კოვიდ-19, როგორც ცვლილებების უპირობო საწყისი

გარკვეული საზოგადოებები თავიანთი ისტორიის კონკრეტულ პერიოდში სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გამო ტრავმირებულები რჩებიან.

როგორც წესი, ამ დროს უამრავი მექანიზმი (სახელმწიფო იქნება ეს თუ ხელოვნების ნებისმიერი სფერო) ერთვება პროცესში და ფოკუსირდება იმაზე, რომ თავისი კოლექტიური ტრავმა საყოველთაოდ გაზიარებული გახადოს, რათა სხვებმაც შეძლონ მისი ტკივილის გულთან ახლოს მიტანა. თუმცა ამჯერად ამ შრომის გაწევა საჭირო არ იქნება, რადგან ყველაფერი სხვანაირად მოხდა - ტკივილი და ტრავმა ისედაც საყოველთაოდ გაზიარებულია, ლოკალური საზღვრები არ გააჩნია.

რამდენიმე თვეა, კოვიდ -19 მსოფლიოს ყველა კუთხეს მოედო და უკვე აშკარაა, რომ სამყარო პანდემიამდე და სამყარო პანდემიის შემდეგ ერთმანეთის მსგავსი აღარ იქნება. ჩინეთთან სხვა სახელმწიფოთა ურთიერთობების გადაფასება, პოლიტიკური ამინდის ცვლილება თუ დისტანციური კავშირის მეთოდების დახვეწა გარდაუვალი ცვლილებებია.

ახალმა კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვირტუალურ სამყაროს შეუძლია ჩვენი ცხოვრების ბევრი რეალური ქმედება თავის დაქვემდებარებაში მოიქციოს. თვეების შემდეგ, როცა პანდემია გადაივლის, ადამიანთა კავშირი ტექნოლოგიებთან ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალმხრივი იქნება, ვიდრე ოდესმე.

ამ ეტაპზე ძალიან უცნაური რეალობის წინაშე ვდგავართ: საზოგადოებაში ყოფნა, ხალხთან სიახლოვე, დახურულ სივრცეებში შეკრება იმდენად რისკის შემცველია, რომ კანონით იკრძალება. მაგალითად, დღეს ფანჯრიდან შევნიშნე სადარბაზოდან გამოსული ბავშვი, რომელმაც სცადა შეუმჩნევლად შეეცვალა ნაბიჯების კურსი, როცა დაინახა, რომ მისი მიმართულებით ქალი მოსეირნობდა.

რა თქმა უნდა, ის თვისებები, რომლებიც ახლა გვიყალიბდება, წმინდა წყლის შეჩვევაა - ჩვენ ჩვევაში გადაგვეზარდა ისეთ მცირე დეტალებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა: დისტანციის დაცვა ნაცნობების ნახვისას თუ უცხო ადამიანის სიახლოვეს, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.

არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ის, რაც ახლა ხდება, ყველასათვის კომფორტის ზონად, ნორმად გადაიქცევა, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძველებურ ყოფას აღარასოდეს დაუბრუნდება.

ერთი მხრივ, ხალხი მეტად დააფასებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ კორპორაციულ წვეულებებსა და მეგობრებთან გამართულ ყრილობებს. წარმოიდგინე, რომ ისევ თავისუფლად დასეირნობ ქუჩაში, სავაჭრო ცენტრში ან პარკში, გარშემო კი ხალხი ირევა, იცინიან და ხმამაღლა საუბრობენ — ბედნიერად არ გაგეღიმა?!

მეორე მხირვ კი, ისმის კითხვა: გახდება თუ არა შეხება ტაბუ? უხერხულობას ხომ არ გამოიწვევს მისალმების ძველებური ხერხები? ნუთუ ამიერიდან შესძლოა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვეკითხებოდეთ: ,,ხომ არ აჯობებდა, ეს საქმე პირისპირ გაგვერკვია’’,- ვიკითხოთ: ,,არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რატომაც ონლაინში არ შეგვიძლია ამ საქმის მოგვარება?’’.

თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი, ამ აურზაურის დასასრული და გარეთ მშვიდად გასვლა ნებისმიერ შემთხვევაში გაგაბედნიერებს!

მსოფლიო განვითარებასთან ერთად ცხოვრების უსწრაფეს ტემპზე გადადის; მეტი და მეტი ქალი ირჩევს დიასახლისობის პარალელურად ჰქონდეს კარიერა; თანამედროვე გამოწვევებისათვის ფეხის ასაწყობად უამრავი ახალი პროფესია ჩნდება. ამ ყველაფრის პარალელურად კი სტუმრად ყოფნისას უფრო და უფრო იშვიათად გვესმის ,,მიირთვით, სახლშია გამომცხვარი’’. და თუ ვინმემ მართლაც სახლში გამომცხვარი ნამცხვარი შემოგვთავაზა, აღფრთოვანებას აუცილებლად გამოვხატავთ.

სუპერმოდელი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანოვა ოჯახთან ერთად.

ინსტაგრამზე მოდელები, დიზაინერები, მსახიობები, მომღერლები, ფრილანსერები მყავს გამოწერილი, ყველა ერთიანადაა ფქვილში ამოგანგლული ოჯახის წევრებთან ერთად. ეს კონკრეტული შემთხვევა რომ არა, შესაძლებელია, ზოგიერთი მათგანის ცხოვრებას ისე ჩაევლო, ცომთან შეხება არ ჰქონოდათ. იქნებ, ამ რამდენიმე თვემ უამრავ ოჯახში ახალი ტრადიციები ჩამოაყალიბოს? იქნებ, ვიღაცებს მზარეულობა შეაყვაროს?

თემაზე — ,,მსოფლიო კოვიდ-19-ის შემდეგ’’ ერთი საინტერესო სტატია წავიკითხე, სადაც ამერიკელი მოაზროვნეები ცდილობენ შესაძლო ცვლილებები იწინასწარმეტყველონ. რამდენიმე თეზისმა ჩემი ყურადღება მიიქცია.

შეუძლია თუ არა ამ რამდენიმეთვიან პერიოდს, წარმოშვას ახალი ტიპის პატრიოტიზმი ემერიკაში, რომელიც რახანია პატრიოტიზმის მნიშვნელობას შეიარაღებული ძალების არსებობასთან ათანაბრებს?

იქიდან გამომდინარე, რომ კორონა ვირუსს იარაღს ვერ დაუმიზნებ, დღესდღეობით ბრძოლის წინა ხაზზე ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, მასწავლებლები, პოლიციელები, მცირე ბიზნესის მფლობელები და მათი თანამშრომლები დგანან.

სწორედ ამიტომ, მარკ ლავრენსის აზრით, შესაძლოა, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ მადლობა გადავუხადოთ ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისათვის და ისინი ისეთივე პატივსაცემები გახდნენ ჩვენთვის, როგორც ომის ვეტერანები.

We clap because we care: New Yorkers applaud coronavirus frontline workers

ის არ გამორიცხავს, რომ მოსალოდნელია, მათი წვლილის გადააზრების შემდეგ ამ ახალი კლასის (ავტორი ასე მოიხსენიებს დღესდღეობით ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ხალხს) ადამიანებმა ჯანმრთელობის შეღავათები და კორპორატიული ფასდაკლებები მიიღონ, მემორიალური ადგილები შეიქმნას, ახალი დღესასწაულები დაწესდეს. ავტორის აზრით შესაძლოა, ეს ამბავი საწინდარი გახდეს იმისა, რომ ამერიკამ პატრიოტიზმი ჯანმრთელობვისთვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებისათვის ბრძოლას დაარქვას და არა სხვისი საზოგადოებების აფეთქებას.

მეორე მოსაზრება, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეკუთვნის ამერიკელ კინორეჟისორ ასტრა ტეილორს, რომელიც ფიქრობს, რომ კოვიდ-19-მა სისტემის გაუმართავობა გამოავლინა.

პანდემიის გამო მთავრობამ შეაჩერა გამოსახლებების პროცესები, მიუსაფარ ხალხს თავშესაფარი მისცა, ანაზღაურებადი შვებულება ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი გახდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნიუ-იორკის გუბერნატორმა სტუდენტური სესხები გაყინეს და განხილვის საგანია მათი სრულიად გაუქმება.

ამ პროცესების ფონზე ასტრა მწვავე კითხვას სვამს: ნათელია, რომ კრიზისის დროს ზოგიერთი წესი მნიშვნელობას კარგავს, თუმცა სწორედ ეს გვაფიქრებს, რატომ არიან ისინი წესები/კანონები, თუ მათ გარეშე მექანიზმი მაინც თავისუფლად ფუნქციონირებს?

მისი აზრით, ეს არის უპრეცენდენტო შესაძლებლობა, ვცადოთ და შევცვალოთ კანონები არა დროებით, ტკივილის შესამსუბუქებლად, არამედ სამუდამოდ.

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

Facebook

Instagram

Linkedin

--

--