ქართული შემწყნარებლობის პარადოქსი: საქართველოში ეთნოსთაშორისი დიალოგია საჭირო

Levan Kakhishvili
The Signum | სიგნუმი
3 min readMay 3, 2020

--

წყარო: ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM)

არსებობს რწმენა, რომ ქართველი ერი შემწყნარებელია, რადგან ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები. მეტიც, მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშნელოვანია — მხოლოდ 4%-ს მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. იმავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 35% პროცენტი ამტკიცებს, რომ ქვეყნისთვის ეთნიკური მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა. ეს პარადოქსია. ქართველი ერი არ არის იმდენად შემწყნარებელი, რამდენადაც ამის რწმენა არსებობს. ეს პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალის კორონავირუსით ინფიცირებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ აგრესიული რიტორიკა მოჰყვა. მარნეულსა და ბოლნისში განვითარებული მოვლენების შემდეგ აგრესია კვლავ განახლდა, მათ შორის, საჯარო პირებისგანაც. შედეგად, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა“ და საჭიროა ადგილობრივ ლიდერებთან აქტიური თანამშრომლობა. პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯია მისი მოგვარებისკენ. თუმცა ეს განცხადება არ უნდა დარჩეს მორიგ განცხადებად და მას უნდა მოჰყვეს ფართომასშტაბიანი ეთნოსთაშორისი დიალოგი საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის.

უმცირესობების უფლებების აღქმა

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, საშუალოდ, ხუთიდან ოთხს მნიშვნელოვნად მიაჩნია, საყურადღებოა ის, თუ როგორ აღიქმება უმცირესობების უფლებები. კვლევის მიხედვით, შეიძლება, ითქვას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის წარმოადგენაში მნიშვნელოვანი საზღვრებია დაწესებული იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება, შეიძლება, ჰქონდეს როგორც ეთნიკური, ისე სხვა უმცირესობების, წარმომადგენლებს.

მაგალითად, 43% მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უმცირესობებს არ აძლევს უფლებას, რომ მოაწყონ საპროტესტო აქციები საჯარო სივრცეში. 36% კი ფიქრობს, რომ მათ ეროვნული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ (იხილეთ ცხრილი).

ამ რიცხვების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია ის, რომ შეკითხვა ყველა ტიპის უმცირესობას აერთიანებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ ერი უფრო შემწყნარებელი იყოს. თუმცა ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებაც პრობლემურია.

ეთნიკური უმცირესობები, როგორც საფრთხე

ზემოთაღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ფიქრობს, რომ ეთნიკური უმცირესობები საფრთხეს წარმოადგენენ. ეს საფრთხე სხვადასხვა ფორმებს იღებს — ზოგი მიიჩნევს, რომ ის ქართული კუტლურისა და ტრადიციებისთვისაა საშიში, სხვები ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობების არსებობა ეროვნულ ერთიანობას ასუსტებს, ქვეყანას ანაწევრებს და უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების მესამედი ქვეყნის მოქალაქეების 13%-ს საფრთხედ აღიქვამს, რთულია ამ საზოგადოების შემწყნარებლობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, კონფლიქტების, სეპარატიზმისა და ომების ისტორიული მეხსიერება თავის როლს თამაშობს ამ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, მაგრამ თანამედროვე ფუნქციონირებადი სახელმწიფოს ასაშენებლად ყველა მოქალაქის ჩართულობაა საჭირო. ამიტომ ეთნოსთაშორისი განსხვავებები შეძლებისდაგვარად უნდა აღმოიფხვრას, რათა დიალოგის გზით ქვეყნისადმი მიკუთვნებულობა ყველა მოქალაქეში გაღვივდეს.

ენაში გამოხატული დამოკიდებულება

საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ენას უკავშირდება. ენა განაპირობებს იმას, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი რაიმე კონკრეტულ საკითხზე. ქართულ ენაში სიტყვა „ქართველი“ აღნიშნავს ეთნიკურ ჯგუფს, ხოლო სიტყვა „საქართველო“ ქართველების — ერთი ეთნიკური ჯგუფის ქვეყანას. ქართულში არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აღნიშნავდა.

საქართველოს მოქალაქის აღმნიშვნელი სიტყვა მნიშნელოვანია აზროვნებაში გარდატეხის მოსახდენად. თუ საქართველო ჭეშმარიტად მრავალეთნიკური ქვეყანა უნდა იყოს, საჭიროა ამ ქვეყნის მიმართ მიკუთვნებულობის შეგრძნება არსებობდეს არა მარტო ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში, არამედ სხვა ეთნოსებს შორისაც. თუმცა, როდესაც ქვეყანა მხოლოდ ერთ ეთნოსს „ეკუთვნის“ და დანარჩენ ეთნოსებს გამუდმებით უმეორებენ, რომ ისინი „სხვა ქვეყნის შვილები“ არიან, ბუნებრივია, რომ ადამიანებს შორის გაუცხოება ხდება.

სწორედ ამ გაუცხოების შედეგია ისიც, რომ როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცდილობს, უმრავლესობას აუხსნას რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობები, მას პირველ რიგში იმის ახსნა უწევს, რომ მისი მიზანი მისსავე „ქვეყანაში თანასწორობის, სამართლიანობის და ჰუმანურობის მიღწევაა“. სხვა სიტყვებით, ელმადდინ მამედლის არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი ან შიში, რომ მის სათქმელს მისი მკითხველი „არასწორად გაიგებს“.

მთლიანობაში, ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები ქართველი ერის შემწყნარებლობის პარადოქსს ნათლად წარმოაჩენს. მიუხედავად ძლიერი სურვილისა, რომ ერი იყოს შემწყნარებელი, მონაცემები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ეთნიკური უმცირესობები არ მოიაზრებიან ისეთივე ქართველებად, ანუ საქართველოს ისეთივე მოქალაქეებად, როგორც ეთნიკურად ქართველები. საზოგადოების წარმოდგენაში ეთნიკური უმცირესობების ქვეყანაში არსებობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდება და მათ უფლებებსაც მნიშვნელოვანი წარმოსახვითი საზღვრები აქვს შემოვლებული. თუმცა ეს წარმოსახვითი საზღვრები ხშირად გადაიქცევა ხოლმე პრაქტიკულ შეზღუდვებად ეთნოსთაშორის ურთიერთობებში. სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოების წარმოდგენაში არსებული რისკების რეალიზება არ მოხდეს, საჭიროა ეთნოსთაშორისი დიალოგი, რომლის მეშვეობითაც აშენდება ის სახელმწიფოს, რომელიც თანაბრად ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ამგვარად იქნება შესაძლებელი იმ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც თანამოქალაქის პატრიოტიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება მხოლოდ ეთნიკური მიკუთვნებულობის გამო და როდესაც უმცირესობებს არ მოუწევთ საჯარო სივრცეში საუბრის დაწყება იმის მტკიცებით, რომ მათი მიზანი ისეთი საქართველოს მშენებლობაა, რომელიც ყველა მოქალაქეს თანასწორად მიიჩნევს.

--

--

Levan Kakhishvili
The Signum | სიგნუმი

Doctoral Fellow in political science at BAGSS, Bamberg, and an Antonian from Oxford University.