MOSTAT — Wi-Fi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემისთვის

შპს “ელიენ გრინ” დაარსდა 2016 წელს და იგი წარმოადგენს სტარტაპს, რომლის მიზანია გახდეს დინამიკურად განვითარებადი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია.

რეალურად კი ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო: იმისათვის, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბებისთვის დასამონტაჟებელი Wi-Fi თერმოსტატი შექმნილიყო, მუშაობა 2015 წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო თავდაპირველი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ მისი საქართველოში წარმოება გადაწყდა, რასაც მოგვიანებით ახალი სატესტო პერიოდი მოჰყვა.

რამდენიმე თვიანი დაკვირვების, მომხმარებლის რჩევებისა და შენიშვნების გათვალისწინების შედეგად ცენტრალური გათბობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწილი მართვის და კონტროლის ეკო სისტემა ჩამოყალიბდა.

უკვე 2017 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარს შესთავაზა კავკასიის რეგიონში პირველი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, ჭკვიანი Wi-Fi თერმოსტატი, სახელად ,,მოსტატი’’, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გათბობის ქვაბი დისტანციურად აკონტროლოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, დაგეგმოს მისი მუშაობა და, საბოლოო ჯამში, მიიღოს კომუნალური გადასახადის ეკონომია.

ნებისმიერი კომპანიისა თუ ოჯახისათვის მომხიბვლელად ჟღერს გაზის გადასახადის 16%-დან 39%-მდე შემცირების შესაძლებლობა.

ნაწარმი ორი კომპონენტისაგან შედგება, მართვის ბლოკი, რომელიც გამათბობელ ქვაბში უნდა ჩამონტაჟდეს და სენსორი, რომელიც პატარა, მრგვალი მოწყობილობაა და ოთახში, კედელზე მაგრდება, რათა ტემპერატურა მართვის ბლოკს გადასცეს.

მოწყობილობა საქართველოში არსებულ ყველა გათბობის სისტემასთანაა ადაპტირებული. ცენტრალური გათბობის სისტემის დასარეგულირებელად მომხმარებელს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლია დაამყაროს კავშირი სასურველი გაჯეტის საშუალებით თავის სახლსა თუ კომერციულ ფართში დამონტაჟებულ ,,მოსტატის’’ მოწყობილობასთან.

ჩამოგითვლით სიკეთეებს, რომელთა შემოტანაც ,,მოსტატს’’ შეუძლია თქვენს ცხოვრებაში:

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ინტერნეტის მუშაობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, თუ ინტერნეტი გაითიშება, თერმოსტატი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს თქვენ მიერ გაწერილი განრიგით მუშაობას.

,,მოსტატის’’ ალგორითმი შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ მოწყობილობის დისტანციურად მართვას, არამედ მისთვის საათობრივი თუ დღეებზე გაწერილი გრაფიკის შედგენას.

ყოველთვიურად მიიღებთ ინფორმაციას თქვენ მიერ მოხმარებული ენერგიის შესახებ და გექნებათ გასულ თვეებში მოხმარებული ენერგიისა და დანაზოგის შედარების შესაძლებლობა.

გაიგებთ, როგორ მოქმედებს ქარი თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო ფართზე.

მოწყობილობა გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა დამატებით თბოიზოლაციის მონტაჟი და რამხელა თბოდანაკარგია თქვენს სახლში.

,,მოსტატი’’ გატყობინებთ, რა დროში ეცემა ან იწევს მაღლა ტემპერატურა ფართში, სადაც მოწყობილობა დაამონტაჟეთ.

თერმოსტატი გააკონტროლებს არა მხოლოდ გათბობის ბატარეებს, არამედ მთლიან სისტემას, რომელიც გაყვანილია თქვენს ბინაში (თბილი იატაკის ჩათვლით).

ინტერვიუ ,,ელიენ გრინთან’’:

საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ მანამ, სანამ, საბოლოოდ, 2017 წელს ქართულ ბაზარს თქვენს პირველ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს შესთავაზებდით.

რა სირთულეები გადალახა მოსტატმა, პროდუქტმა უკვე საბოლოო სრულყოფილებას მიაღწია, თუ კვლავაც იგეგმება ცვლილებები მის გასაუმჯობესებლად?

იდეის განხორციელებისა და პროდუქტის შექმნის საქმეში გამოცდილება გვაკლდა, შესაბამისად, ყველა ასპექტი, რომელიც გვეგონა, რომ დაბრკოლებას შექმნიდა, გამართლდა. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს საწარმო, რომელშიც ტექნოლოგიური პროდუქტი მზადდება.

დიდი შრომის გაწევა, დრო, მოთმინება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შესაბამისი პირებისათვის ჩვენი პროდუქტის მნიშვნელობა და რაობა აგვეხსნა. მათ უბრალოდ არ გააჩნდათ საკმარისი ინფორმაცია ასეთი ტიპის ნაწარმის არსებობის შესახებ.

ასევე, სირთულეები წარმოიქმნა სხვადასხვა ქსელებთან ურთიერთობის პროცესში, რადგან მათ არ ჰქონდათ ჩვენი სტარტაპის ნდობა და ქართული ტექნოლოგიური პროდუქტის თავიანთ დახლებზე განთავსებას ერიდებოდნენ. თუმცა, ასე თუ ისე, ეს სირთულეები უკან დარჩა.

პირველ ეტაპზე ,,მოსტატს’’ მხოლოდ ჩვენი ვებ გვერდიდან ვყიდდით. კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად კი პროდუქტი, ბუნებრივია, უფრო ცნობადი გახდა. მყიდველისგან დაინტერესების წამოსვლამ სხვადასხვა ქსელებთან ურთირთობების დალაგებაში ძალიან შეგვიწყო ხელი.

ცვლილებებს რაც შეეხება, როდესაც აპლიკაციაზე ვსაუბრობთ, აქ უკვე საბოლოო იერსახე, მგონი, არც არსებობს, ვინაიდან სიახლეები არასოდეს ამოიწურება.

მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ნაწარმი მომხმარებლის მოთხოვნებიდან თუ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ. მათთან მუდმივი კონტაქტი, სწორი კომუნიკაცია და უკუკავშირი მართლაც ბევრს ნიშნავს და ძალიან გვეხმარება.

ჩვენი ცხოვრების დონის ამაღლების პარალელურად რა მიზნებს ემსახურება ჭკვიანი Wi-Fi თერმოსტატი?

გარდა იმისა, რომ ,,მოსტატი’’ გასული თვეების მაჩვენებლების შედარების საშუალებას იძლევა, აპლიკაციას შეუძლია მართოს როგორც შიდა ტემპერატურა, ისე ტენიანობაც.

გვყავს მომხმარებლები, რომლებმაც ,,მოსტატის’’ პროდუქტის შეძენის შემდეგ დამატებითი დათბუნება დაამონტაჟეს, ვინაიდან ჩვენი მოწყობილობის საშუალებით თვალსაჩინო გახდა, რომ მათ სახლებში, ასე ვთქვათ, სითბო იკარგებოდა.

ყველაზე კომფორტული კი მომხმარებლებისთვის მაინც განრიგის შედგენის შესაძლებლობაა, რადგან აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ყოველი სიახლე, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს, შვებას გვგვრის.

ჭკვიანი Wi-Fi თერმოსტატის საშუალებით ჩვენ ვგეგმავთ თუ როდის გვინდა, რომ ქვაბი ჩაირთოს და რომელ საათზე რა ტემპერატურა უნდა ფიქსირდებოდეს საცხოვრებელ ან საოფისე ფართში.

პროცესების მარტივად მართვა და დეტალების კონტროლი მომხმარებლისთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი ამ ყველაფერს თვის ბოლოს აფასებენ, როდესაც გადასახადს იხდიან და შემცირებული ხარჯი თვალში საცემია.

მიზნებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ გვინდა ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების საქმეში წვლილი შევიტანოთ, ჩვენი უდიდეს სურვილია, რაც შეიძლება მეტი მწვანე, ეკო-მეგობრული პროდუქტი შეიქმნას, რომელიც, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს კომფორტს შეუქმნის და ხარჯებს შეუმცირებს, იმ გარემოზეც დადებითად აისახება, რომელშიც ვცხოვრობთ.

არამიზანმიმართულად დახარჯული ბუნებრივი აირი მხოლოდ თვის ბოლოს მოსულ მაღალ გადასახადთან არ უნდა ასოცირდებოდეს. როცა გათბობის ქვაბი იმაზე დიდხანს არის ჩართული, ვიდრე ეს ჩვენ გვჭირდება, დედამიწის რესურსებს არასწორად ვხარჯავთ და ჰაერს ვაბინძურებთ.

ჩვენი კომპანიის მიზანი, უპირველესად, ხარისხიანი პროდუქტის ქართველი მომხმარებლისთვის მიწოდებაა, შემდგომში კი უფრო ფართო ასპარეზზეც ვგეგმავთ გასვლას.

პროდუქტის რეალიზაციას უცხოეთიდან ახდენთ თუ საწარმო საქართველოში გაქვთ?

პროდუქტის კომპონენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის, ხოლო კომპლექტაცია ჩვენთან ხდება. რაც შეეხება პროგრამულ მხარეს, ის სრულიად არის შექმნილი საქართველოში.

რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში?

ჩვენს კომპანიაში 10-მდე ადამიანი არის დასაქმებული, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია, რადგან რეალიზაციას როგორც ვირტუალური გაყიდვის საშუალებით, ასევე გათბობის მაღაზიების ქსელებთან თანამშრომლობით ვახდენთ.

თქვენი მიზანია გახდეს დინამიკურად განვითარებადი, ინოვაციური კომპანია და პროდუქტი საერთაშორისო ასპარეზზეც აწარმოოს. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების გადალახვა მოგიწევთ?

გარკვეული დრო დავუთმეთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის შესწავლას. ჩვენს რეგიონში აპლიკაციას რუსული ენა ემატება, რაც რუსულ ენოვანი სეგმენტის ათვისებაში დაგვეხმარება. მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ (კოვიდ-19) დროებით შეაჩერა ,,მოსტატის’’ საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შესაძლებლობა, მაგრამ, ამის პარალელურად, მოგვცა დრო, გვემუშავა შემდეგ პროდუქტზე.

რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით სამომავლოდ. რეალურად, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მსოფლიოში სიტუაცია პანდემიის ფონზე/შემდეგ.

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--