Plasticwatcher.ge — პოლიეთილენის ,,მაყურებელი”

მას შემდეგ, რაც ადამიანმა პლასტიკი გამოიგონა, ამ ნაწარმით დედამიწის დაბინძურების პროცესი აღარასოდეს შენელებულა, პირიქით, დღესდღეობით მისი წარმოება აბსოლუტურად უკონტროლოა.

ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ყურადღების მიღმა რჩება, რომ იგი ჩვენს მიწას, მდინარეებს, ოკეანეებს აბინძურებს და როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა.

,,პლასტიკვოჩერი’’, ანუ პოლიეთილენის ,,მაყურებელი”, ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელია, რომელიც გულისხმობს არსებული რესურსების, კონკრეტულად კი ნარჩენების ხელახლა გამოყენებას.

მისი დამაარსებლები პოლიეთილენის, ბანერების, ეტიკეტებისა და სხვა ნარჩენების შეგროვებისა და დახარისხების შემდეგ მათი თერმული დამუშავების შედეგად მდგრადი მოდის ნივთების შექმნას უზრუნველყოფენ და ამ ხერხით ცდილობენ შეამცირონ გარემოში არსებული ნარჩენის რაოდენობა.

თავდაპირველად იდეის ავტორებმა პროდუქტი, მისი გამძლეობა და ხარისხი საკუთარ თავზე გამოსცადეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ ნაწარმი ჩანაფიქრს ამართლებდა, გადაწყდა, რომ ყველაფერს სერიოზული სახე უნდა მისცემოდა — ასე შეიქმნა საწარმო ,,პლასტიკვოჩერი’’, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

მათი საშუალებით შესაძლებლობა მოგვეცა მდგრადი მოდის პროდუქციის მოხმარებით ხელი შევუწყოთ ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დანერგვას და აღნიშნული ფილოსოფიის პოპულარიზაციას, ანუ ჩავერთოთ პროცესში, რომლის დროსაც ჩვენი მოხმარების საგნები ისევ ნარჩენად კი არ უნდა იქცეს, არამედ დროსთან ერთად უნდა გაილიოს.

ინტერვიუ ‘’Plasticwatcher.ge’’-ის დაბმფუძნებელ ეკა ასათიანთან:

ვიცი, რომ თქვენი წამოწყების მასტიმულირებელი მოქალაქეების მიერ გარემოს დაბინძურების გამო გაჩენილი უდიდესი პროტესტის გრძნობა გახდა. რაღაც მომენტში მიხვდით, რომ ამ ნეგატივის პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნის ერთადერთი საშუალება იყო რაიმე თავად მოგემოქმედებინათ სიტუაციის გამოსასწორებლად. გქონდათ იდეა, რომელიც აქციეთ პროდუქტად.

როგორი იყო ეს გზა? რა გამოწვევებს წააწყდით ქართულ ბაზარზე გამოჩენის დღიდან?

გამოწვევებს თავად ჩვენი მიზანი წარმოშობს, რადგან ადამიანებთან საკომუნიკაციო საშუალებად მდგარდი მოდის ნივთების წარმოება ავირჩიეთ. ამ გზით გვინდა საზოგადოებას ხმა მივაწვდინოთ იმის შესახებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა მოხმარებული პლასტიკის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა.

რაც შეეხება უშუალოდ ბაზარზე გამოჩენის პროცესს და იქ წარმოქმნილ პრობლემებს, ვერ გეტყვით, რომ რაიმე კონკრეტული შემთხვევა მახსენდება. ალბათ იმიტომ, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე დაყრდნობით ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა ინოვაციური მიდგომაა არამხოლოდ საქარველოში, არამედ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოშიც კი. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან უფრო და უფრო იზრდება ინტერესი, მათ მოსწონთ იდეა და მისი ხორცშესხმის გზები.

,,პლასტიკვოჩერის’’ მიერ წარმოებული საწვიმარი და ჩანთა.

რას გულისხმობს ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია?

ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია არის ახალი მიდგომით ბიზნესის წარმოება და იგი გულისხმობს პროცესს: აიღე, გამოიყენე, არ გადააგდო, დააბრუნე.

აქამდე, ანუ ბიზნესის ასე ვთქვათ სწორხაზოვანი მეთოდით კეთების პერიოდში, პრინცპი ასე გამოიყურებოდა: გააკეთე და შემდეგ გადააგდე.

ცირკულარული ეკონომიკის პრინციპის მიყოლის პროცესში კი ბოლო პუნქტი, ანუ გადააგდე არ არსებობს, რადგან მისი მთავარი კონცეფციის მიხედვით, ჩვენ ნაწარმს ვიყენებთ და შემდეგ უკანვე ვაბრუნებთ (ნაგავში გადაძახების ნაცვლად).

საქართველოში რომ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშრებით ცნობიერება ამაღლებული სულაც არ არის, ამას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებდან უამრავი ფაქტი მოწმობს. რა თქმა უნდა, არსებობს საამაყო გამონათებები — ორგანიზაციები, კომპანიები თუ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ხმას იმაღლებენ, იბრძვიან, შრომობენ, თუმცა საერთო სურათი კვლავაც არ გვაძლევს მშვიდად ამოსუნთქვის საშუალებას. რა გესახებათ მდგომარეობის გამოსწორების, ფართო მასებისთვის ხმის მიწვდენის ყველაზე ეფექტურ გზად?

ფართო მასებისთვის ხმის მიწვდენის ყველაზე ეფექტური გზა, რა თქმა უნდა, გაუჩერებლად და დაუზარლად საუბარია, რომლის პროცესშიც ყველანაირი პლათფორმა, ყველანაირი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული.

საზოგადოებამდე ყველა ხერხის გამოყენებით უნდა მივიდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მათ ელემენტარულ, ყოველდღიურ ქცევას გარემოზე; თუ როგორაა ყველა დეტალი ჯაჭვურ რეაქციაში ჩაბმული და რომ ამ პროცესში ცალკეული რგოლები არ არსებობს.

მაგალითად, ჩვენ მიერ ერთი პლასტმასის ბოთლის გადაგდება მდინარეში ნიშნავს, რომ მცირე დროის შემდეგ წყალი უვარგისი გახდება, თუ ბოთლი ნიადაგში მოხვდა, ნიადაგი ხდება გადაგვარებული და ა.შ.

მოდურ, მუდმივად აქტუალურ ტენდენციად უნდა ვაქციოთ გარემოს დაბინძურებასა და მის შედეგებზე საუბარი, რათა, საბოლოო ჯამში, ადამიანებს ახალი ტენდენციების შესაბამისი სტანდარტებით ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ.

მთელი ჩემი შემოქმედებისა და ცხოვრების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ გაითავისოს, თუ რახელა ზიანის მომტანია გარემოსათვის მათი ნებისმიერი, თუნდაც სულ მცირე, დაუფიქრებელი ქცევა/ჩვევა. ცნობიერების ამაღლების პროცესში საკუთარი ყოველდღიურობის გადახედვის შედეგად უნდა ვეცადოთ და გავაცნობიეროთ ის კონკრეტული ჩვევები, რომელთა დაძლევაზეც უნდა ვორიენტირდეთ, თუ გვინდა, რომ გარემოზე მზრუნველ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ.

რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს საწარმოში და თუ იგეგმაბა გაფართოება/წარმოების გაზრდა?

,,პლასტიკვოჩერში’’ მუდმივად დასაქმებულია სამი ადამიანი, მეოთხე მე ვარ. თუმცა ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რამხელა შეკვეთების შესრულება მოგვიწევს სამომავლოდ.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებით წარვმართოთ — ახალი გზებითაც მოხდეს არსებული ნარჩენების გადამუშავება და, შესაბამისად, მდგრადი გამოყენების ნივთების შექმნის ხელშეწყობა.

უცხოეთში თუ იყიდება თქვენი პროდუქცია და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები საქართველოს ფარგლებს გარეთ?

,,პლასტიკვოჩერის’’ პროდუქცია ამ ეტაპზე უცხოეთში არ იყიდება, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან სწორედ ახლა იქმნება ფანტასტიკური პლათფორმა, რომელიც საერთაშორისო გაყიდვების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

გარდა იმისა, რომ მრავალჯერადი მოხმარების მდგრად ნივთებს მოიხმართ, როგორია თქვენი სტრატეგია — მაქსიმალურად შეამციროთ საკუთარი საყოფაცხოვრებო კვალი გარემოზე?

მე ტანსაცმელს იშვიათად ვყიდულობ, ასე ვთქვათ, სწრაფი მოდის მსხვერპლი არ ვარ. წლების განმავლობაში შემიძლია ვიხმარო მაღალი ხარისხის ვინტაჟური ტანისამოსი, რომელიც ძალიან მომწონს.

ასევე, არასოდეს ვყიდულობ პარკს, არასოდეს ვყოდულობ წყალს პლასტმასის ბოთლით, არ ვსვამ კოქტეილს/წვენს ე.წ საწრუპავით, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მივირთვა ერთჯერადი ჩანგალით, თეფშით თუ ჭიქით, რომლებიც უხრწნად მატერიას წარმოადგენენ.

მაქსიმალურად ვარიდებ თავს პლასტიკში შეფუთული სურსათის ყიდვას და თუ მაინც მიწევს მათი შეძენა, აუცილებლად ვახარისხებ სახლშივე და შემდეგ მიმაქვს სეპარაციის ურნებში გადასანაწილებლად (ძირითადად ვაკის პარკში მივდივარ, იქ ფრანგული სკოლის წინ არის განთავსებული სეპარაციის ურნები).

ამასთანავე, ბოსტნეულის და ხილის ნარჩენები თუ მიგროვდება, მივდივარ სადმე, სადაც შემიძლია მიწაში ორმოს გათხრა და მათი იქ განთავსება, რადგან მგონია, რომ მიწას ასეთი ნარჩენები ანოყიერებს.

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნარჩენების მართვის პროცესში ჩაბმას აზრი არა აქვს, რადგან მათი წვლილი მაინც იმდენად მცირე იქნება, რომ გლობალურ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს?

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების შედეგად მისმა თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს, რომ ინდივიდების ძალისხმევას ძალიან დიდი შედეგის მოტანა შეუძლია.

მთავარია, როგორც ვინსტონ ჩერჩილი იტყოდა, ენთუზიაზმი არ დავკარგოთ, რადგან, ჩემი აზრით, წარმატების გასაღები სწორედ ეს არის — საქმის კეთების პროცესში ენთუზიაზმი არ უნდა ჩაცხრეს.

ჩემი საქმიანობის დანიშნულებაც არის ის, რომ ქართველი ხალხი იქცეს საზოგადოებად, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებულ ქმედებებს და პასუხისმგებლობით აწარმოებს საოჯახო საქმიანობას — ანუ პასუხისმგებლობას იღებს ნარჩენებზე, რომლებსაც ის გენერირებს;

პასუხისმგებლობას იღებს სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვისას (ნაკლებ პლასტმასის ბოთლს ან პოლიეთილენის ნარჩენს მოიხმარს, ცდილობს სეპარირებული ურნების მიხედვით ნარჩენები დაახარისხოს და სხვა).

უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი ინდივიდუალური მაგალითით ვიღაცისთვის მისაბაძები შეიძლება გავხდეთ. საქმე ხომ ჩვენს საარსებო გარემოს ეხება, სადაც ვცხოვრობთ და შვილებს ვზრდით. მომავალ თაობებს სჭირდებათ ის წყალი, რომლის ონკანიდან დალევის ფუფუნებაც ახლა გვაქვს და შეიძლება აღარ გვქონდეს და ისეთი ნიადაგი, როგორი ნოყიერიც ახლა გაგვაჩნია.

მჯერა, რომ ყველა თანაბრად ვართ ვალდებული კაცობრიობის მომავლის წინაშე და ყველა ჩვენგანის მიერ განხორციელებული სასიკეთო ქმედება საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს.

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--