#დარჩისახლში

CSD INTERNATIONAL
CSD INTERNATIONAL
Published in
3 min readMar 22, 2020

მახსოვს, როგორ ვუყურებდი ცაზე გადაფრენილ ყოველ თვითმფრინავს წლების განმავლობაში და ვოცნებობდი, ერთხელ მეც ვმჯდარიყავი მასში. გეგმებს ვსახავდი, თუ რისგან გამათავისუფლებდა გარკვეული ვალდებულებების გარდა ახალი მიწა, რას გავაკეთებდი მის ქუჩებში ისეთს, რასაც აქ ვერ ვაკეთებ. მაგალითად, ალბათ, ქუჩის მუსიკოსის წინ თავისუფლად ვიცეკვებდი, ან ერთ მშვენიერ საღამოს მე თვითონ ვიქნებოდი ქუჩის მუსიკოსი მეგობრებთან ერთად. მერე კი, როცა უცხოეთში წავედი, რატომღაც, ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში გაგრძელდა. აქაური ფიქრები იქაურ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გაქრა.

ბოლო დღეებში გარშემომყოფებისგან გვესმის, რომ ბევრი უოცნებიათ სახლში ჯდომასა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ ახლა, როცა ეს მოხდა, სამსახური ენატრებათ. შემიძლია, ასეთ ადამიანებს ვუთხრა, რომ სამუშაოზე გასვლის მეორე დღესვე ინანებენ უაზროდ გაფლანგულ თავისუფალ დროს და ისევ ძველებურ ნატვრებს დაუბრუნდებიან.

იცით, მე რა ვქენი, როცა უცხოეთში ჩემმა უძრაობამ შემაწუხა? დავჯექი ერთ საღამოს და წარმოვიდგინე, რომ თბილისში დავბრუნდი და ისევ ძველებურად ვაყოლებდი ნატვრის თვალს ცაზე აჭრილ თვითმფრინავებს ჩემი აივნიდან. და დავფიქრდი, რას გავაკეთებდი, ახლა სხვა ქვეყანაში რომ ვიყო? როგორი მოგონებები მინდა ჩემს თავს სამახსოვროდ წამოვუღო იქიდან? ჩამოვწერე ძველი თუ ახალი ფიქრები და არა მგონია, გამოიცნოთ, შემდეგ რა ჯადოსნობები დავატრიალე.

ჰოდა, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეს მომენტი ახლა დაგიდგათ. გაიხსენეთ, რას ნატრობდით სამსახურებში, როცა თქვენი კომპიუტერის წინ ისხედით და თვალები უაზროდ გიშტერდებოდათ სამუშაოში ჩაფლულ თანამშრომლემზე ან კედლის საათზე, როცა დაღლილობისგან ღამით ვერც კი იძინებდით. რამდენჯერ გდომებიათ საყვარელი ან ახალი ფილმის ყურება და ტელევიზორთან მშვიდად ჩაძინება, მაგრამ ხელი შეუშლია ერთ ყოფიერ ფაქტს — დილას ადრე ვართ ასადგომები, სამსახურში უნდა წავიდეთ, არ უნდა დაგვაგვიანდეს, თვალები არ უნდა გვქონდეს ამოშავებული.

ნუ დაელოდებით ახალთახალი მეგობრის სტუმრად მოსვლას, რომ სახლში არსებული ყველა ალბომი გადმოალაგოთ: ბავშვობა, ახალგაზრდობა, ძველი ნაცნობები გაიხსენოთ (იქნებ, მათი პოვნაც კი სცადოთ, იქნებ, მოიკითხოთ კიდეც?); ან, იქნებ, ჩემსავით ,,მენაგვე’’ ხართ, მაგრამ დიდი ხანია, თქვენი ,,მოგონებების ყუთები’’ აღარ დაგითვალიერებიათ? იქნებ, ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო სოფელში მცხოვრები მშობლების ან და-ძმის მონახულებას მხოლოდ წელიწადში ორჯერ, რამდენიმე დღით ახერხებთ? იქნებ, დიდი ხანია, ჰოლივუდურ ფილმებში ათიათასჯერ ნანახი ლაზანიას გემო გაინტერესებთ? ან, იქნებ, დროა, თქვენი საყვარელი ტირამისუს ცხობა ისწავლოთ, რომლის დასაგემოვნებლადაც კაფე-რესტორნებში დადიხართ და უამრავ ფულს იხდით? რამდენი წიგნია, რომელსაც ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში თქვენი სამყარო ამოუტრიალებია და გინდათ, თქვენს შვილებსაც წააკითხოთ? რამდენი ფილმია, რომელშიც თქვენი თავი დაგინახავთ და ამიტომ გინდათ მშობლებსაც აყურებინოთ? ან, იქნებ, ისეთი ამბები გაქვთ მოუცლელი მეგობრებისთვის მოსაყოლი, რომლის მოყოლისთვისაც კვირების განმავლობაში არც ერთ საღამოს არ შემოგრჩენიათ საკმარისი ენერგია?

როცა კამპანია #დარჩისახლში დაიწყო, რატომღაც, პირველი, რაც გამახსენდა, იყო ათეულობით ვოდეორგოლი, სადაც წარმატებული ადამიანების შვილები კამერების წინ სხედან და ამბობენ, რომ ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად აკლიათ, ეს მშობლებთან მეტი დროის გატარებაა. და აი, მოვიდა ის დრო, როცა უამრავ ოჯახში ბავშვებისთვის საოცნებო რეალობა დადგა — მშობლები სახლში არიან. საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ დედები და მამები, რომლებსაც შვილები და მეუღლეები წლებია, არ ენახათ. არასახარბიელო სიტუაციამ, რომელიც მსოფლიოშია თქვენ მოგცათ დრო — გაიხსენოთ ძველი ჰობი; დაიწყოთ იმ ენის სწავლა, რომლის ჟღერადობასაც ეტრფით; წეროთ ის, რასაც აქამდე უდროობის გამო ვერ წერდით.

ახლა კი მინდა თქვენი თბილი სახლის კედლებს გავცდე და #დარჩისახლშის გლობალური მნიშვნელობა შეგახსენოთ:

ერებს ერთსულოვნება მოედოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელების დაბანა მოდაში შემოვიდა (თუ ეს ჩვევაში გადაიზრდება, გაგვიმართლებს, რადგან, როგორც ვიცით, ჩვევა რჯულზე უმტკიცესია). კარგით, ხუმრობა იქით იყოს და ნახეთ ვიდეოები, როგორ დაცურავენ ვენეციის არხებში თევზები, ბურანოს არხებში გედები და სარდინიის პორტში დელფინები? რა იგრძენით? — მე ბედნიერება, შვება, სიხარული ერთად.

მას შემდეგ, რაც წიაღისეული საწვავის წვა შემცირდა, ჰაერის ხარისხი მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითად, ჩინეთში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მომავალში ნამდვილად დაიკლებს, თუ ვითარება ასე გაგრძელდება, რადგან ჰაერის ხარისხი მხოლოდ თებერვალში 21,5% — ით გაიზარდა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ თუკი არსებობს რაიმე ახალი, რაც სხვა ეპიდემიებისგან განსხვავებით კოვიდ-19-მა დაამტკიცა, ეს ისაა, რომ ადამიანთა ყოველდღიური რუტინა დედამიწისთვის დამღუპველი შედეგების მომტანია, თუმცა, კაცობრიობას ნამდვილად შეუძლია გაერთიანებული ძალებით იმუშავოს მდგრადი მომავლის განვითარებისათვის.

ავტორი: მარიამ გურჩიანი.

--

--