დედამიწის ფილტვები

CSD INTERNATIONAL
CSD INTERNATIONAL
Published in
3 min readMar 31, 2020

წინა ზამთარს გადავწყვიტე, რომ დაბადების დღე აუცილებლად სამშობლოში უნდა აღმენიშნა და საქართველოში გამოვემგზავრე. ჩემს ოჯახს თბილისთან ახლოს, კუმისში, აგარაკი აქვს. გაზაფხული მოახლოვდება თუ არა, ბებოს გული იქითკენ მიუწევს, ბოსტნეულის თესვას იწყებს და თავის ჭიას იხარებს. მე, როგორც უცხოეთიდან ახლადდაბრუნებული სიურპრიზი, ჩამსვეს მანქანაში და გავემართეთ კუმისისკენ. გზად დედამ და მამამ სადღაც შეიარეს და უკან უამრავი ხის ნერგით დაბრუნდნენ, შენს დაბადების დღეზე ხეები უნდა დაგარგვევინოთო.

პროცესში დედამ მასწავლა: რომ დარგავ, თან უნდა შეულოცო და მოეფეროო. როგორ შევულოცო-მეთქი? ეგ შენი მოსაფიქრებელიაო.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა უკვე რუმინეთში ვიყავი დაბრუნებული, ერთ დილას ჩაგვსხეს დიდ ავტობუსში მოხალისეები და წაგვიყვანეს სადღაც, მოშიშვლებულ გორაკებზე, სადაც პოლიციელებთან ერთად ხეები უნდა დაგვერგო.

მე და ჩემი თურქი მეგობარი მეწყვილეები აღმოვჩნდით. თავიდან, ვცდილობდი, დედასგან ნასწავლი უცნაური რიტუალი შეუმჩნევლად ჩამეტარებინა, მაგრამ მაინც შენიშნა ჩარემ. რას ეკეთებო? — მეკითხება.

სიტყვა შელოცვა ინგლისურად არ ვიცოდი, როგორ მეთქვა და დედამ ასე მასწავლა, ხეს როცა ვრგავ, უნდა ვილოცო -მეთქი, — ვუთხარი.

- ოჰა! — ამბობს, წელში იმართება, ხელის გულებს ბარის პირს აფარებს და ნიკაპს ზედ აყრდნობს. მეც, რადგან უკვე გამხელილია საიდუმლო, დაუფარავად, მეტი გულმოდგინებით ვიწყებ ნერგთან ლაპარაკს და ტოტებზე ფერებას. ჩარე დინჯად მელოდება.

- მორჩი? — მეკითხება ბოლოს. კი -მეთქი, ვპასუხობ. ამის გაგონება იყო და უცებ ეს ჩემი თურქი მეგობარი პირჯვარს უკუღმა, დახუჭული თვალებით და სერიოზული სახით იწერს. ბევრი ვიცინე.

ეს მხიარული ისტორია იქით იყოს და მაშინ, ავტობუსში ასვლამდე, როცა უშველებელ მდელოს თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე და წარმოვიდგინე, რომ რამდენიმე წელიწადში მთელი ეს ფერდობი ხეებით იქნებოდა დაფარული, უსაზღვრო სიამაყე ვიგრძენი და გული ბედნიერებისგან გამისივდა.

ეს ამბავი კი იმას მოვაყოლე, რომ გადაწყვეტილი მაქვს, ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე გესაუბროთ. ამის შესახებ პირველად სტატია რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მას შემდეგ ოცნებად მექცა ერთხელ მაინც მხვდეს წილად ჯუნგლების მონახულების ბედნიერება. აღნიშნული ტერიტორია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისთვის არის სახლი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ეს არის უძველესი, უხვნალექიანი ტყე, სადაც ხარობს ასი ათასი სახეობის მცენარე, ანუ, სავარაუდოდ, ნახევარი სახეობებისა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია. ე.წ წვიმის ტყეები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 6%-ს მოიცავს და აქ 400-მდე ტომი საუკუნეებია, ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს, აქვთ თავიანთი კულტურა და ჩვეულებები.

ამაზონის ჯუნგლები კლიმატის დარეგულირებაში აქტიურადაა ჩართული. თუ რა მასშტაბით, ამას თვითონ მიხვდებით ერთი მარტივი ციფრის დასახელებით — იქ დაახლოებით 400 მილიარდამდე ხე ხარობს, რომლებიც დედამიწაზე არსებული ჟანგბადის 20%-ის წყაროა. იგი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ბუნებრივი, ბუფერული დამცავი მექანიზმი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია გლობალური დათბობის შედეგების შესამსუბუქებლად. მნიშვნელოვანია როლი აქ არსებული მდინარეებისა, რომელთაგან გამავალი წყალი ოკეანის დინებებზე ახდენს გავლენას, ამას კი, თავის მხრივ, ზემოქმედება სხვა ეკოსისტემებზე აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ორგანიზაციები, აქტივისტები, მთავრობები თუ ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, დაიცვას ამაზონის ჯუნგლები, სტატისტიკა მაინც სავალალოა: ყოველწლიურად ტყის დაახლოებით, ორმოცი ათასი კვადრატული კილომეტრი ნადგურდება. ქალაქებში მოსახლეობის სწრაფი ტემპებით ზრდა აჩენს საჭიროებას, ავაშენოთ ახალი, უზრმაზარი შენობები. მაგალითად, 5000 ხე მოიჭრა სარავაკის ტყიდან (სარავაკი მალაიზიის ტერიტორიაზე არსებული ყველაზე ასაკოვანი ტროპიკული ტყეა) მხოლოდ ერთი მაღალი შენობის ასაგებად. თუ ხალხი ასეთი ტემპებით განაგრძობს ტყის გაკაფვას, რამდენიმე წელიწადში სარავაკის ტერიტორიაზე ხე აღარ დარჩება.

ტყის განადგურების კიდევ ერთი მიზანია საკვების მოპოვება — ადამიანებს კარგ იდეად ესახებათ მიწების ,,მოსუფთავება’’ და აგროკულტურისათვის გამოყენება. მაგალითად, ბრაზილიაში, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყეების ნახევარზე დიდი მასივია, ხშირ შემთხვევაში ხანძარს განზრახ აჩენენ, რათა შემდგომ ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოიყენონ.

დაბოლოს, რატომ არ უნდა იყოს სულ ერთი ნებისმიერი ადამიანისვის, განურჩევლად ნაციონალობისა თუ პროფესიისა, რომ სადღაც, ათიათასობით კილომეტრს იქით, ბიომრავალფეროვნების ცენტრები ნადგურდება?

აღარ მოგაწყენთ თავს იმაზე საუბრით, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ამაზონის ჯუნგლებს იმაში, რომ ჩვენ ვსუნთქავთ და რომ გლობალური დათბობის პროცესი მისი საშუალებით რეგულირდება, რომ ის სახლია უამრავი ტომის, ცხოველისა თუ მცენარისთვის. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს ტყე გამოიმუშავებს მსოფლიოში არსებული მედიკამენტების 20%-ს და უზრუნველყოფს სხვა ასზე მეტი პროდუქტის წარმოებას.

უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების განადგურება ინტერნაციონალური პრობლემაა და არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ცალკე მდგომი ქვეყნისა თუ კონტინენტის თავის ტკივილად.

ავტორი: მარიამ გურჩიანი

--

--