დონალდ და ბერონ ტრამპი ინაუგურაციის პარადზე, 20 იანვარი, 2017 წელი

ტრამპი, როგორც შანსი საქართველოსთვის

სკეპტიკოსები, რომლებმაც, ამავე დროს, ზუსტად იციან ის, რომ დონალდ ტრამპი “ნარცისი ეგომანიაკია” — ასე დაახასიათა იგი, მაგალითად, ლევან რამიშვილმა — ახალი პრეზიდენტის პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემდეგაც იმის მტკიცებას განაგრძობენ, რომ ტრამპი — ეს, უბრალოდ, ბარაკ ობამას გამეორებაა.

რომ, საგარეო პოლიტიკაში, რუსეთთან მიმართ, ტრამპიც, ისევე, როგორც ობამა, ურთიერთობების “დათბობით” იწყებს და, თვით ობამასავით, ამისათვის ბირთვული შეიარაღების შემცირებას იმიზეზებს.

თუმცა, ასე იწყებდა ამერიკის ყველა თანამედროვე პრეზიდენტი. თვით რონალდ რეიგანის ჩათვლით; ბილ კლინტონიც, ჯორჯ ბუში მეორეც კი.

და ეს მართებულიცაა: რუსეთთან, რომელსაც, ამერიკასთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბირთვული არსენალი აქვს, ურთიერთობა ყველა ადმინისტრაციამ უნდა ახლებურად დაამყაროს.

თუმცა, ობამასგან ერთ-ერთი არსებითი განსხვავება — მრავალთაგან — ისაა, რომ ტრამპი ამერიკის ინტერესებს რუსეთს არ დააჩაგვრინებს. ობამამ ასე აშკარად მოიქცა უკვე მაშინ, როცა 2009 წელს პირველმა უარი თქვა ჩეხეთსა და პოლონეთში სარაკეტო სისტემების განთავსებაზე. 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ, ასეთი ნაბიჯი აღმოსავლეთ ერვოპაში ბანკროტის გამოცხადება იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსია და უკრაინის ომიც ასეთი უკან დახევით განპირობებული შედეგი იყო.

11 იანვარს კი ახლა უკვე დამტკიცებულმა რექს ტილერსონმა მოსმენებზე პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის რეაქცია უკრაინის კონფლიქტზე იყო სუსტი; რომ რუსეთს ესმის მხოლოდ ძალა; და უკრაინა უნდა უზრუნველყოფილიყო თავდაცვითი შეიარაღებითა და სადაზვერვო მხარდაჭერით. ასეთ განცხადებებს ტილერსონი ვერ გააკეთებდა ტრამპის საწინააღმდეგოდ.

ობამასგან ტრამპს ბევრი სხვაც მიჯნავს: თუნდაც, კისტოუნის და დაკოტის მილსადენების პროექტების აღდგენა, რაც სულ ახლახანს, 24 იანვარს გამოცხადდა. აშშ-ს ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც მაქსიმა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ობამას გლობალურად მიმართულ კლიმატის პოლიტიკას.

ობამასთან, სწორედ ეს კლიმატის პოლიტიკა განსაზღვრავდა საგარეო პოლიტიკის კურსსაც. მას სწამდა, ისევე როგორც ამ პოლიტიკის მხარდამჭერსა და გამტარებელ ჰილარი კლინტონს, რომ საერთაშორისო შეთანხმებებით, დღევანდელ პირობებში, შესაძლებელია ნაციონალური ინტერესების განეიტრალება. თუმცა, ერთადერთი, რაც შესაძლებელია, ეს არის ნაციონალური ინტერესების ძალით საერთაშორისოდ მისაღები ნორმების გაძლიერება.

და ისიც, გააჩნია, რომელი ნაციონალური სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი.

საბედნიეროდ, ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს, ყველაზე მეტად, ინდივიდის თავისუფლებას, კანონის წინ ყველას თანასწორობას და მსოფლიოში საბაზრო ურთიერთობების გავრცელებას. ობამას წლებში საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო იზოლაციონიზმი იყო. ობამა იზიარებდა გაერთიანებული ერების, ევროგაერთიანების და სხვა საერთაშორისო სამართლის სახელით მოქმედი ორგანიზაციების ნაიცონალურ ინტერესებზე უზენაესობის იდეას. ამერიკის “უკნიდან წინამძღოლობაც” მისი მოგონილია.

ჯორჯ ვ. ბუში, ნებსით თუ უნებლიეთ, საერთაშორისო ინტერვენციონიზმის მომხრედ ჩამოყალიბდა.

ტრამპი კი, აშკარად, არის ნაციონალური იზოლაციონიზმის მომხრე, რომელსაც ნომინალურად ენდრიუ ჯექსონის საგარეო პოლიტიკასთან აკავშირებს.

თუმცა, ეს იზოლაციონიზმი, თუ მის მოსალოდნელ შედეგებს გავშლით, გაცილებით უფრო აგრესიულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვინც ამერიკის ინტერესების დაკნინებას ეცდება, ვიდრე თვით ნეოკონსერვატიული ინტერვენციონიზმი.

იზოლაციონიზმი სულაც არ ნიშნავს რაღაც სამოთხისეულ წარმოდგენას, თითქოს შესაძლებელია მსოფლიოში სხვა ეროვნული სახელმწიფოების ინტერესების უგულებელყოფა და მათგან სახლში გამოკეტვა; ეს უფრო რენდ პოლის სიწმინდის მოყვარული ნატვრაა.

იზოლაციონიზმი, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, არ არსებობს და ვერც იარსებებს. ის ახლა, დღევანდელ კონტექსტში, გულისხმობს, რომ ამერიკა ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანასთან ახალ კავშირებს ინდივიდუალურად დაამყარებს, ზოგიერთ არსებულ მულტინაციონალურ შეთანხმებას კი უგულებელყოფს ან შეცვლის ახლით; ასე ხდება, მაგალითად, ვაჭრობის სფეროში ტრანს-წყნარი ოკეანეს შეთანხმების შემთხვევაში.

ასეთი ვითარება არ არის იდეალური, ან თუნდაც სასურველი; თუმცა, ის არის რეალობა. ტრამპის პრეზიდენტობისას, ბევრი რამ გასაკრიტიკებელიც იქნება; მაგალითად, ეკონომიკური პროტექციონიზმი და ბაზრის ურთიერთობების მიზანმიმართული სამთავრობო ჩარევებით შეზღუდვა.

თუმცა, ტრამპის “აბუჩად აგდების” საპირისპიროდ, მიზანშეწონილი იქნებოდა იმის გაანალიზება, თუ რა ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, თუ არა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობა?

იმის ოცნება კი, რომ შესაძლებელია, აქა-იქ, სხვადასხვა სენატორსა თუ თვით კაბინეტის წევრებთან დაამყარო კარგი კავშირი, ტრამპი კი აბდალად გამოიყვანო — და მაინც სასურველი შედეგი მიიღო, მიამიტურია. ამას ეწინააღმდეგება როგორც ამერიკის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემის სტრუქტურა, ისე თავად ტრამპის წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც ლიდერზე.

ალტერნატივა კი საქართველოში იქნებოდა, ისევ და ისევ, უფრო ფართო კარის გახსნა ან რუსეთის ტირანიისთვის, ან ირანის თეოკრატიისათვის, ან ისლამიზაციის პროცესში მყოფი თურქეთისა ან, თანდათან, რეგიონში მოძლიერებული ავტორიტარული ჩინეთისთვის.

ევროპა? ის არასოდეს — ახლო წარსულში — საქართველოს მიმართ დამოუკიდებელ ინტერესს არ იჩენდა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით; ევროგაერთიანება ყოველთვის რუსეთის და საკუთარ ენერგო- და უსაფრთხოების ინტერესებს ითვალისწინებს. აშშ-ს ლიდერობის გარეშე, ის ნაბიჯებს საქართველოს “ნატოს” სისტემაში ინტეგრაციის კუთხით არ გადადგამს.

სავარაუდოა, რომ “ნატოს” “დრომოჭმულობაზეც” ტრამპი იმიტომ ლაპარაკობს, რომ “ნატოს” სუბიექტები ევროპაში გააქტიუროს, რათა მეტი გაიღონ სამხედრო ბიუჯეტისათვის, ასევე, ტერორიზმს უფრო აქტიურად ებრძოლონ.

რუსეთისგან პირველი კონკრეტული მოთხოვნა, როგორც ჩანს, ირანთან ურთიერთობის გაწყვეტა იქნება. ამას დიდი ალბათობით ირანთან ბირთვული შეთანხმების ზუსტი აღსრულების მოთხოვნა მოჰყვება. ტომ კოტონი თვლის, რომ ეს თავად გამოიწვევს ირანის მიერ შეთანხმების მიტოვებას. ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების საფრთხე, რომელიც არსებითად ხელუხლებელი დატოვა ამ გარიგებამ, საქართველოსთვის შეშფოთების საფუძველი უნდა რჩებოდეს — ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მისი გავლენის რეგიონში ტერორიზმის ხელშეწყობისათვის ირანმა ამ გარიგებით 150 მილიარდი დოლარი მიიღო ამერიკისაგან.

ამ პირობებშია ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის ახალი შანსი. ვერავინ იტყვის წინასწარ, თუ რა კონკრეტული შედეგები შეიძლება იქნეს მიღწეული. თუმცა, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დემონიზაცია არაადეეკვატურია.

ინაუგურაციისას, ტრამპმა საგულისხმო ფრაზა წარმოთქვა: “გაუხსენი გული პატრიოტიზმს და მიკერძოებისათვის ადგილი მასში აღარ დარჩება.” სისხლის ხსენება, შესაძლოა, ზოგიერთს აღაშფოთებდეს, თუმცა მან ისიც ახსენა, რომ სულერთია, თუ რა ფერის კანი გაქვს, რა რასას ეკუთვნი—თუ პატრიოტი ხარ, ყველას ერთი ფერის სისხლი გვაქვს.

ეს არის პრინციპული განსხვავება ამერიკელობასა და სხვა, ეთნიკურ ნაციონალიზმებს შორის — ახალი აღმოჩენა კი ამერიკის ისტორიის კუთხით ის არ არის. დაიცავი ამერიკის კანონი, დაიცავი მისი ინტერესი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა პირადი ისტორია გაქვს, სქესი, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია — იქნები ამერიკელი, ამ ხალხის თანასწორი ნაწილი. ეროვნული მოქალაქეობის ასეთ განსაზღვრებას — პროპაგანდას თუ არ ჩავთვლით, ცხადია — ვერ მოისმენთ ვერც რუსეთში, ვერც ირანში და ვერც ჩინეთში.

ევროპაში: დიახ, მაგრამ მხოლოდ მოისმენთ; ქმედითი შედეგი ევროპის ლიბერალურ დემოკრატიას საქართელოსთვის არ მოუტანია, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. როგორც უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, წამყვანი ევროპული ქვენყები იყვნენ ყველაზე ხშირად სწორედ, ვინც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს “ნატოში” გაწევრიანებას — როცა ეს საკითხი საერთოდ იდგა. ობამას დროს კი ის აღარც იდგა.

ტრამპის დროს: შეიძლება მაინც, რომ დადგეს. ამ შანსის გამოყენებაზეა საუბარი.

თუმცა, ჯერ ამისათვის თავად საქართველოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება.