ნარჩენების მართვა — ლომის წილი დედამიწის გადარჩენაში

ათასობით წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა თანდათანობით იზრდებოდა, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან მატება სწრაფ ტემპებში გაგრძელდა. მაგალითად 1830 წელსა და 1930 წელს შორის, მხოლოდ ერთი საუკუნის შუალედში, მსოფლიო მოსახლეობა ერთი მილიარდიდან ორ მილიარდამდე გაიზარდა.

დღესდღეობით ყოველწლიურად დაახლოებით 66 მილიონი ადამიანი იბადება. მკვლევარები წინასწარმეტყველებენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა ცხრა მილიარდს გადააჭარბებს, ეს კი დედამიწისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს რიგი მიზეზების გამო.

მათ შორის ერთ-ერთია ნაგვის პრობლემა, რომელიც ახალი წარმოქმნილი ნამდვილად არაა, თუმცა დედამიწაზე მოსახლეობის რიცხვის ზრდის პროპორციულად იგი ღრმავდება — ძველი ნაგავსაყრელები იკეტება, ახლების გახსნა კი რთულია, რადგან ეს ის ნამდვილად არ არის, რაც ხალხს სურს.

Humans are expected to generate 3.4 billion tons of trash annually by 2050. But countries are running out of places to put it — Bloomberg

ზოგადად, ნაგვის განკარგვა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან არსებობს საშიში მასალები, რომლებიც, წესით, რეგულარულ ნაგავსაყრელებზე არ უნდა ხვდებოდნენ (შხამს შეიცავენ). ჩვეულებრივ, სახლები სავსეა საშიში ნარჩენებით, რომელთა შორისაც ყველაზე ტოქსიკუტი ბატარეებია. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემა დასატენი ბატარეების გამოყენებით ავიცილოთ თავიდან.

არსებობს გადამუშავებადი ნაგავი (გაზეთები, მინის ბოთლები და ლითონები). თუმცა გადამუშავება საკმაოდ ძვირი პროცესია და დროსა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს.

იცოდით, რომ საქართველოში პირველი ნული ნარჩენის სივრცე უკვე არსებობს?!

  • რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად გვხვდება თვალში ნული ნარჩენის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სრულყოფილი ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, სამწუხაროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს გააჩნია.

ნული ნარჩენი (zero waste) — ეს არის ფილოსოფია და ცხოვრების სტილი, რომელიც გულისხმობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ ნარჩენი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. აღნიშნული ფილოსოფია ემსახურება გარემოზე ზრუნვას და რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

რა თქმა უნდა, ნული ნარჩენის სრულად მიღწევა შეუძლებელია, ეს არის იდეალისტური ციფრი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ.

  • უნდა ვაღიაროთ, რომ არც ისე მარტივია ნული ნარჩენის პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელება. რას ურჩევდით მონდომებულ ადამიანებს, რა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა დაიწყონ ნარჩენების მართვა და, რაც მთავარია, როგორ ჩართონ პროცესში თავიანთი ოჯახის წევრები/მეგობრები?

პირველ რიგში, უნდა გადავხედოთ ჩვენს ნარჩენს, გავაკეთოთ ინსპექტირება და გავარკვიოთ, თუ რა ტიპის ნარჩენი ჭარბობს. შემდეგ კი ნელ-ნელა დავიწყოთ გარკვეულ ნივთებზე უარის თქმა ან მათი ისეთი მდგრადი რესურსით ჩანაცვლება, რომლის გამოყენებასაც მრავალჯერადად შევძლებთ და რომელიც გამოყენების შემდეგ გადამუშავებას ექვემდებარება.

ნული ნარჩენით ცხოვრებისთვის არსებობს 5 ეტაპი:

მაგალითად, თუ ნარჩენის ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ პლასტმასას საწრუპს ვხმარობთ, თავისუფლად შეგვიძლია მის მოხმარებაზე უარის თქმა ან მათი ჩანაცვლება ბამბუკის ან მეტალისგან დამზადებული ალტერნატივით.

ქაღალდის ნარჩენი ნაგავი არ არის, ამიტომაც შეგვიძლია მისი შეგროვება ცალკე დავიწყოთ და შემდეგ მოვათავსოთ სპეციალურ ურნაში, საიდანაც გამოყენებული ქაღალდი მოხვდება გადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც ამ რესურსის სასიცოცხლო ციკლი გახანგრძლივდება.

ოჯახის წევრებზე ზეგავლენის მოხდენა შედარებით რთულია, თუმცა დროთა განმავლობაში, ბევრი საუბრით, მითითებით, წახალისებითა და მაგალითის მიცემით ყველაფერი გამოვა.

ასეთი ცხოვრების სტილში ჩაბმა ერთ ღამეში არ ხდება. პროცესი იწყება ნელ-ნელა და მიმდინარეობს ეტაპობრივად, რათა არ გამოიწვიოს დისკომფორტი და მაქსიმალურად მოხდეს იმ ნივთების მრავალფუნქციურად გამოყენება, რომლებიც უკვე გვაქვს.

  • რომელია ხუთი ყველაზე მარტივად ჩანაცვლებადი ნივთი?

ყველაზე მარტივად ჩანაცვლებადი ის ნივთებია, რომლებიც ამოწურვადია და თვეში ან ორ თვეში ერთხელ გვჭირდება განახლება.

საყიდლების პარკი

მარტივია ამ ნივთზე უარის თქმა, უბრალოდ მუდამ თან უნდა ვიქონიოთ რამდენიმე ნაჭრის ჩანთა საყიდლებისთვის.

პლასტმასას საწრუპი

ეს ნივთი არც კი ექვემდებარება გადამუშავებას, მისი ჩანაცვლება კი ძალიან მარტივია. თუ თან არ გვაქვს საკუთარი მრავალჯერადი საწრუპი, შეგვიძლია უბრალოდ უარი ვთქვათ პლასტმასის საწრუპის გამოყენებაზე.

თავის მოვლის საშუალებები (საპონი, შამპუნი, კბილის პასტა, დეოდორანტი, წვერის მოვლა და სხვა)

თავის მოვლის ცნობილი საშუალებები უმეტესად პლასტმასას შეფუთვაშია წარმოდგენილი, მათ ჩვენ მუდმივად ვყიდულობთ და, შესაბამისად, რეგულარულად წარმოვქმნით ნარჩენს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არც კი ექვემდებარება გადამუშავებას.

სწორედ ამიტომ, მარტივი და სასარგებლო ცვლილებაა იმ თავის მოვლის საშუალებების შეძენა, რომლებიც შეფუთულნი არ არიან. მაგალითად, შეგვიძლია უარი ვთქვათ თხევად საპონზე, რომელიც პლასტმასას შეფუთვაშია ჩამოსხმული და ის ჩავანაცვლოთ მყარი საპნით, შეფუთვის გარეშე.

წყლის ბოთლი

შუშის ან მეტალის წყლის ბოთლის შეძენით, რომელსაც მრავალჯერადად გამოვიყენებთ, პლასტმასას საგრძნობლად შევამცირებთ. ზაფხული მოდის და ეს ნივთი კიდევ უფრო აქტუალური ხდება სეზონთან ერთად, თანაც, ამ ხერხით თანხასაც დავზოგავთ.

საკვების გადასაფუთი ქაღალდი (beeswax wrap)

ეს ნივთი საქართველოში არც ისე ცნობილია. ზოგადად იგი გამოიყენება ლანჩის გადასახვევად, ხილ-ბოსტნეულის შესანახად ან თან სატარებლად (მაგ. გაჭრილი ავოკადო), იგი არ ატარებს წყალს, ამიტომაც შეგვიძლია დავახუროთ ქილას ან, მაგალითად, ღვინის ბოთლს. ირეცხება ჩვეულებრივად და არის მრავალჯერადი გამოყენების.

  • იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ უკვე დააგროვა, როგორ ფიქრობთ, რამდენად პერსპექტიული იქნება საქართველოში ეს წამოწყება?

ჩვენ უკვე წელიწადნახევარია ბაზარზე ვართ. თავდაპირველად ტურისტები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები იყვნენ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები. თუმცა, დროთა განმავლობაში, ქართველებიც დაინტერესდნენ და დღესდღეობით ქართველი და უცხოელი მომხმარებლების რიცხვი თითქმის თანაბარია, რაც ძალიან გვახარებს.

ყოველკვირეულად ვაწყობთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც მიძღვნილია გარემოს დაცვითი საკითხებისადმი. ხალხის დაინტერესება მაღალია, ვმართავთ დისკუსიებს, საუბრებს, ვქმნით ერთგვარ სოციუმს. ეს ყველაფერი უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს განვითარებისთვის.

  • ბევრი ადამიანი ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი მსგავსი საკითხებისადმი. ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარჩენების მართვის პროცესში მაქსიმალური ძალებით ჩაებმებიან, მათი წვლილი იმდენად მცირე იქნება, რომ გლობალურ პროცესებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. რას ეტყოდით მათ?

თითოეულ არჩევანს აქვს გავლენა იმ გლობალურ პროცესებზე, რომელიც უკვე დაიწყო და შეუქცევადად მიდის. ჩემი აზრით, იმას, რომ ერთი ადამიანი იყოს 100%-ით ნული ნარჩენით ცხოვრების სტილის მიმდევარი, სჯობს რომ 10-მა ადამიანმა შეამციროს პლასტმასას მოხმარება 10–10%-ით და მათ მიერ ნარჩენის შემცირების პროცენტულობა იყოს მზარდი.

მაგალითისთვის, ერთი ადამიანი წელიწადში 100 კილოგრამზე მეტ პლასტმასას ნარჩენს წარმოქნის, ტანსაცმლის ნარჩენი 30 კილოგრამს აჭარბებს, პლასტმასას ბოთლის რაოდენობა კი 100 ცალს აღემატება.

Why I live a zero waste life | Lauren Singer | TEDxTeen

ნარჩენის შემცირება რეალისტური და შეძლებადია, ცოტა მეტი მონდომებით, ყველანი შევძლებთ, ერთად მოვახდინოთ დადებითი გავლენა დედამიწაზე და ვიცხოვროთ უფრო მწვანე გარემოში.

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--