ინკლუზიური განათლების თანამედროვე ელფერი

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან რიგით მეოთხე ადგილს ხარისხიანი განათლება და მისი ხელმისაწვდომობა იკავებს. მიმდინარე მოვლენების დროს, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჰგავდა სიტუაციას, როცა ოკეანეში გაგდებენ იმისათვის, რომ ცურვა ისწავლო, მეორე ნაწილი კი გამოწვევის შესაძლებლობად გადაქცევით იყო დაკავბული. თემას ბევრი სიუჟეტი თუ დისკუსია მიეძღვნა, მაგრამ მთელი რიგი საკითხებისა განათლების სფეროსთან მიმართებაში დღემდე ბუნდოვანია.

განვითარებული მოვლენების ფონზე, ინკლუზიური განათლების შესახებ ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერი იწერება. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი პირველი ბლოგი CSD ITNERNATIONAL- ის პლატფორმაზე სწორედ ამ თემისათვის მიმეძღვნა და საკითხი მრავალი ასპექტიდან დამენახა. ამ ყველაფერში კი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ჯგუფური ფსიქოთერაპევტი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ია უნდილაშვილი დამეხმარა.

დავიწყოთ თავად ტერმინის განმარტებით, რა არის ინკლუზიური განათლება ? — ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით გავესაუბრე ია უნდილაშვილს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ჯგუფურ ფსიქოთერაპევტსა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტს. ამ სტატიაში კი გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს.

განვითარების რა ეტაპები გაიარა ინკლუზიურმა განათლებამ მსოფლიოში?

ინკლუზიური განათლება პირველად 1942 წელს დაინერგა ესპანეთში და ითვალისწინებდა მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. მას შემდეგ სფერო ეტაპობრივად ვითარდება, რაც იმაში მდგომარეობს რომ თუ თავდაპირველად მშობლებს ძალიან უჭირდათ საკუთარი შვილების მიღება, დღეს ეს ბარიერს ნაკლებად წარმოადგენს. ინკლუზიური განვითარების თვალსაზრისით საქართველო წამყვან პოზიციებს არ იკავებს, თუმცა, საკმაოდ აქტიურად ვვითარდებით. ძალიან ბევრი ტრენინგი და სხვადასხვა პროგრამა იქმნება ამ მოსწავლეებისათვის. სისტემის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეცვლილია მიდგომა და შშმ პირებთან ერთად ინკლუზიურ განათლებაში ქცევითი დარღვევების მოქნე მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. მათი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელიც მხოლოდ მათ საჭიროებებზეა მორგებული.

სპეციალურ პედაგოგად უკვე 5 წელია მუშაობთ, გაგვიზიარეთ პირადი გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ინკლუზიური განათლების მიმართულებით სქართველოში?

ვიტყოდი, რომ ბოლო ხუთ წელში მნიშვნელოვანი ძვრები გვაქვს, აქცენტი კეთდება მასწავლებელთა გადამზადებაზე და თუ მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი სახელწოდებით ‘მასწავლებლის განვითარების 120 საათი’ 5 მოდულისაგან შედგებოდა, დღეს იგი 7-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, აქტიურად ხდება საერთაშორისო გამოცდილების ათვისება და გაცვლა, დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე იხვეწება სასწავლო გეგმა და მისი მორგება ხდება მოსწავლეზე. შეიცვალა ტერმინები, რაც ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანია.

რესურს ოთახი წყარო: Etalonige https://www.etaloni.ge/geo/main/index/5760

შეიცვალა თვითონ საკლასო სივრცეები „სპეციალური ოთახების“ მაგივრად გვაქვს რესურს ოთახი, რომელიც დამოკიდებულების თვალსაზრისით უკვე განსხვავებული შინაარსის მატარებელია. ამ თვალსაზრისით აუცილებელია პედაგოგთა განათლება, აქამდე სხვადასხვა საგნის მასწავლებელს შეეძლო შეეთავსებინა სპეც. მასწავლებლის ფუნქცია, თუმცა, ეს მიდგომა შეიცვალა და აუცილებელი მოთხოვნაა რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭირეობის მქონდე მოსწავლეებთან უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა ან მომიჯნავე დარგის სპეციალისტმა, რადგან მოსწავლეთა ემოციური ან ფიზიკური მდგომარება ხშირად არ არის მდგრადი და ამ თავისებურებათა ცოდნა გადამწყვეტია.

საუბრისას ახსენეთ, რომ მოხდა სასწავლო გეგმის დახვეწა, მაინტერესებს რის ხარჯზე მოხერხდა ეს, საერთაშორისო გამოცდილებისა თუ იმ ცოდნის რომელიც ლოკალურ სივრცეში დაგროვდა?

რა საკვირველია. ერთის მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ ხელი შეუწყო სფეროს დახვეწას, თუმცა, სპეციფიკიდან, კონტექსტიდან გამომდინარე ჩვენი საჭიროებები განსხვავებულია. ფსიქოლოგთა შემოსვლამ სკოლებში მოგვცა ის შედეგები, რამაც გეგმების შეცვლა და დახვეწა გამოიწვია რადგან ბავშვთა შესაძლებლობების შესახებ მეტი გახდა ცნობილი .

რა სირთულეებს აწყდებით სწავლების პროცესში? როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ სივრცეში?

სპეციალური განათლების მქონე მოსწავლეებთან ფიზიკური კონტაქტი არის საშუალება, რომლითაც შეგიძლია რაიმე შედეგზე გახვიდე, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არავითარი დამცავი ბერკეტი, ვგულისხმობ ემოციურ მდგრადობას. ყოველთვის უნდა კითხულობდე მათ თვალებში რა სჭირდება მოცემულ მომენტში -აქტივობების შეცვლა თუ თუნდაც უბრალოდ არაფრის კეთება და დაჯღაბვნა, ყოველთვის უნდა იყო მათთან ფიზიკურად რომ არ გაგისხლტეს ხელიდან მთავარი ფაქტორი — ნდობა, რომლის მოპოვებაც ძალიან რთულია. ის რომ ამ ბავშვებთან მუშაობა უნდა ხდებოდეს ფიზიკურ გარემოში ეს არის აპრიორი. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა რომ მიმდინარე პროცესებმა ყველაზე მეტად სწორედ ეს მოსწავლეები დააზარალა. ზოგად ჭრილში სასწავლო პროცესი ხარვეზებითა თუ უხარვეზოდ ვერ ვიტყვი რომ ჩავარდა, თუმცა, ინკლუზიურ განათლებაში შედეგმა მინიმუმ 1 წლით გადაიწია უკან, რის აღმოფხვრასაც დასჭირდება ორმაგი ძალისხმევა თუნდაც იმისათვის, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ, რაც მათთვის პრობლემურია, გარდა ამისა დაბრუნებულებს მოეწონებათ თუ არა გარემო ეს კიდევ ცალკე თემაა.

თუ ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე, ჩემი მოსწავლის ოჯახში არის 8 ბავშვი, რომელთაც ჰქონდათ არა მხოლოდ ინტერნეტთან, გაჯეტებთან, ტელევიზიასთან წვდომისა და დროის პრობლემაც. დედას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ფიზიკურად არ შეეძლო გააენაწილებინა დრო ისე, როგორც ამ მოსწავლეს ჭირდებოდა და მგონია, რომ სწორედ ეს ადამიანები დარჩნენ ყურადღების მიღმა.

ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, რესურსების არსებობის შემთხვევაში (მოსწავლეთა მხრიდან) რას სთავაზობდა განათლების სისტემა ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეებს?

ტიპური განვითარების შემთხვევაში ვიღაცისთვის ტელესკოლა იყო გამოსავალი, ამ მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ალბათ ფიზიკურადაც და ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ რთული იქნებოდა, შესაძლოა იფიქრეს კიდეც, თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საინტერესო იქნება იმ სირთულეების წინ წამოწევა, რომელსაც ინკლუზიური განათლება აწყდება განათლების სისტემაში.

სირთულეები რა საკვირველია არსებობს. დავიწყოთ იმით, რომ ასეთი ბავშვების მიღება მოსწავლეებზე მეტად უჭირთ მასწავლებლებს. ეს არის ზუსტადაც სისტემის სირთულე რადგან საერთო გარემომ ჩამოაყლიბა სტერეოტიპები, სტიგმები, დამოკიდებულებები რაც დღეს აქვთ ამ მოსწავლეთა მიმართ, თუმცა ეს ცოტა სხვა ასპექტია. შეძლებისდაგვარად იქმნება მათთვის ბაზა განათლების სისტემაში, რომელიც გაძლევს საშუალებას კარგად წარმართო სამუშაო პროცესი, ასევე წინა წლებთან შედარებით იქმნება რესურს ოთახები რომელიც აღჭურვილია მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის ბოლომდე ათვისებული, გაძლევენ სამუშაოს და ბოლომდე არ გეუბნებიან როგორ უნდა იმუშაო, შენ თვითონ უნდა გააკეთო მიგნებები, თუმცა რამდენად მართალი ხარ შენს მიგნებებში ამას ვერ იგებ. შენ, როგორც მასწავლებელი შესაძლოა მიიჩნევდე, რომ გახვედი შედეგზე, თუმცა, გიწესებენ სტანდარტს, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ მუშაობდეს შენს რეალობაში.

ვმუშაობ მაღალმთიან ზონაში სადაც მოსწავლეებს 3 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით ყოველდღიურად, განსხვავებულია ატმოსფერო და დამოკიდებულებაც ამ თემის მიმართ, შესაბამისად „კაბინეტური“ და „საველე“ გადმოსახედი სრულ დისონანსში მოდის და არსებობს რეალობები, სადაც მხოლოდ ბრჭყვიალა რესურსებით ვერ მივწვდებით მოსწავლეთა გონებას, ზუსტად ესაა სისტემის მთავარი სირთულე, რომ საუბრობენ „გაიდლაინით“ რომელიც კონკრეტულ კონტექსტში მოსწავლეებთან არ მუშაობს და ცოტა მეტ ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს სფერო.

საუბრისას არაერთხელ აღნიშნეთ მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეთა მიმღებლობის მნიშვნელობის შესახებ ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე პირთა მიმართ. თუ შეიძლება განვიხილოთ დეტალები და ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე

მშობლები: მშობლებით დავიწყოთ, რადგან უფრო ახლოს არიან საკუთარ შვილებთან. ერთ ისტორიას მოვყვები, რომლის გავლენის ქვეშ ვარ დღესაც. ჩემი ლექტორის მეზობელს სახლში ჰყავდა შვილი, ეტლს მიჯაჭვული გოგონა, რომლის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც იგი გარდაიცვალა. მშობლები მას მალავდნენ. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ პირველი საფეხური, საიდანაც მე მუშაობას დავიწყებდი იქნებოდა მშობელი, რადგან აუცილებლად უნდა იცოდე მშობელი რას ფიქრობს საკუთარ შვილზე: უყურებს როგორც პრობლემას, თუ მიღებული ჰყავს ნებისმიერ ასპექტში. ბავშვთა პრობლემები თუ გენეტიკური არ არის, ხშირ შემთხვევაში მოდის მშობლებისგან. თუმცა, სკოლის ასპექტში მშობლები გააქტიურდნენ, რაც ძალიან მახარებს. ამაღლდა ცნობიერება, საერთო სიტუაციიდან გამომდინარეც. რაღაცნაირად დარწმუნდნენ რომ ეს არ არის სასჯელი და სირცხვილი, თითის გაშვერის „ინსტიტუტი“ ნელ-ნელა მაგრამ ძლიერი ბიძგებით ინგრევა და საკუთარ შვილებს იღებენ ისეთებად, როგორებიც არიან.

ასეთი მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილია სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში და აგერ უკვე არაერთი მათგანია დასაქმებული საკუთარი პროფესიით, ასე რომ მშობელს შეუძლია არაფრისგან შვილისათვის შექმნას ყველაფერი და მშობელს შეუძლია ისიც წაართვას შვილს, რაც აქვს. არჩევანის საკითხია ალბათ.

ბავშვები: რაც შეეხება ბავშვებს, ისინი აბსოლუტურად მზად არიან ასეთი მოსწავლეების მისაღებად, გამოირჩევიან მზრუნველობით, არ ხდება თითის გაშვერა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკანასკნელნი ბევრად მზრუნველნი არიან ვიდრე პედაგოგები.

მასწავლებლები: ჩემთვის, როგორც მასწავლებლისათვის ყველაზე მტკივნეული პედაგოგების დამოკიდებულებაა. სასკოლო სივრცეში დღემდე შეიძლება გაიგონოთ: „ეს დებილია“, „მაგისგან არაფერი გამოვა“ და საერთოდ საკმაოდ უჭირთ მასწავლებლებს ამ მოსწავლეთა მიღება საკლასო სივრცეში, უჭირთ მუშაობაც, რადგან ფიქრობენ, რომ მათგან მაინც არაფერი გამოვა.

თუ სადმე ხმა მიმიწვდება ყველას ვთხოვ, ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშთა მიმღებლობაზე საუბარი დავიწყოთ მასწავლებლებიდან, რადგან წარმოუდგენელია ეს მოსწავლეები მიიღო თვალთმაქცურად, მათ სულ სხვა მზრუნველობა სჭირდებათ.

პირველ რიგში ტერმინოლოგია, რაც ყველაზე მეტად აქვთ დასახვეწი პედაგოგებს, რაც გასაგებიცაა, რადგან მათ არ აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და მათი სამუშაო გარემო წლების განმავლობაში სრულიად განსხვავებული იყო დღევანდელისაგან.

სისტემის კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ როდესაც ასეთი მოსწავლეები მშობელს სკოლაში შეჰყავს, განათლების სისტემამ უნდა უზრუნველჰყოს დამხვედრთა მზაობა. მხოლოდ რესურს ოთახი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვინ უნდა იმუშაოს ამ მასალით ეს არის მნიშვნელოვანი.

როგორც ჩანს, განათლების სისტემა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მყიფე რგოლად თანამედროვე ქართულ რეალობაში. მნიშვნელოვანია თანაბრად იქნას გათვალისწინებული და დაცული თვითოეული მოსწავლის ინტერესი. Covid-19 პანდემიამ დაგვანახა, რომ ქართული განათლების სისტემისათვის ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: Facebook Instagram Linkedin

სხვა სტატიები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს:

--

--