თრიგერები

როგორ გამოვიმუშავოთ ჩვევა

Giorgi Tkeshelashvili
2 min readJul 16, 2014

დიდი ხანია მაწუხებს ერთი საზარელი ჩვევა: ვიწყებ რამეს, ვაკეთებ გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა სისტემატიურ ხასიათს ვერ ვაძლევ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. რაც მთავარია, ჩემი მეგობარი ტვინი ყოველთვის ახერხებს მიზეზებისა და გამართლების პოვნას.

მივხვდი ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც ისედაც ვიცოდი და რომელიც ყველამ იცით: იმის მიზეზი, რომ მაგალითად, ვარჯიში მეზარებოდა, არა ფორმაში არყოფნა (რომლის უკმარისობასაც, ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არ ვუჩივი), არამედ ჩემი გონება და მასში არსებული ზარმაცი “მეგობარი” იყო.

ავდექი და ამ თემაზე წავიკითხე რაღაცები, სხვისი გამოცდილება და რჩევები. ძალიან მომეწონა ერთი რჩევა/მოსაზრება, რომელსაც ბოლო ერთი თვეა მივყვები და მუშაობს. It simply works.

ეს რჩევა არ ეხება მხოლოდ ვარჯიშს და ისეთივე წარმატებით მუშაობს ნებისმიერი ჩვევის გამომუშავების შემთხვევაშიც.

რა არის “თრიგერი

ტიპი, რომელიც ამ უმარტივეს და ძალიან ეფექტურ მეთოდს აღწერდა, ჩემსავით ვარჯიშის დაწყებას და მისთვის სისტემატიური ხასიათის მიცემას ცდილობდა.

თრიგერი, ამ შემთხვევაში, არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც რაიმე მასზე უფრო მნიშვნელოვან/შრომატევად ქმედებას უძღვის წინ. ვარჯიშის დაწყება ტვინს უფრო მეტად ეზარება, ვიდრე სხეულს. თქვენს სხეულს იმაზე უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უფრო მეტიც. თქვენს ტვინსაც იმაზე უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამის გამოყენებით, ტვინის ერთი ნაწილით ატყუებთ მეორე, ზარმაც ნაწილს. ამისთვის გჭირდებათ, რომ გამოიმუშავოთ მარტივი ქმედებები — თრიგერები, რომლის გაკეთების შემთხვევაშიც, ტვინმა იცის, რომ “ამის მერე მოდის ეს”.

მარტივი, ისევ ვარჯიშის მაგალითი რომ ავიღოთ. ძალიან კარგად იცით, რომ ვარჯიში კარგია. გინდათ რომ ივარჯიშოთ, თუმცა გეზარებათ. ამ შემთხვევაში, თქვენი თრიგერი შეიძლება იყოს, მაგალითად ტანსაცმლის გამოცვლა და ბოტასების ჩაცმა, ან რაიმე მსგავსი. ამით ნელნელა აპარებთ ტვინის ზარმაც ნახევარს, რომ ვარჯიშს აპირებთ. ჩემ შემთხვევაში, ზარმაცი ტვინი იმდენად ზარმაცი აღმოჩნდა, რომ გამოცვლილი ტანსაცმლის ისევ უკან გამოცვლას, ისევ ვარჯიში ამჯობინა. თან ხომ ისევ ცდილობდა ჩემი ქმედებების justification-ს და “აბა ტყუილა ხომ არ გამოვიცვალე, ბარემ ვივარჯიშებო” იფიქრა.

რამდენიმე დღე, ყოველ საღამოს ვაკეთებდი იგივეს. და ნელნელა ზარმაცი ნახევარიც შეეჩვია ამ ყველაფერს. მერე დავაკვირდი და ავტომატურად, თრიგერების თრიგერებიც გამომიმუშავდა. ისე, ესეც კარგია, რომ ავშნიშნოთ: თუ თქვენი თრიგერი იმხელაა, რომ მაგის გაკეთებაც ეზარება ზარმაც ტვინს, მაშინ უფრო პატარა, მარტივად გასაკეთებელი ქმედება მოიფიქრეთ და ააწყვეთ პატარა ჯაჭვი, რომელიც მიაჩვევს ტვინს, რომ “ამის შემდეგ ეს უნდა ვქნა”. როცა ყველაფერი ინსტინქტების დონეზე დავა, მერე ტვინის ვინღა ეკითხება.

ჩვევა სწორედ იმიტომაა ჩვევა, რომ არ ფიქრობთ, ისე აკეთებთ.

ხოდა ამიტომ, განაგდეთ ბოროტი თრიგერები რაც გაქვთ და ჩაანაცვლეთ ისინი სასარგებლო ქმედებებით. მიეცით ამას სისტემატიური სახე და თქვენი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება.

სულ ერთი თვის წინ, ჩემი ბოროტი თრიგერი იყო სამსახურის მერე დაღლილზე ჭამა, რაც თავისთავად გამორიცხავდა ყველა სხვა სასარგებლო ქმედებას გარდა netflix-ზე რამის ყურების.

ერთი თვის თავზე, სამსახურის დამთავრება ჩემთვის უკვე თრიგერია, რადგან ოფისიდან ეგრევე კიკბოქსინგზე მივდივარ. ტვინმა უკვე იცის, რომ დღის “ამ დროს”, “ამის მერე”, ხდება “ეს”.

ვიცი, ეს პოსტი და რჩევაც common sense-ია, მაგრამ არ მჯერა, რომ პრაქტიკაში ყველა იყენებთ.

თრიგერის მადლი და ძალა შეგეწიოთ.

--

--

Giorgi Tkeshelashvili

Software Engineer, @Plaid. Previously @YikYakApp, @Twilio, @Chartboost.