ქუჩის ხელოვნება — ნარჩენების გარდაქმნა ხელოვნების ნიმუშად

ბოლო დროის განმავლობაში ბუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა თითოეული ადამიანისათვის. იმის გამო, რომ ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო მეტად მატულობს, მნიშვნელოვანია მათი გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება, რისი უამრავი ტექნიკაც არსებობს და ინერგება. სამწუხაროდ, ნარჩენების გადამუშავება საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ყველა ქვეყანა სრულყოფილად ვერ ახერხებს.

საბედნიეროდ , არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და ცდილობენ შეამცირონ როგორც ნარჩენების გადამუშავების ხარჯები, ასევე ხელმეორედ გააცოცხლონ და შექმნან ახალი პროდუქცია.

ანი სპარსიაშვილი მოგვიყვება თუ როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავება და მათგან ხელოვნების ნიმუშების შექმნა.

გამარჯობა, ანი. მოგვიყევი თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რა არის მისი შექმნის მთავარი იდეა?

მოგესალმებით, Teatro Metaphora უკვე ათ წელზე მეტია, რაც არსებობს. ორგანიზაციის მიზანია კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი გააქტიურება ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების, ტრენინგის კურსებისა და სემინარების ორგანიზების საშუალებით.

ჩვენი საქმიანობა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: თეატრალური შოუს წარმოება და კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაცია.

ვიყენებთ თეატრის თანამედროვე მეთოდებს სკოლის მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან სამუშაოდ. ( ჩაგრულთა თეატრი, საკანონმდებლო თეატრი );

ქუჩის ხელოვნება, დეკორაცია, ნაგვის ხელოვნების ნიმუშებად გარადქმნა, რაც ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა და სწორედ ამ სახის პროექტებმა მოგვიტანა ყველაზე დიდი წარმატება, გასულ წელს მოვიგეთ გულბეკიანის ფონდიდან პრემია ხელოვნების კატეგორიაში. ასევე, 2019 წელს ჩვენს ორგანიზაციას მიენიჭა ევროპის მდგრადი განვითარების ჯილდო და ევროპის ფარგლებში დასახელდა პირველ ახალგაზრდულ ორგანიზაციად.

გაიხსენე შენი ამჟამინდელი საქმიანობის პირველ ნაბიჯები. როგორ აღმოჩნდი მადეირაზე და რამ გამოიწვია შენი ამ საქმით დაინტერესება?

მადეირაზე ჩამოვედი პროექტით “იბერია-აღმოაჩინე საერთო ფესვები”, პირველად, როდესაც სრულიად სხვა რეალობაში ხვდები, გიწევს გარემოსთან შეგუება, ბევრი დაბრკოლება გეღობება. მახსოვს, ძალიან განვიცდიდი ენის არცოდნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სამუშაო ენა, ძირითადად, ინგლისურია. მეტაფორას საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, არ იყო მარტივი ყველაფრის ერთდროულად ათვისება, ბევრ რამეს დღემდე ვსწავლობ და ეს მუდმივი პროცესია. ორი წლის შემდეგ, ზოგადი ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ დავეუფლე ალუმინის ქილებით სხვადასხვა მოზაიკის შექმნის ტექნიკას. ეს არ არის მარტივი პროცესი და საჭიროებს, როგორც ფიზიკურ გარჯას, ასევე გონებრივს. თუ ყურადღება მოადუნე ან დაიღალე, პატარა შეცდომამ შეიძლება მთლიანი სურათი შეცვალოს, თუმცა გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია.

თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო ახალი კულტურის გაცნობა და ენის შესწავლა, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავი სხვადასხვა აპლუაში აღმოვაჩინე და ეს ძალიან მომეწონა. სწორედ ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყანაში ერასმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში, ვმუშაობ ძალიან მხიარულ, შემოქმედებით გუნდთან ერთად და რაც მთავარია, ჩვენი საქმე არის მრავალფეროვანი და არასდროს ხდება მოსაწყენი.

რას ნიშნავს თქვენთვის Zero-waste ცხოვრების წესი და რამდენად მეგობრობენ გარემოსთან პორტუგალიაში?

აქ ეს საკითხი ყოველთვის წინა პლანზეა წამოწეული. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ამდენი შეფუთული საკვებია, თითქმის წარმოუდგენელია მაღაზიაში წახვიდე სურსათის შესაძენად და იქიდან ცელოფნის პარკებით არ დაბრუნდე. მადეირაზე, კუნძულის გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე ადამიანები ახლოს არიან ბუნებასთან, ვფიქრობ, ასევე ამის გამო, აქ უფრო მეტად აწუხებთ დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემები და კლიმატის ცვლილება. აქაურებს გამორჩეულად უყვართ ბუნება და ყვავილები და შეძლებისდაგვარად, ზრუნავენ მასზე. ბავშვები სკოლიდანვე აქტიურად არიან ჩართულები დასუფთავების აქციებში, თავიანთი ხელით აკეთებენ ნაგვისგან სხვადასხვა დეკორაციებს და აქვთ ინფორმაცია გარემოს დაბინძურებასა და ე.წ. Zero-waste ცხოვრების წესზე.

ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი ორგანიზაცია ESC პროექტის ფარგლებში ევროპის არაერთი ქვეყნიდან იღებს მოხალისეებს. რა არის ამ აქტივობის მიზანი?

კი, როგორც ზემოთ ვახსენე, გვაქვს ბევრი საერთაშორისო პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე, მადეირიდან — გავგზავნოთ სხვა ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს ახალი კულტურა, განვითარდეს და გამოიმუშაოს საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მას შემდგომ კარიერულ წინსვლაში.

როგორია თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმები?

დღესდღეობით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო გვიწევს სახლში დარჩენა და სახლიდან მუშაობა, გადაგვედო ძალიან ბევრი პროექტი. მაგალითად, ახლა ნორვეგიაში უნდა ვიყო ჩემს კოლეგასთან ერთად ტრენინგზე, თუმცა, რა თქმა უნდა, კორონა ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასევე გადაგვედო ადგილობრივი პროექტები, ჩვენი საზაფხულო ქუჩის ინსტალაციები ამ წელს აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მომავლის იმედით მუშაობას. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, ველოდებით ახალგაზრდებს სლოვენიიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან.

ხომ არ გეგმავთ მსგავსი იდეის განხორციელებას საქართველოში?

ალბათ, გულისხმობ ქუჩის ინსტალაციებს. გვქონდა რამდენიმე შემოთავაზება, რომ საქართველოშიც წავსულიყავით და გაგვეკეთებინა ქუჩის ინსტალაციები და მოზაიკები. თუმცა ეს გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ბევრ შრომას საჭიროებს. გვთხოვეს ერთკვირიანი პროგრამით გვესწავლებინა ალუმინის ქილებით მოზაიკის შექმნის ტექნიკა, მაგრამ ამის შესწავლას ერთი კვირა ნამდვილად არ ეყოფა, მინიმუმ ერთი თვე მაინც არის საჭირო, იქამდე კი ქილების შეგროვება, მათი დასუფთავება და დაჭრა, რაც ხანგრძლივი პროცესია.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ იდეას სიამოვნებით განვახორციელებთ მომავალში, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პირობები გვექნება.

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ისტორიისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი მეტაფორას ღონისძიებების შესახებ, ეწვიეთ მათ სოციალური მედიის გვერდებს: https://www.facebook.com/TeatroMetaphora/

https://www.instagram.com/teatrometaphora/

--

--