ნიკა, 27 წლის, MDMA-ის შესახებ

2018 წლის ზაფხულში, ერთ-ერთ ფესტივალზე პირველად მივიღე MDMA. მარიხუანას და ჰაშიშის გარდა სხვა ნარკოტიკი (კოფეინს და ალკოჰოლს თუ არ ჩავთვლით) მანამდე მიღებული არ მქონდა.
მიღების დროს მეგობარს ვკითხე რა ეფექტი შეიძლება ქონოდა. “- ცოტას აგაცეკვებს”, იყო მისი პასუხი. ნამდვილი ეფექტი კი ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველაზე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ოთხი საათი იყო. ბედნიერების ოთხ საათს სხვა თვისებებიც ახლდა და პროცესში აღვწერ.

MDMA-ის მიღებამდე, ცოტა ალკოჰოლი დავლიე, მოსაწევი მოვწიე და ფესტივალამდე MDMA-ის მცირე ‘ლაინი’ შევიყნოსე. გარკვეული დრო გავიდა და არანაირი ეფექტი არ ქონდა. ამიტომ ფესტივალზე ასვლის შემდეგ პირით მივიღე დამატებითი დოზა.

სცენასთან მივედი მუსიკის მოსასმენად და ცოტა ხანში, ცეკვის დროს, სხეულის სიმძიმე ვიგრძენი. ვგრძნობდი როგორ ვსუსტდებოდი და მეგონა გავითიშებოდი, ამიტომ წყლის საყიდლად წავედი. მეგობართან ერთად ჩამოვჯექი და ეს სისუსტე და შფოთვა დაახლოებით 5–10 წუთი გაგრძელდა.

მომენატლურად, თითქოს სხეულში რაღაც გადაირთო, შვება ვიგრძენი და მთელ ტანში ძალიან სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ენერგია დამიბრუნდა და როცა წამოვდექი მუსიკას მალევე აყვა სხეული. უცბად ადამიანებთან სიახლოვის სურვილი გამიჩნდა და ჩემს მეგობარს ჩავეხუტე; და ჩავეხუტე ჩემი მეგობრის მეგობრებს (ნებართვის აღების შემდეგ), რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდი.

სცენასთან მივედი და ვიგრძენი როგორ ვკარგავდი საკუთარ სხეულზე კონტროლს, თითქოს ჩემი სხეული მუსიკის გაგრძელება იყო და თავისთავად მოძრაობდა.
MDMA-ის მოქმედება უფრო და უფრო იმატებდა, რაც დაახლოებით 30–40 წუთი გაგრძელდა. ეფექტის მომატებას თითეული წამით ვგრძნობდი. უფრო და უფრო იზრდებოდა სიყვარულის, ბედნიერების და ადამიანებთან და ბუნებასთან სიახლოვის განცდა. შეუძლებელია ამ ბედნიერების და სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა.

ამ დროს, ჩემი პირველი ცნობიერი რექცია კითხვის დასმა იყო — “ეს საერთოდ შესაძლებელია?”. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანმა ბედნიერების და სიყვარულის ესეთ დონეს შეიძლება მიაღწიოს. გაკვირვებული და გახარებული ვიყავი ერთდროულად. ამ განცდების ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება ესეთი დადებითი განცდის გამო ადამიანებს იჭერდნენ.

ადამიანებთან სიახლოვის მოთხოვნილება მატულობდა და ვისთანაც თვალით კონტაქტის დამყარებას ვახერხებდი, ყველას ჩახუტებას ვთხოვდი. რამდენიმე მეტრის რადიუსით, ალბათ, ყველას ჩავეხუტე, სქესის და ასაკის განურჩევლად. ძალისხმევა მჭირდებოდა საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ სხვები არ შემეწუხებინა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ეტიკეტი დამეცვა. სრულიად გავიხსენი და ყველაფერს გამოვხატავდი რისი ოდნავი იმპულსიც მიჩნდებოდა, განსაკუთრებით — საუბრის და სხეულის მოძრაობის.

პირველად გავუგე დიოგენეს — როგორ შეიძლება ადამიანმა მზესა და შენს შორის ჩადგომით შეურაცხყოფა მოგაყენოს

ადამიანების გარდა სიახლოვეს და სიყვარულს ვგრძნობდი ბუნების მიმართ. ცეკვის დროს ვცდილობდი ხის ფოთლებს მივწდომოდი და შევხებოდი. თუმცა უფრო მეტი სიახლოვე მზესთან ვიგრძენი, რომელიც როგორც იქნა ამოვიდა. მზე სცენასა და მის გვერდით მდებარე შენობას შორის ჩანდა, მაგრამ იმავე ადგილას დაცვა იდგა და მეფარებოდა. პირველად გავუგე დიოგენეს — როგორ შეიძლება ადამიანმა მზესა და შენს შორის ჩადგომით შეურაცხყოფა მოგაყენოს. შემაღლებული ადგილი მოვნახე და იქიდან ვცდილობდი მზის სხივებს ხელით შევხებოდი.

ვიზუალური აღქმის ცვლილება ერთხელ ვიგრძენი, როცა მობილურში დეტალებს ვაკვირდებოდი. ეს დეტალები ძალიან სწრაფად ვიბრირებდა და ხედვას ართულებდა. ფერების აღქმაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შემიმჩნევია.

ნარკოტიკების მოქმედებამ პიკს რომ მიაღწია, მას მერე დაახლოებით 2–3 საათი ეფექტები ნელ-ნელა იკლებდა და მიღებიდან დაახლოებით 4–5 საათის შემდეგ მთლიანად გაქრა. დილისკენ უკვე დაღლილობა ვიგრძენი და დასვენება/გამოძინება მომინდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან სწრაფად ვკარგავდი სითხეს და მუდმივად ვსვამდი წყალს, მაგრამ, თითოქოს, სხეულს წყლის მიღება არ შეეძლო. დაახლოებით 5–6 წყლის ბოთლის მიღების მიუხედავად, მოშარდვის სურვილი არ გამჩენია. ფესტივალიდან წამოსულს, მხოლოდ ტაქსიში ჯდომის დროს მომინდა ტვალეტში შესვლა, თან იმდენად, რომ მეგონა შარდის ბუშტი გამისკდებოდა. ამის გარდა, ყბას ავტომატურად ვამოძრავებდი და კევს ვღეჭავდი მას შემდეგაც, რაც დიდი ხნის გადაგდებული მქონდა. ამიტომ ლოყა ცოტათი შემომეღეჭა.

მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებულად ცუდი განწყობა და დაღლილობა არ მქონია. თითქმის ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი, როგორც ნებისმიერი ფხიზლად გათენებული ღამის შემდეგ.

ამ გამოცდილებას ქონდა უარყოფითი მხარე — საწყისი სისუსტე, თითქმის გულის წასვლამდე; სითხის უკმარისობა; მომატებული ტემპერატურა; გასკდომამდე მისული შარდის ბუშტი. მაგრამ ასეთი ძლიერი ბედნიერება, უსაზღვრო სიყვარულის და ბუნებასთან და ადამიანებთან სიახლოვის განცდა მარტივად გადაწონის ყველა ნეგატიურ ეფექტს.

ამ დღის შემდეგ უფრო შემეცვალა რეალობასთან დამოკიდებულება. თითქოს უფრო მეტი თავისუფლება და სხეულთან მეტი კავშირი ვიგრძენი. ვიგრძენი რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

არ მგონია მსგავსი მდგომარეობის მიღწევა სხვა რაიმე პრაქტიკებით იყოს შესაძლებელი. და ასეც რომ იყოს, სწორედ ხანმოკლე დროში მდგომარეობებს შორის მიღებული კონტრასტი ქმნის უფრო დიდ ეფექტს. მთლიანობაში, ცხოვრებაში ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო.

MDMA-ის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და ზიანის შემცირებისთვის შემდეგ ვებ-გვერდს ეწვიეთ.

--

--