საქართველო, ბენდუ და ეკონომიკური თავისუფლება

Tsotne Koberidze
5 min readFeb 9, 2017

--

ნახეთ თემა: ეკონომიკა

საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე, განვითარებადი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ეკონომიკური სიდუხჭირე წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოში დღემდე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა იმაზე, თუ რა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ქვეყანამ, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარდეს. თითოეული ადამიანის მოთხოვნილებების სრულად დასაკმაყოფილებლად რესურსები საკმარისი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მბრძანებლური (გეგმიური) ეკონომოკიდან საბაზრო ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლა მოუწია. საბაზრო ეკონომიკა ბაზარზე ორიენტირებულ, ეკონომიკურად დამოუკიდებელ და თავისუფალ მეწარმეთა საქმიანობას ემყარება. ის თავისუფალი ბაზრის სამ მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს: კერძო საკუთრებას, თავისუფალ ფასთა წარმოქმნასა და კონკურენციას.

მე-20 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ საბაზრო ეკონომიკა რესურსების გადანაწილებისა და მართვის საუკეთესო ფორმაა, გეგმიურ ეკონომიკასთან შედარებით მისი უპირატესობები დღეს უკვე ცალსახად შესამჩნევია.

საბაზრო ეკონომიკა -ეკონომიკური სისტემა, რომელიც საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ფირმებისა და საოჯახო მეურნეობის ურთიერთქმედების დროს დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მეშვეობით ამ ფირმებისა და საოჯახო მეურნეობის რესურსებს ანაწილებს.
(მენქიუ 2008, 13)

საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი და მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ფაქტორები და დეცენტრალიზებული, თავისუფალი ადამიანები არიან. იმის გამო, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმოადგენს, მას სამწუხაროდ, გეგმიური ეკონომიკის დიდი გამოცდილებაც აქვს. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკისკენ აიღო გეზი, რომელიც თავის თავში მეტ პროგრესსა და განვითარებას გულისხმობს.

„ერთი შეხედვით, საბაზრო ეკონომიკის წარმატება გაუგებარია. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი მილიონობით ოჯახისა და ფირმის დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები ქაოსს უნდა იწვევდნენ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. საბაზრო ეკონომიკამ ეკონომიკიური საქმიანობის ისეთ ორგანიზებას, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება მოსდევს, არაერთხელ გაართვა თავი წარმატებით.“
(მენქიუ 2008 13)

იმისათვის, რომ ხალხი გამდიდრდეს, თავისუფლებაა საჭირო.

2003 წლის ვარდების რევოლუცია საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა. ახალმა მთავრობამ ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძე მოიწვია. ის სათავეში ჩაუდგა იმ რეფორმებს, რამაც დააჩქარა და ხელი შეუწყო საქართველოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბებას.

რეფორმების პირველი ნაბიჯი სამთავრობო ბიუროკრატიული აპარატის სტრუქტურული და საკადრო ცვლილება იყო: 18 სამინისტროს მაგივრად 13 შეიქმნა; 52 სახელმწიფო დაწესებულებიდან 34 დარჩა; სამინისტროების თანამშრომლები 35%-ით, ხოლო მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 50%-ით შემცირდა. რეფორმირების მომდევნო, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრივატიზების ფართომასშტაბიანი ეტაპის გამოცხადება იყო. ე.წ. „სტრატეგიული ობიექტების“ არსებობის კონცეფციას უარი ეთქვა. სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება და აქტივები გასაყიდად ან გრძელვადიანი იჯარით გასაცემად გამოიტანეს, მათ შორის, პრივატიზების წინა ეტაპებზე სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მსხვილი საწარმოები, ტელეკომუნიკაციები, პორტები, აეროპორტები, ჰესები, ტბები, ტყეები და ა.შ.

პრივატიზების მთავარ ორიენტირად მაქსიმალური შემოსავლის მიღება გახდა. პირდაპირმა შემოსავალმა 2005 წელს 387 მლნ. ლარი, 2006 წელს — 464 მლნ. ლარი, ხოლო 2007 წლის პირველ ნახევარში 70 მლნ. ლარი შეადგინა. 2005 წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა. გადასახადების რიცხვი 7-მდე შემცირდა. დაიკლო საგადასახადო განაკვეთებმაც.

2005 წელს მიიღეს „საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს მონოპოლიების წარმოქმნას ბაზარზე, აკრძალულია. ახალი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი იმის აღიარება იყო, რომ საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიებს მხოლოდ სახელმწიფო ქმნის, რასაც რეგულირებისა და პრივილეგიების მინიჭებით ახერხებს. იმავე წლებში შემუშავდა შრომის ახალი კოდექსი, რომელიც სახელმწიფოს ჩარევას უფრო მინიმალურს ხდიდა, ვიდრე წინა. გარდა ამისა, მოხდა ლიცენზიებისა და სახელმწიფო ნებართვების სისტემის რეფორმაც. 909 ლიცენზიისა და ნებართვისგან მხოლოდ 92 ლიცენზია და 52 ნებართვა დარჩა. ამასთან, კანონით აიკრძალა დამატებითი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება. (რეფორმები და თავისუფლება, 2007)

დღესდღეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა არსებობს, რომელიც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თუ პიროვნული თავისუფლების დონის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. The Heritage Foundation-ის მიერ მომზადებული Index of Economic Freedom კვლევა იზიარებს ლიბერტარიანულ პრინციპებს, მოცემული ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლების დონე და შემოგვთავაზოს ის ერთიანი კვლევის სახით. კვლევაში ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით არიან განლაგებულები. მოცემული კვლევა რამდენიმე ასპექტსუთმობს ყურადღებას: ბიზნესის თავისუფლებას, ვაჭრობის თავისუფლებას (ქვეყნებს შორის), ფისკალურ თავისუფლებას, მთავრობის ხარჯსა და მის წილს ეკონომიკაში, მონეტარული ხარჯვასა და პოლიტიკას, ინვესტიციების თავისუფლებას, ფინანსურ თავისუფლებას, საკუთრების უფლების ხარისხსა და დონეს, კორუფციის მაჩვენებელსა და დასაქმებულთა თავისუფლებას. მოცემულ კვლევაში თითოეული ეს საკითხი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი და საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, კონკრეტულად რომელ სფეროში აქვს ქვეყანას უფრო მეტი პრობლემა და ჩავარდნა და რომელშია უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. 2016 წლის კვლევის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ჰონგ-კონგი 88,6 ქულით ლიდერობს, ხოლო საქართველო 23-ე ადგილს იკავებს და “MOSTLY FREE” კატეგორიას განეკუთვნება, რაც ნორმალური შედეგია. თუმცა, მაინც იგრძნობა, რომ საქართველოს საკუთრების უფლებათა კუთხით ჩავარდნები აქვს. ასევე, რეგრესია ე.წ. „THE LABOR FREEDOM”-ის ნაწილში, სადაც 2007 და 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს თითქმის 100%-იანი შედეგი ჰქონდა, თუმცა 2016 წელს რეიტინგმა 75,7 %-მდე იკლო.

მართალია, ყველა კვლევა თუ სტატია, რომელიც აღნიშნავს და წინა პლანზე წამოწევს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოს და თავისუფლების დონეს, უმნიშვნელოვანესია ინვესტორების მოსაზიდად და ეკონომიკის გასავითარებლად, თუმცა ძნელია დაარწმუნო ინვესტორები იმაში, რომ საქართველო თავისუფალი ბაზრის იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც გააჩნია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თავისუფალი ბაზრის პრინცეპებისადმი ერთგულება გაემყარებინა კონსტიტუციით.

2011 წლის 1 ივლისს ქვეყანამ მიიღო ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, სადაც წერია, რომ

„საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ, დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში“.

კანონში საკმაოდ ნათლად და მარტივად არის ჩაწერილი ის ჩამკეტი მექანიზმები და მუხლები, რომელიც სამომავლოდ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევისგან შეზღუდავს. მოცემულ კანონებში დადგენილი მაკრო ეკონომიკური პარამეტრები ქვეყანას ძალიან სანდოსა და მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციებისთვის.

კანონი შედგება 5 მუხლისგან:
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში, რაც გულისხმობს, რომ ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ასევე, დგება მაკრო ეკონომიკური ზღვრები: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 30% ; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3% ; სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 6 0%.
საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან. მოცემული კანონი 2013 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდა.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რესურსების გაზრდისა და გადანაწილების საუკეთესო მოდელია, რომელიც მუდმივი პროგრესისკენ არის მიმართული, რადგან არცერთ მთავრობასა და გონს არ შეუძლია იმაზე უკეთესად დაგეგმოს ან დაარეგულიროს ბაზარი, როგორც ეს თავისუფალ კონკურენციას, თავისუფალი ფასთა წარმოქმნასა და თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ. წესრიგი სპონტანურად მყარდება და მისი დაგეგმვა შეუძლებელია.

„ვაღიარებ, რომ მირჩევნია გულწრფელი, მაგრამ არასრულყოფილი ცოდნა მაშინაც კი, თუ ბევრი რამის ახსნა და პროგნოზირება ვერ მოხერხდება, ვიდრე პრეტენზია ზუსტ ცოდნაზე, რომელიც სავარაუდოდ, მცდარი იქნება“
(ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი)

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2007 წელს 12.5%-ს მიაღწია, თუმცა ამ წარმატების მიზეზი მთავრობის კარგი მმართველობა კი არ იყო, არამედ ის, რომ მთავრობა ნაკლებად მართავდა.

„ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები შემდეგია: მე მთავრობიდან ვარ და აქ იმისათვის ვარ რომ დაგეხმაროთ.“
(რონალდ რეიგანი)

„მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე მოკლე ფრაზით: თუ ის მოძრაობს, დაბეგრე. თუ ის მოძრაობას განაგრძობს, დაარეგულირე. და თუ ის გაჩერდება, დაასუბსიდირე.“
(რონალდ რეიგანი)

მე იმ იდეებს ვემხრობი, რომელსაც ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, კერძოდ კი, ლუდვიგ ფონ მიზესი და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი გვთავაზობდნენ. ვთვლი, რომ ჯანსაღი ეკონომიკური სტიმულების მიცემა ადამიანებისთვის მხოლოდ თავისუფალ კონკურენციას შეუძლია, ერთადერთი, რასაც გეგმიური ეკონომიკა და სოციალისტური იდეები მოიტანენ, ეს არის სიღატაკე.

„სოციალისტებს რომ ეკონომიკა ესმოდეთ, ისინი სოციალისტები აღარ იქნებოდნენ“.
(ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი)

სრულყოფილ საბაზრო ეკონომიკამდე კიდევ ბევრი გვიკლია და უამრავი ფუნდამენტური და მტკინვეული რეფორმაა გასატარებელი. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპმა რეალური პროგრესი 2004 წლიდან დაიწყო და 2008 წლამდე წელიწადში, საშუალოდ, 10.5%-ით იმატებდა. თუმცა, მთავრობამ ძალაუფლების წყურვილს ვერ გაუძლო. მათ თავიანთი პოლიტიკა შეცვალეს და ამომრჩევლებთან ვაჭრობა დაიწყეს. პოპულიზმის გზით, თავისუფალი ბაზარი კრონი კატიტალიზმმა ჩაანაცვლა, სახელმწიფო და ბიზნესი ერთ საწოლში ჩაწვნენ, ქვეყანამ მიზნად ინფრასტრუქტურის განვითარება და პროცესების ხელოვნურად მართვა განიზრახა, რამაც ავტორიტარული რეჟიმის ჩამყალიბებას შეუწყო ხელი. სახელმწიფო აპრიორი სიბოროტეა და თუ ის არ შეიზღუდება, აუცილებლად შეგვზღუდავს ჩვენ. მე არ ვთხოვ ხელისფულებას, რომ კარგად იმუშაოს, ბევრი იფიქროს და ბევრი რამ გადაწყვიტოს. ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვ (მოვითხოვ) არის შემდეგი — შეგვეშვას! შეგვეშვას! შეგვეშვას!

განვითარების ერთადერთი გზა მეტ თავისუფლებაშია.

--

--