7 ნაბიჯი ეკო-მეგობრული ოჯახის შექმნისკენ

ამბობენ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. მე ასე ვიტყოდი — საუკეთესო თავდაცვა ხშირად უარყოფითი ინფორმაციის მიღებისგან თავის არიდება, თვალების დაბრმავება და დაყრუებაა. ეს კარგად შემუშავებული მექანიზმია, ჩვენივე კომფორტის ზონების დასაცავად. მაგალითად, სწორედ ასე, სირაქლემას პოზაში ვარჩევთ ყოფნას, როცა საქმე გლობალურ პრობლემებს ეხება.

რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ეკოსისტემის გადარჩენაში პატარა წვლილის შეტანა მეც დამეწყო, ამიტომ ოჯახში ახალი წესები შემოვიღე (ნელ-ნელა სიაში სხვა მრავალი პუნქტის დამატების პერსპექტივით), რომლებიც მინდა გაგიზიაროთ:

პუნქტი პირველი:

ვუფრთხილდებით წყალს, განსაკუთრებით ცხელს! კბილების გახეხვისა და წვერის გაპარსვისას ონკანის მოშვება არ გვჭირდება. ასევე, მადუღარას პირთამდე ავსება, როცა მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაისთვის ვადუღებთ წყალს.

აქვე რჩევა მათთვის, ვისაც ახლა გაქვთ რემონტი: თუ დაამონტაჟებთ ონკანს, რომელშიც წყალი შედარებით დაბალი ნაკადით მოდის, თვიურ ხარჯებს შეამცირებთ და, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ათასობით ლიტრ წყალსაც დაზოგავთ.

UN Sustainable Development Goals | Clean Water and Sanitation (6)

შეგახსენებთ ორიოდ ფაქტს, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ წყლის მნიშვნელობა:

  • წყალი ყოველი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის საწყისია, რის დასადასტურებლადაც შეგვიძლია მოვიშველიოთ ფაქტი, რომ 3 მილიარდი წლის წინ ოკეანის ბინადარი ერთუჯრედიანი მიკრობები დედამიწაზე არსებული ერთადერთი ცოცხალი არსებები იყვნენ.
  • ადამიანს შეუძლია სამ კვირაზე მეტი გაძლოს საკვების გარეშე, თუმცა ყველაზე მაქსიმუმი დღეებისა, რომლებიც შეგვიძლია წყლის გარეშე გადავიტანოთ, არის ერთი კვირა (საუკეთესო შემთხვევაში), უფრო რეალისტურად რომ შევხედოთ კი — სამიდან ოთხ დღემდე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დედამიწაზე ყოველი სამი ადამიანიდან ერთს სუფთა სასმელ წყალზე წვდომა არ აქვს. არსებობს ქვეყნები, რომლებშიც ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სუფთა წყლის არარსებობაა

როცა მეკითხებიან, ჯერ კარგი ამბავი გითხრა თუ ცუდიო, ყოველთვის ცუდი ამბის მოსმენას ვამჯობინებ თავდაპირველად, რათა შემდეგ მას კარგი ამბავი ცვილის მალამოსავით დაეფინოს (შეძლებისდაგვარად). ჰოდა, ჩვენი ქვეყნის მაგალითს თუ ავიღებთ, ცუდი ამბავი ის არის, რომ სახელმწიფომ სისტემა ვერ გამართა და საქართველოში უამრავი სოფელი თუ დასახლება წყლის პრობლემებთან ბრძოლაში ყოველდღიურად მარცხდება; კარგი ამბავი — სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი მიწა წყლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, რაც, სხვა თუ არაფერი, იმედის მომცემად მაინც ჟღერს.

პუნქტი მეორე:

ტექნიკას არასოდეს ვტოვებთ ჩართულს საჭიროების გარეშე (ტელევიზორი, კომპიუტერები).

პუნქტი მესამე:

თუ არაფერი იტენება, სატენი დენცქვიტაში არ უნდა იყოს შეერთებული!

პუნქტი მეოთხე:

ზედმეტად არ ვაუთოებთ რაღაცებს (დედა, გაუტკიცინებელ ზეწრებშიც ტკბილად დავიძინებთ, არ იდარდო).

2019 წელს ფილიპინელმა ფილანტროპმა მარკ გერსავამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ამიერიდან უარს ამბობდა დაუთოებაზე, რათა ხელი შეეწყო ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებისათვის.

,,დაუთოების შედეგად თითოეული ადამიანი წელიწადში საშუალოდ 190 კილოგრამის ექვივალენტი CO2-ის გამოყოფას უწყობს ხელს. თუ 7 მილიარდი ადამიანი ტანსაცმლის დაუთოებაზე უარს იტყვის, CO2-ის გამოყოფა წელიწადში 13 მილიონი ტონით შემცირდება, რაც კლიმატური ცვლილებების შენელებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილი იქნება“ — განაცხადა მან.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სახელით ტანსაცმლის დაუთოებაზე უარის თქმა, შესაძლოა, ახალ ტრენდადაც კი იქცეს, რადგან ეს პროცესი მართლაც დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენი ოჯახური წესების ეს პუნქტი, რა თქმა უნდა, არ ეხება მხოლოდ ზეწრებს. თქვენც შეგიძლიათ ნელ-ნელა გარდერობს შემატოთ სამოსი, რომელსაც გაუთოება არ სჭირდება.

პუნქტი მეხუთე:

დედა და მამა, როცა მაღაზიაში მიდიხართ, არ დაგავიწყდეთ ნაჭრის ტომრების წაღება.

პუნქტი მეექვსე:

როცა რაიმე სახის სითხეს ვყიდულობთ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ შუშის ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქტს.

პლასტმასას გარემოში მოხვედრისა და დაშლისას თუ წვისას ნახშირბადი, მეთანი და სხვა დამაბინძურებლები გამოიყოფა. ყველამ ვიცით, თუ რა დამანგრეველი შედეგები აქვს ამ პროცესს უკვე მოტანილი კაცობრიობისთვის.

დედამიწა ნაგვის რაოდენობას ვეღარც მიწაზე და ვეღარც ოკეანეებში ვეღარ აუდის. იხოცებიან და ზიანდებიან წყლის თუ ხმელეთის ბინადარი ცხოველები, იწამლება ზღვის პროდუქტი, რომელიც, საბოლოოდ, დახლებზე ხვდება.

National Geographic | How We Can Keep Plastics Out of Our Ocean

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, 2021 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ნივთების ( საკვების კონტეინერები, ბამბის ჩხირები, დანა-ჩანგალი და სხვა) გაყიდვა.

აღნიშნული კანონის მიღებით ისინი იმედოვნებენ, რომ 2030 წლისათვის, დაახლოებით, 25 მილიარდი დოლარის ოდენობის გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აიცილებენ თავიდან.

პუნქტი მეშვიდე:

თვითმფრინავით შესრულებული ყოველი რეისი თითოეულმა ოჯახის წევრმა უნდა ,,მოინანიოს’’, მინიმუმ, ორი ხის დარგვით (განვლილ ფრენებსაც ეხება!).

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, შესრულებული ფრენების გავლენა ჩვენს ეკოსისტემაზე, თუ ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ას ორმოცდაათი ათასზე მეტი ფრენა სრულდება?

თვითმფრინავის მიერ გამონაბოლქვი აირებია აზოტის ოქსიდები, ნახშირბადის ოქსიდი, ნახშირწყალბადები, ალუმინის ოქსიდის ნაწილაკები და სხვა, რომლებიც ოზონის ფენასა და ჰაერის გლობალურ ტემპერატურაზე, ბუნებრივია, სავალალო გავლენას ახდენენ.

2019 წლის გაზაფხულზე ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, იმისათვის, რომ მოსწავლემ/სტუდენტმა სკოლა, გიმზანია ან უნივერსიტეტი დაამთავროს, 10 ძირი ხე უნდა დარგოს. მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა რაიმე ისეთივე საოცარ კანონს მიიღებდეს, როგორიც ეს უკანასკნელია, შეგვიძლია, ჩვენივე სურვილით ჩავიდინოთ პატარა ჯადოქრობები და დედამიწას სუნთქვაში დავეხმაროთ.

ბოლოს და ბოლოს, იქნებ, საკუთარი თავისთვის ერთი რიტორიკული კითხვის დასმა დაგვეხმაროს: ჩვენ ვჭირდებით დედამიწას თუ დედამიწა გვჭირდება ჩვენ?!

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--