუ ზაფხულის ხვატი იმხელა დისკომფორტის შემქმნელია, ხშირად ყველა საქმის გადადებისკენაც კი გვიბიძგებს.

ელექტრო სკუტერები ადვილად ეწყობა/იკეცება და მათი დაპარკინგებაც უმარტივესია. გამომდინარე იქიდან, რომ ის ზომით არც ისე დიდია და მისი ფორმის ტრანსფორმირება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, შეგიძლიათ, იგი სამახურში, მაღაზიაში თუ სხვა დაწესებულებაში თან შეიტანოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თუმცა თუ დაპარკინგება გარდაუვალია, ელექტრო სკუტერის დაცვისთვის უამრავი საშუალება არსებობს (გამოსადეგარია ველოსიპედის დასაბმელი მოწოყილობებიც).

საცობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ნერვების ისეთი საწამლავია, რომლისაგან თავის დაღწევაც დღევანდელი აჩქარებული ცხოვრების ტემპის პირობებში უკვე შეუძლებელია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ელექტრო სკუტერები საცობებში არ ხვდებიან, მეგობრებო! შესაბამისად, იზოგება თქვენი დრო, რომელიც, როგორც ბენჯამინ ფრანკლინმა გვასწავლა, ფულია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამინდი გაუარესდება, სკუტერს ბატარია დაუჯდება ან რაიმე სხვა მიზეზით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და საცობებით ,,ტკბობა’’ მაინც მოგიწევთ, გამოსავალი უმარტივესია — კეცავთ თქვენს სკუტერს, რომელიც არც ისე მძიმეა და აგაქვთ ტრანსპორტში.

სკუტერები მუშაობს ბატარეებზე, რომლებიც იმაზე ოდნავ მეტ დროს საჭიროებენ დატენვისათვის, რამდენსაც ჩვენი მობილური მოწყობილობები და იმაზე მეტხანს ძლებენ მუშა მდგომარეობაში დატენვიდან დატენვამდე, ვიდრე ჩვენი სმარტფონები.

თანამედროვე სამყაროში, როცა სპორტდარბაზებში სიარულმა და ჯანსაღი სხეულის ქონის იდეამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, პარალელურად სხვა რეალობაც არსებობს — დაკავებული ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ფეხით თითქმის არ გადაადგილდებიან. ჩემი მშობლები ავიღოთ — დილით სამსახურებში მანქანით მიდიან, სადაც ოფისებში სხედან მთელი დღის განმავლობაში, საღამოს კი მანქანებითვე უკან ბრუნდებიან და დამღლელი დღის საბოლოო დაგვირგვინებით, ტელევიზორის წინ ოჯახთან ერთად დასხდომით და საინფორმაციო გადაცემის ყურებით ტკბებიან.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სკუტერებს შეუძლიათ ვარჯიში ჩაანაცვლონ, თუმცა, ისინი ნამდვილად აამოძრავებენ სხეულს, გვაიძულებენ ბალანსზე ვიმუშაოთ და, რაც მთავარია, ჩვენი სკამიდან წამოდგომა და გასეირნება სასიამოვნო პროცესად იქცევა. აქვე, უნდა გაგაფრთხილოთ: იმედია, მზად ხართ ვარსკვლავური გასეირნებისთვის, რადგან თქვენ და თქვენი სკუტერი ნამდვილად ყველა გარშემომყოფის ყურადღებას მიიპყრობთ!

გვერდს ვერ ავუვლით კლიმატურ პრობლემებს და დავსვამთ მთავარ კითხვას: არის თუ არა სკუტერი ეკო მეგობრული ტექნოლოგიური სიახლე/მდგრადი სატრანსპორტო სისტემის ნაწილი?

ყველა პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება თუ მთავრობა დღესდღეობით ცდილობს გარემოსთან მეგობრული ინოვაციების დანერგვას. ელექტრო სკუტერები, ბუნბრივია, ელექტრულია, იყენებს ელექტრო ენერგიის არც ისე დიდ რაოდენობას, არ უშვებს გამონაბოლქვს, ჰაერში ტყვიის შემცველობის შემცირებას უწყობს ხელს, და, შესაბამისად, დადებითი შედეგების მომტანია.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო სკუტერი მუშაობს ბატარეებზე (ჩვენ კი ვიცით, რამდენად მომწამვლელნი არიან ბატარეები მაშინ, როდესაც ნაგავსაყრელებზე ხვდებიან), ისინი ჩვენგან სათუთ მოპყრობას და მოფრთხილებას ითხოვენ, რათა ნაგავსაყრელებზე რაც შეიძლება გვიან აღმოჩნდნენ.

--

--