გიგი უგულავა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუს დროს

უუპს!

— როგორც ვახტანგ გორგასალმა თქვა, ოფოფი ნელთბილ წყალში რომ ჩაუვარდა.

არავითარი პარალელი ზვიად გამსახურდიას განდევნასთან, ზედაპირულ-სენტიმენტალურის გარდა.

ახალი ფრაქციის “ევროპულ საქართველოდ” მონათვლა სიმპტომატურია. ევროპა, ევროგაერთიანების ეგიდით, სხვა პრინციპებზეა აგებული, ვიდრე დასავლური დემოკრატია იმ სახით, რა სახითაც ის არსებობს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ერთი ეყრდნობა ზენაციონალური ინსტიტუციების ფსევდორაციონალურ იდეას; მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მეორე, უკეთეს ვერსიებში, ინდივიდუალური მეწარმის ეკონომიკური თავისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

“ევროპული საქართველოს” ფრაქციის წევრებმა არასწორად გააანალიზეს ის, თუ რა მოხდა ამერიკაში დონალდ ტრამპის არჩევით.

ისინი ებღაუჭებიან აშკარად დაღმავალ ფიგურებს ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში: გავლენის თვალსაზრისით.

მაგალითად, გუშინ, ჯეიმს მეტისის თავდაცვის მდივნად დამტკიცების მოსმენებზე, სენატორ ჯონ მაკკეინმა აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად სრული დაჟინებით აქო გენერალს. ისე, დარწმუნდებოდი, რომ თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უეჭველად აირჩევდა სწორედ მეტისის კანდიდატურას ამ პოსტზე.

ეს რას ნიშნავს? სხვა მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო — კაბინეტის შერჩევის თვალსაზრისით: მაიკ პომპეო, თვით რექს ტილერსონიც კი, რომლის გუშინწინდელი მოსმენების დროს ტრამპი პრესკონფერენციაზე ამბობდა: “პუტინი არ უნდა აკეთებდეს ამას [ერეოდეს ამერიკის საარჩევნო პროცესში], და აღარც გააკეთებს. ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს აღარ მოხდება.”

ინდივიდუალური, რაც არ უნდა იყოს შეზღუდული, თავისუფლების პრინციპის დამცველი ამერიკა არსად გამქრალა ტრამპის არჩევით; ეს არის ილუზია, რომელსაც აბუქებს ლიბერალური პრესა ამერიკაში და თითქმის მთელი მეინსტრიმის სპექტრი ევროპაში. პირიქით, ყველა კონსერვატორი “ანტი-ტრამპისტიც” კი, აგრძელებს ტრამპის კრიტიკას, სადაც საჭიროა, მაგრამ — განსაკუთრებით, საკაბინეტო მოსმენების დაწყების შემდეგ — თანდათან რწმუნდება იმაში, რომ ტრამპმა რესპუბლიკელებს მისცა ის, რაც ათწლეულების განმავლობაში ვერ მოიტანეს ვერც მიტ რომნიმ და ვერც სხვა წარჩინებულმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა — თავად ჯონ მაკკეინის და, თუნდაც, ლინდსი გრემის თუ მარკო რუბიოს ჩათვლით.

ტრამპმა მოტანა რიცხობრივად ერთ-ერთი უძლიერესი რესპუბლიკური მმართველობის პერიოდი როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში.

ამას კარგად ხვდება მიხეილ სააკაშვილი. ის მართებულად აქებს CNN-ის თუ NBC-ს ინტერვიუებში ტრამპს გამარჯვებით დადასტურებული პოლიტიკური ნიჭიერების გამო. ასევე, სააკაშვილი გამოთქვამს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ის არავითარი სახით არ დაემორჩილება პუტინს და მის რუსეთს.

ტრამპი განახორციელებს ამერიკის ინტერესებს — როგორც ეს მეტისის დამტკიცების მოსმენამაც ცხადყო — სამხედრო ძალის, როგორც მუქარის, სრული გამოყენებით. ეს არ ნიშნავს საომარ მოქმედებებს რუსეთთან.

თუმცა ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს საქართველოს ცალმხრივად, მხოლოდ ამერიკის გადაწყვეტილების შედეგად, “ნატოში” ჩართვას — სწორედ როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს. ეს შანსი არსებობს.

ის, რომ ეს “ქართულ ოცნებას” საერთოდ არ უნდა, ვგონებ, სულ მცირე, უკანასკნელმა ოთხ წელიწადმა ნათლად აჩვენა.

ამიტომ არის აუცილებელი საქართველოში ისეთი ოპოზიციის ხელისეუფლებაში მოსვლა, რომელიც ამ პოლიტიკას ღიად გაატარებს.

შეეძლება თუ არა ეს “ევროპული საქართველოს” სახით წარმოდგენილ ფრაქციას — თუ ისევ, მართლაც განახლებულ, “ნაციონალურ მოძრაობას”?

მხოლოდ რამდენიმე მოსაზრება “ევროპული საქართველოს” პერსპექტივებზე.

პირველი, საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის ჩვეულია, რომ პოლიტიკური პარტიების ინტელექტუალური ცენტრი ყალიბდება თბილისში და ის შემდეგ აფართოვებს საკუთარ გავლენას რეგიონებში პოლიტიკური აგიტაციისა და პარტიის სტრუქტურების აგების გზით. — ამ გზას უეჭველად ღობავს დღეს ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მყარად ინარჩუნებს რეგიონებში თავის ელექტორატს. თანაც, ეს ელექტორატი აშკარად გამწყრალია “მანდატების ქურდებზე”. “ევროპულ საქართველოს” გაუჭირდება ამ ბაზის გადმობირება.

მეორე — რატომაც პარალელი გამსახურდიასთან არასწორია — გიგი უგულავა ვერ იქნება იმავე დონის ლიდერი, როგორიც არის სააკაშვილი. კი, ზვიად გამსახურდია გააძევეს და ჩეჩნეთში შეაფარა თავი; საბოლოოდ, გაურკვეველ გარემოებებში, თავი მოაკვლევინეს ან, უბრალოდ, მოკლეს. დღეს კი არსებობს ფეისბუკი. სააკაშვილი სათავეში უდგას ლეგიტიმურ ოპოზიციურ მოძრაობას უკრაინაში. ჯონ მაკკეინი მას ხვდება პირველად, სანამ საქართველოში გიორგი კვირიკაშვილს ნახავს თუ გიორგი ბოკერიას. ენმ-ის პარტიული აქტივი რეგიონებშიც და თბილისში მოქმედია; და როცა საჭიროა, ის კიევიდან ლაივ-ჩართვებსაც უზრუნველყოფს. გიგი უგულავას კი იმიჯი უკვე შელახული აქვს. ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ, მოხდა თუ არ მოხდა რაიმე გარიგება მასსა და ბიძინა ივანიშვილსა თუ მის წარმომადგენლებს შორის. მთავარია: ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ კონტექსტში მისი უეცრად ციხიდან გამოშვება, როცა — საკუთარი წერილით — განხეთქილება წამოიწყო პარტიაში, ცუდ ელფერს ქმნის.

ეს ელფერი არ გაქრება.

მესამე, სააკაშვილს კი, საპირისპიროდ, მოპოვებული აქვს მისი იმიჯისათვის დადებითი ქულა. გარეშე დამკვირვებლისათვის აშკარაა, რომ, როცა პარტიას ტოვებს — რაც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი — საპარლამენტო მანდატების მფლობელი წარმომადგენლების უმრავლესობა, ესოდენ ნაქებ ევროპულ პარტიებში მოსალოდნელი იქნებოდა ის, რომ ისინი ამ მანდატებს ჩააბარებენ კვლავ იმ პარტიას, რომლის სახელითაც მოიპოვეს. გათავისუფლებულ ადგილებზე წამოიწევდნენ სიის ქვედა ნომრები.

ეს კი არ ხდება. ასევე, ნათელია, რომ კონფლიქტი სააკაშვილის აგორებული არ არის. მისი პარტია არასასურველ ვითარებაში მოექცა, მაგრამ თამაშის წესები მას არ დაურღვევია.

გამოჩნდება, თუ რამდენად შეივსება მართლაც “ნაციონალური მოძრაობა” ახალი სახეებით. ამას 20 იანვრის ყრილობაც წარმოაჩენს. ასევე საინტერესოა იმის თვალყურის დევნა, თუ როგორ დააპირებს “ევროპული საქართველო” საკუთარი ელექტორატის ზრდას. 500 ათასის დიდი ნაწილი მათ მიმართ იმედგაცრუებულია.

თუმცა, ისევე, როგორც მაკკეინმა თუ რუბიომ ვერ შეაფასა სწორად დონალდ ტრამპის აღზევების მიზეზები — და ეს ლიდერის თვისებებთანაა დაკავშირებული — ისე უგულებელჰყოფს ახალი ფრაქცია ლიდერის და პოლიტიკის პირდაპირობის მნიშვნელობას.