სოციალური საწარმო ,,მწვანე საჩუქარი’’

დღეს სოციალურ საწარმო ,,მწვანე საჩუქართან’’ ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც 100-ზე მეტი ორგანიზაციისგან აგროვებს მაკულატურას და მისი გადამუშავების შედეგად ახალ პროდუქციას ქმნის.

თუმცა სანამ მათ შესახებ მეტს მოგიყვებით, მინდა, ძალიან მოკლედ გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე და რომელიც, ჩემდა გასაკვირად, იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის შესახებ ცალკე ბლოგს აუცილებლად შემოგთავაზებთ. იქამდე კი, შევეცდები, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა ღირებული რესურსია ნარჩენები.

ზოგადად, ქაღალდის წარმოებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე/გლობალურ დათბობაზე, რადგან ამ პროცესში დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ხე, წყალი და ენერგია გამოიყენება, რის შედეგადაც ნიადაგში, წყალსა თუ ჰაერში დამაბინძურებლები წარმოიქმნება. სწორედ ქაღალდის დაშლის პროცესია ატმოსფეროში მეთანის ემისიის ერთ-ერთი წყარო. საბოლოოდ კი ნაგავსაყრელებიც ახალი ნარჩენებით ივსება.

იცოდით, რომ ოფისებში ამობეჭდილი დოკუმენტების ნახევარზე მეტი 24 საათის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება?

და რომ ქაღალდის ქარხნები წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული მომხმარებლები არიან?

ანდაც ის, რომ ქაღალდის წარმოებისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად 500,000,000 კვადრატული მეტრი ტყე იკაფება? (ალბათ, ხვდებით, ბიომრავალფეროვნების განადგურების რა მასშტაბებზეა საუბარი).

უშუალოდ ,,მწვანე საჩუქრის’’ თემას დავუბრუნდეთ.

საწარმოს დამაარსებლებმა ყველაფერი საქველმოქმედო ინიციატივით დაიწყეს, გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმზე დაფუძნებული შრომით. ისინი თავიანთი ძალებით აგროვებდნენ მაკულატურას, შემდეგ ცვლიდნენ წიგნებში და სოფლების ბიბლიოთეკებს ურიგებდნენ მათ.

მოგვიანებით სოციალურ საწარმოდ დაფუძნდნენ და ორგანიზაციებსა და კომპანიებში მწვანე ყუთების დადგმა დაიწყეს, სადაც მუყაო, ჟურნალები და ქაღალდი გროვდება, რომელიც შემდეგ საწარმოში მიაქვთ, ახარისხებენ, ამუშავებენ და თავიანთ პროდქციას ქმნიან.

მეორადი ქაღალდით დამზადებული ეკომეგობრული შეფუთვა Babale’s Socks • ბაბალეს წინდა -სთვის.

ზოგადად კი, ქაღალდის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული პრობლემების შესამსუბუქებლად მისი გადამუშავება, ვფიქრობ, უკონკურენტო გამოსავალია, რადგან ამ ხერხით გარემოზე მიყენებული ზიანი საგრძნობლად მცირდება, მაგალითად, თუ ხისგან ერთი ტონა ქაღალდის დასამზადებლად 25–70 კუბური მეტრი წყალი არის საჭირო, ერთი ტონა მეორადი ქაღალდის დასამზადებლად მხოლოდ 10–15 კუბური მეტრი წყალი გამოყენება.

გთავაზობთ ინტერვიუს ,,მწვანე საჩუქართან’’:

თავდაპირველად, თქვენი ინიციატივა საქველმოქმედო ხასიათისა იყო, ენთუზიაზმის ხარჯზე შეგქონდათ წვლილი მდგრადი მომავლის განვითარებაში. რამდენ ხანში გაჩნდა იდეა, რომ წამოწყებისთვის ბევრად უფრო სერიოზული, ოფიციალური სახე უნდა მიგეცათ და როგორ აღწერდით ქართულ ბაზარზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს?

ჩვენი პირველი ნაბიჯები ამგვარი იყო: თავიდან ორმა დავიწყეთ მაკულატურის შეგროვება (ჩვენი მეგობრებიც აქტიურად გვეხმარებოდნენ). ხშირად ვუწევდით ორგანიზებას მაკულატურის შეგროვების ღონისძიებებსაც, იქედან მიღებულ მასალას კი მაკულიტერატურაში წიგნებში ვცვლიდით, რომელსაც შემდეგ სკოლებს გადავცემდით.

,,მწვანე საჩუქრის’’ ეკომეგობრული შესაფუთი ქაღალდი.

მოხდა ისე, რომ იმ ადამიანებს/ორგანიზაციებს, რომლებიც მაკულატურას გვაბარებდნენ, გაუჩნდათ სურვილი, ჩვენთვის მეორადი ქაღალდის გადმოცემა ტრადიციად ექციათ. შედეგად შეიკრა ე.წ მაკულატურის ჩამბარებელთა „საზოგადოება“, ადამიანთა წრე, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.

სწორედ ამან გვიბიძგა დაგვეწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ დრო იყო, ჩვენი საქმიანობისთვის ორგანიზებული სახე მიგვეცა. ნელ-ნელა ჩვენს გონებაში მომწიფდა „მწვანე საჩუქრის“, როგორც დამატებითი სოციალური სარგებლის შემქმნელი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებული იდეა.

ამის შემდეგ მოვიპოვეთ გრანტი. CSRDG-ის დახმარებით ვიყიდეთ საბეჭდი დანადგარი და გადავწყვიტეთ, მეორადი ქაღალდის გადამუშავებით შესაფუთი ქაღალდები დაგვემზადებინა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით და სადაც მეორადი ქაღალდი იყო, ყველგან ვიყავით ჩვენც.

როგორც ვიცი, ასზე მეტი ორგანიზაცია გიცხადებთ მხარდაჭერას, რაში გამოიხატება თქვენი პარტნიოტობა?

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ჩვენი „მეგობრები“ არიან. სოციალური სარგებლის შექმნას ხომ ისე არაფერი სჭირდება, როგორც მეგობრობა. ამიტომაც, თავდაპირველად ჩვენ „ვიმეგობრებთ“ ორგანიზაციას და შემდეგ უკვე მათთან ვდგამთ „მწვანე საჩუქრის“ ყუთს. ვაფორმებთ ოფიციალურ მემორანდუმს, მეგობარი ორგანიზაცია კი გამოყოფს საკონტაქტო პირს, რომელიც ამ ყუთის შევსების შემთხვევაში გვირეკავს. ჩვენ მივდივართ, ვცლით ყუთს და მიგვაქვს ქაღალდი გადასამუშავებლად. ნარჩენის შეგროვების აღნიშნული პროცესი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უფასოა.

ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა იციან, რომ მათ მიერ შეგროვილი მაკულატურა გადამუშავდება, ახალ სიცოცხლეს შეიძენს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს მოხმარდება — შექმნის დამატებით სოციალურ სარგებელს.

რიგით, გაჭირვებაში მცხოვრებ ადამიანებს ვერავინ მოსთხოვს პრიორიტეტად და მთავარ საფიქრალად გარემოს დაცვა დაისახონ, სახელმწიფო უწყებებისა და დიდი კომპანიების შემთხვევაში კი ანალოგიურს ვერ ვიტყოდი.

მაშინ, რა არის შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც დღემდე ვერ იქცა ნორმად/წესად, მაკულატურა ოფისებიდან პირდაპირ გადასამუშავებლად იგზავნებოდეს?

სამწუხაროდ, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა გააზრებული. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი ღონისძიება ტარდება, რატომღაც, ეს საკითხი ჯერაც ვერ მოხვდა უამრავი დიდი კომპანიის დღის წესრიგში და პრიორიტეტულად ვერ იქცა. თუმცა აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ გვაწუხებს, მთელს მსოფლიოში ასეა.

მეორადი ქაღალდით დამზადებული ეკომეგობრული კონვერტები ჟურნალ National Geographic Magazine საქართველო -ს შესაფუთად.

გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს იმ დონის და იმდენი საწარმო, რომლებიც ამ კომპანიებს მაკულატურის ჩაბარებას შესთავაზებდნენ. უფრო მეტი ინიციატივა და გადამმუშავებელი ორგანიზაცია საქმეს დიდად წაადგებოდა.

როგორი გავლენა მოახდინა კოვიდ-19-ის გავრცელებამ თქვენს საწარმოზე და რა პროექტების განხორციელება გაქვთ გეგმაში უახლოესი თვეების განმავლობაში?
ისევე, როგორც ძალიან ბევრი ორგანიზაცია/კომპანია, კოვიდ-19-ის გავრცელებამ ჩვენც შეგვაფერხა. თუმცა უახლოეს მომავალში „მწვანე საჩუქარი“ განახლებული ძალებით შეუდგება თავისი საქმიანობის განვითარებას. ივლისი-აგვისტოში ჩვენს საწარმოში იგეგმება დიდი რეორგანიზაცია, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი ცვლილება გვექნება.

გვსურს, რომ უფრო ოპტიმალური გავხადოთ მომსახურების სქემა, უფრო მოქნილები ვიყოთ და უფრო მეტი კმაყოფილი მეგობარი ორგანიზაცია გვყავდეს. ასევე, მიზნად ვისახავთ, მეტად მოვერგოთ მომხმარებლებს და ჩვენი პროდუქციაც უფრო აქტიურად მივაწოდოთ ბაზარს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დიდი რეორგანიზაციის შედეგად გადამუშავებული ქაღალდის რაოდენობა გაიზრდება, მეტი მეორადი პროდუქტი რეალიზდება, მეტ ხეს გადავარჩენთ მოჭრისგან, უფრო მეტად ვიზრუნებთ ბუნებაზე და, საბოლოო ჯამში, შევქმნით მეტ დამატებით სოციალურ სარგებელს.

რას ურჩევდით მათ, ვინც იაზრებს, თუ რა ღირებული რესურსია ნარჩენები და უნდათ ხმა აიმაღლონ გარემოს დასაცავად, თუმცა ამისათვის იმაზე მეტის გაკეთება სურთ, ვიდრე სოციალურ ქსელში სიტყვით გამოსვლა, ანდაც საკუთარი სახლის ეკო-მეგობრულ ბუდედ ქცევაა?

პირველ რიგში, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში, ვურჩევდი, რომ შემოგვიერთდნენ, იმეგობრონ ჩვენთან, მოიხმარონ მეორადი ან ხელახლა გამოყენებადი პროდუქტი.

ასევე, უამრავი გარემოსდაცვითი ინიციატივა თუ ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სხვა კუთხით ცდილობენ გარემოს მოუფრთხილდნენ.

საბედნიეროდ, დიდი თუ პატარა ორგანიზაციები ხშირად აცხადებენ საგრანტო კონკურსებს, რომელთა ორიენტირი სწორედ გარემოს დაცვისკენაა მიმართული. აღნიშნული კონკურსების სამიზნე აუდიტორია ხშირად რეგიონებში მცხოვრები ხალხია.

ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ამგვარმა კონკურსებმა მისცა მოტივაცია, რათა ცნობიერება აემაღლებინათ გარემოსდაცვით საკითხებში. შესაბამისად, მათ, ვისაც მართლა სურთ ამ საქმიანობაში თავანთი წვლილის შეიტანა, ორგანიზაციის ჩამოყალიბება თუ იდეების ხორცშესხმა, აქტიურად უნდა ადევნონ თვალი შესაბამის საგრანტო კონკურსებს.

დაბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარჩენების მართვის პროცესში მაქსიმალური ძალებით ჩაებმებიან, მათი წვლილი იმდენად მცირე იქნება, რომ გლობალურ პრობლემებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს?

,,მწვანე საჩუქრის’’ სასაჩუქრე ჩანთები.

მაშინ, როცა საქმე გარემოზე ზრუნვას მიდგება, თითოეული ადამიანის სასარგებლო ქმედება მნიშვნელოვანია. დღეს, როცა უკვე ძალიან ხშირია გლობალური საფრთხეების განხილვა და მათზე საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საფრთხეების წინაშე კაცობრიობა რამდენიმე წელიწადში არ დამდგარა. ეს პლანეტაზე საკმაოდ ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია, რომელშიც თითოეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ზუსტად იმდენადვე შეუძლია ნეგატიური გავლენის მოხდენა, რამდენადაც პოზიტიურის.

თუკი ყველა იფიქრებს, რომ მის ქმედებას სარგებელი არ აქვს და ეს ზღვაში წვეთია, ბუნება უპატრონოდ დარჩება. პასუხისმგებლობის გააზრება თითოეული ჩვენგანის ვალია, „მწვანე საზოგადოებასაც“ ხომ ცალკეული ინდივიდები ქმნიან?!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

--

--