ხარისხიანი განათლება საქართველოში კოვიდ-19-ის პირობებში

მსოფლიო ახალ კორონავირუსთან ომს განაგრძობს. სახელმწიფოები ჩართულნი არიან ბრძოლაში, რომელთან გამკლავების შესახებაც ინსტრუქციები დღემდე არ არსებულა.

რა თქმა უნდა, ვირუსები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ფაქტმა, რომ ნაციები არასოდეს ყოფილან ამდენად ჩართულნი გლობალიზაციის პროცესში და მოგზაურობა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი, მსოფლიო ლიდერებს პრობლემის გადაჭრის გზები ბევრად გაურთულა. ბრძოლა ყველა ფრონტზე მიმდინარეობს, მათ შორისააა განათლების სექტორიც.

ჩვენს რეალობაში, როცა საყოველთაო ინტერნეტიზაცია სოციალური თანასწორობისა და ინკლუზიურობისთვის პრინციპულ მნიშვნელობას იძენს, ყველას გვჭირდება უნარები, ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და გადავრჩეთ ციფრულ სამყაროში. კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა მიმდინარე პროცესს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად შეუწყო ხელი.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ყოველწამიერად იცვლება, მუდმივად გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს (რომლებიც დღითიდღე იხვეწებიან). ამ შესაძლებლობათა შორის ერთ-ერთია ონლაინ კურსები. ეს არის ახალი ჰორიზონტი - წვდომა განათლების უდიდეს მასშტაბებზე, რომელიც ჩვენთვის ადგილმდებარეობის მიუხედავადაა ხელმისაწვდომი.

სამწუხაროდ, კვლევები ცხადყოფს, რომ ინტერნეტი საქართველოში გასართობად და საკომუნიკაციოდ უფრო გამოიყენება, ვიდრე ახალი ინფორმაციის მისაღებად თუ სამუშაო და სასწავლო მიზნებისთვის. ვიმედოვნებ, პანდემიით გამოწვეული სიტუაცია სამომავლოდ კვლევის შედეგებს სასიკეთოდ შეცვლის.

იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგების ოჯახში ვცხოვრობ, სასწავლო პროცესში მიმდინარე ყველა ცვლილების პრაქტიკაში განხორციელების უშუალო მოწმე გავხდი.

დასაწყისისთვის ორმა მთავარმა პრობლემამ იჩინა თავი:

  1. მასწავლებლებს არ ჰქონდათ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და უახლეს პროგრამებთან მუშაობის საკმარისი გამოცდილება;
  2. მოსწავლეებისა თუ მშობლების სათითაოდ მოძიების პროცესი, მათი ადგილსამყოფელისა და ვირტუალური გაკვეთილებისათვის ტექნიკური მზაობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

თუმცა მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც დაეუფლნენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ამ ტიპის განათლებისთვისაა აუცილებელი, ვირტუალური სწავლების დადებითი მხარეებიც გამოჩნდა.

მაგალითად, მასწავლებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში პასიურობდნენ, რატომღაც, ვირტუალურმა სწავლებამ შესამჩნევად გამოაცოცხლა.

ასევე გაიზარდა მშობლების ჩართულობა, რაც აქამდე შედარებით პრობლემური გამოწვევა იყო. ცალსახაა, რომ მშობლებისათვის, რომლებიც დროს ვერ ნახულობდნენ, რათა შვილების სწავლის პროცესისთვის თვალი სათანადოდ ედევნებინათ, ეს პერიოდი უნიკალური შანსია.

ჩემთან გასაუბრებისას სკოლის მოსწავლეებმა თქვეს, რომ ძალიან კომფორტულია, როდესაც შეგიძლია იმეცადინო სადაც გინდა, როგორც გინდა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი აკეთო შენს ტემპში. სწავლისთვის გაქვს მეტი დრო და ხშირ შემთხვევაში მეტი კომფორტიც კი. მაგალითად, ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ აღნიშნა, რომ მისთვის დისტანციური სწავლება თუნდაც მხოლოდ იმიტომაა იდეალური, რომ მოუხერხებელ სკამზე საათობით ჯდომა აღარ უწევს და ეს მცირე დეტალიც კი მის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

სტუდენტების შემთხვევაში დადებითი მხარეების რიცხვი იზრდება. სკოლის მოსწავლეების მშობლები ძირითადად სახლთან ახლოს მდებარე სკოლებს ირჩევენ შვილებისთვის, მაგრამ სტუდენტებს ხშირად უნივერსიტეტამდე მისასვლელად იმდენად დიდი გზის გავლა უწევთ, რომ დღის განმავლობაში ორიდან სამ საათამდეც კი შეიძლება დაკარგონ გადაადგილებაში. ასევე, ბევრი მათგანი სოფლიდან/ქალაქიდან შორს იღებს განათლებას და ყოველწლიურ სწავლის გადასახადს ქირისა და ხარჯებიც ემატება.

დისტანციურმა სწავლებამ თავისთავად შეამცირა როგორც გზის, ისე კვების ხარჯები.

დადებითი მხარეების პარალელურად არსებობს გადაულახავი პრობლემებიც

ჩემს ოჯახში ყოველდღიურად ოთხი კომპიუტერი გვჭირდება, რადგან მე და დედა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ, ჩემი და-ძმა კი სტუდენტები არიან.

გაგვიმართლა და გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ისე მივხედოთ ჩვენს საქმეს, რომ ამით არავის შეეშალოს ხელი. თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კომპიუტერი გაფუჭდა და ოჯახში დიდი აურზაური შეიქმნა. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რა ხდება სახლებში, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერი ან მხოლოდ მობილურები აქვთ?

ან რა ხდება ერთოთახიან ბინაში, როცა მოსწავლეს/მასწავლებელს გავკეთილი აქვს და სიმშვიდე, განცალკევება სჭირდება, რასაც შეუძლებელს ხდიან მათი და-ძმა თუ შვილები?

როგორ იქცევიან ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი პირობები, რათა გაკვეთილის მიმდინარეობისას განმარტოვდნენ და ყურადღება სწავლაზე გაამახვილონ? გამოჰკითხეთ თქვენს ნაცნობ მასწავლებლებს თუ მოსწავლეებს დისტანციურად სწავლის პროცესის შესახებ - უამრავ უხერხულ მომენტზე მოგიყვებიან, რომელმაც მათ დისკომფორტი შეუქმნა ან შეარცხვინა კიდეც სხვა, კამერების მიღმა მყოფი ადამიანების წინაშე.

როგორც წესი, ოჯახებში, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არიან დასახლებულნი, კომპიუტერულ მოწყობილობებს ხშირად ვერ იპოვით. ეს ხალხი დიდ სუპერმარკეტებში არ დადის პროდუქტის შესაძენად. რძის ნაწარმი, კვერცხი, კარტოფილი, ლობიო თუ მწვანილი, რომელსაც მიირთმევენ, მათივე შრომის ნაყოფია.

თუ ქალაქში დღესდღეობით ვერანაირ საქმეს ვეღარ მოაგვარებ კომპიუტერის თუ მობილურის გარეშე, სოფლად ეს დიდ გამოწვევას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მათი რეალობა, დღის წესრიგი თუ პრიორიტეტები სხვაა.

სვანეთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს გავესაუბრე, რათა გამერკვია პრობლემები, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონებში გადააწყდნენ სწავლების ახალი მეთოდის დანერგვის პროცესში. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უნარების არქონა;

ინტერნეტის დაბალი სიხშირე;

კომპიუტერული მოწყობილობის უქონლობა;

მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც ოთხი მოსწავლეა, თუმცა ისინი მხოლოდ ერთი ტელეფონით სარგებლობენ.

სკოლის დირექტორის თქმით, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უნარების არქონა უკვე დაძლეულ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ინტერნეტის დაბალი სიხშირე, ან სულაც მისი არქონა ჯერჯერობით გადაუჭრელ ამოცანად რჩება.

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროცესი, რომელსაც მთელი საქრთველო უნდა დაეფარა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით, თუმცა ასე არ მომხდარა.

2019 წლის ოქტომბერში ხელმეორედ გამოცხადდა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ფუნქციონირებს ორგანიზაცია ,,ოუფენ ნეტი”, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად, მათ ვებსაიტზე ბოლო სიახლე 2016 წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული.

მაღალმთიან რეგიონებსა თუ გაჭირვებულ ოჯახებში პრობლემების გადაჭრის გზას, გარკვეულწილად, პროექტი „ტელესკოლა“ წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, 30 მარტიდან მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ტელეგაკვეთილებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს.

გაკვეთილები გათვლილია საქართველოში მცხოვრებ არაქართულენოვან მოსახლეობაზეც (სომხები, აზერბაიჯანელები) და ისინი უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით (ჟესტური ენა).

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ვირტუალური პროგრამები თუ სერტიფიცირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება და, ამას გარდა, არსებულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დანერგილმა ვირტუალურმა სწავლებამაც გარკვეულწილად გაამართლა, იგი მაინც ვერასოდეს ჩაანაცვლებს სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

ეს დაწესებულებები არ ამზადებენ მოქალაქეებს მხოლოდ აკადემიურად, არამედ ადამიანების ორგანიზებული თავშეყრის სივრცეებია, სადაც ისინი სოციალურ ურთიერთობებში ერკვევიან.

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

--

--