ტყის კოდექსის მოსალოდნელი შედეგების სივრცითი ანალიზი ადგილობრივ დონეზე

Lika Zhvania
Z.axis
Published in
8 min readJun 16, 2020
წყარო: Georgian Travel Guide

ტყე, ბუნების სხვა ელემენტებთან ერთად, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ერთი მხრივ, იგი, როგორც ბიოლოგიურად მრავალფეროვანი, მიწისზედა ეკოსისტემის ნაწილი, უზრუნველყოფს ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს შექმნას. მეორეს მხრივ, მოიაზრება სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ. ტყე ასრულებს ფუნდამენტურ როლს როგორც მდგრადი ბუნებრივი გარემოს, ისე, საზოგადოების ფორმირებაში. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტყის რესურსის მართვის პრინციპებს და მასზე დაწესებულ რეგულაციებს.

საქართველოში წარმოდგენილი ტყის საფარი ქვეყნის საერთო ფართობის 40%-ს შეადგენს და მოცემული რესურსით საყოველთაო სარგებლობა (მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით) უზრუნველყოფილია კონსტიტუციით, მუხლი 29. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლმენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსის კანონპროექტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. მოცემული კანონპროექტი სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის პროდუქტებით სარგებლობა, ეხმიანება საკუთრების საკითხს და ტყეზე საკუთრების ახალ ფორმებს გვთავაზობს. კერძოდ, სახელმწიფო და მუნიციპალურის გარდა, დაშვებულია კერძო ტიპის საკუთრება. ამასთან, ერთ-ერთ ინსტიტუციას, საქართველოს საპატრიარქოს, ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას და სურვილის შემთხვევაში გადასცემს ტყის გარკვეულ ფართობს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით — საქართველოს ტყის კოდექსი; მუხლი 15.

…შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები -თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარისა, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები… — „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; მუხლი 6.

გარდა იმისა, რომ კოდექსი კონსტიტუციურ უფლებას არღვევს და ხელჰყოფს სახელმწიფოს ბუნებრივ საკუთრებას, ხელს უწყობს არათანაბარი გარემოს შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისით. ვცდილობ, სივრცითი ანალიზის საფუძველზე, შევაფასო კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები.

მეთოდოლოგია

ანალიზი ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას. კერძოდ, ტყის საფარი წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემს და ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის ნაწილია. მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტ წყაროში (გარდა მცირე ნაწილისა, რომელიც იდენთიფიცირდა Google Maps საშუალებით) და მოვახდინე ინფორმაციის გეოგრაფიული ასახვა (ჯამში 405 ეკლესია-მონასტერი). დემოგრაფიული მაჩვენებლები წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს (საქსტატი, 2014).

უნდა აღინიშნოს, რომ კანონით არ არის განსაზღვრული თუ რა მანძილი მოიაზრება ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებულ ტყემდე. მიმდებარე მანძილის ინდივიდუალური აღქმა, რასაკვირველია, მანიპულაციის საშუალებას იძლევა და შესაძლოა თითოეული ეკლესიის შემთხვევაში განსხვავებული მანძილი იქნას დადგენილი. ანალიზში გამოვიყენე მხოლოდ ის ეკლესია-მონასტრები, რომელთა მაქსიმალური მანძილი მიმდებარე ტყის კონტურამდე არის 500 მეტრი. ჯამში, გამოვლინდა 252 ასეთი ერთეული; აქედან, 19.8% (50 ერთეული) უშუალოდ ტყეშია განლაგებული, ხოლო 44.4% (112 ერთეული) ტყის კონტურამდე დაშორებულია 100 მ-მდე მანძილით. შედეგად, ეკლესიების უმრავლესობა - 64.2%, ტყეში, ან ტყესთან ძალიან ახლოს, მდებარეობს. დანარჩენი - 35.2%, 100-დან 500 მ-მდე მანძილით არის დაშორებული, რაც, ახლო განლაგებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ანალიზისთვის შერჩეული მანძილი პირობითია და ვფიქრობ, მინიმალურია იმისა, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნას მიმდებარე მანძილად.

ანალიზი, თავისთავად, არ არის სრული რიგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  1. ტყის საფარის სახით გამოყენებული ინფორმაცია ტყის ბუნებრივ კონტურს წარმოადგენს, თუმცა, ასევე არსებობს სახელმწიფო ტყის ფონდი, რომლის საზღვრებიც არ მოდის სრულ თანხვედრაში ტყის ბუნებრივ საფართან. ამასთან, კოდექსის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა მოხდეს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება (საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 96);
  2. მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების რაოდენობა სავარაუდოდ ბევრად მეტია, ვიდრე მოძიებული მონაცემი;
  3. არ არსებობს დეტალურად შემუშავებული და სამართლებრივად დადგენილი მექანიზმები, საქართველოს საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის გადაცემის პირობებთან დაკავშირებით.

მიუხედავად აღნიშნული ნაკლოვანებებისა, ანალიზი ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ საპატრიარქოსთვის ტყის რესურსის საკუთრებაში გადაცემის უარყოფითი შედეგები ადგილობრივ დონეზე, რაც თეორიულად შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე აქ არის წარმოდგენილი.

ილუსტრაცია 1. ბუნებრივი რესურსების და მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების სივრცითი განაწილება საქართველოში

ტყე და ეკლესია

ილუსტრაცია 1 ასახავს ბუნებრივი რესურსების - ტყისა და ჰიდროგრაფიის, და მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების სივრცით განაწილებას სამხარეო საზღვრების ფარგლებში. პირველი, რაც თვალსაჩინოა, ეს არის რეგიონებში ბუნებრივი რესურსების არათანაბარი განაწილება. ტყის საფარით უმეტესწილად დაფარულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილი, სადაც ტყეს ტერიტორიის უდიდესი ნაწილია უკავია. ხოლო, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გარდა გარკვეული ფრაგმენტებისა, ტყის რესურსი მცირეა. რაც შეეხება ეკლესია-მონასტრების განაწილებას, ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი, რაც საქართველოს საპატრიარქოს აძლევს შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ფლობდეს ეკლესიების მიმდებარე ტყის ფართობს. გარკვეულ არეალებში კი ეკლესიების მაღალი თავმოყრა განაპირობებს მსხვილი საკუთრებების წარმოქმნას. შესაბამისად, რეგიონებში, სადაც, ერთი მხრივ, მცირეა ტყის რესურსი, ხოლო მეორეს მხრივ, დიდი რაოდენობით ეკლესიებია წარმოდგენილი, საპატრიარქოსთვის პოტენციურად გადასაცემი ტყის ფართობის ხარჯზე, მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყე და ამასთან, მოსახლეობის მიერ მისით სარგებლობის შესაძლებლობა.

საინტერესოა კლასტერების სახით წარმოქმნილი ორი არეალი, სადაც გახმაურებულია დაპირისპირება ეკლესიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დაპირისპირების საგანს, ძამას ხეობის და ბოდბის ეპარქიებში, წარმოადგენს ადგილობრივი მიწები.

სახელმწიფოს გარდა ტყის მესაკუთრე შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტიც. ამიტომ, ადგილობრივ დონეზე შეფასება მეტად მნიშვნელოვანია. ილუსტრაცია 2-ზე წარმოდგენილია ორი რუკა, რომელთაგან პირველი გვიჩვენებს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული ტყის რესურსის შეფარდებას მის საერთო ფართობთან, ხოლო მეორე, მუნიციპალიტეტებში საპატრიარქოს ტყის პოტენციური რესურსის განაწილებას. მუნიციპალიტეტებში ტყის რესურსის განაწილების მაჩვენებლები განსხვავებულია და სამი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა, სადაც ტყეს მთლიანი ფართობის პროცენტული წილი უჭირავს: 1. 10%-ზე ნაკლები (ჯამში ასეთი 12 მუნიციპალიტეტია); 2. 11–50% (39 მუნიც.); 3. 50%-ზე მეტი (19 მუნიც.). ხოლო, ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტყის საფარი არ ვრცელდება. ამგვარად, ტყის რესურსის გეოგრაფიული განაწილება ადგილობრივ ერთეულებს შორის არათანაბარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საზღვრებში წარმოდგენილი ტყე არ გულისხმობს, რომ მისი მესაკუთრე მუნიციპალიტეტია. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის კრიტერიუმების განსაზღვრა და მისი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესების შემუშავება 2030 წლის 1 იანვრამდე (ტყის კოდექსი, მუხლი 95).

ილუსტრაცია 2. ტყის რესურსის შეფასება მუნიციპალიტეტების მიხედვით

ამავე ილუსტრაციაზე, მეორე რუკა გვიჩვენებს საპატრიარქოს რესურსს მუნიციპალიტეტის რესურსთან შეფარდებით. მოცემული სურათის მიხედვით, საპატრიარქოს მხოლოდ 17 მუნიციპალიტეტში არ გააჩნია პოტენციური რესურსი, რადგანაც ამ ერთეულებში ტყიდან 500 მ-ში არ არის წარმოდგენილი ეკლესია-მონასტრები. ხოლო, ყველა დანარჩენ შემთხვევაში (54 მუნიც.) გააჩნია პოტენციური რესურსი. ერთეულების უმრავლესობაში (38 მუნიც.) საპატრიარქოს რესურსი 1%-მდეა. ეს არის მუნიციპალიტეტები, სადაც ტყის ფენა დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება (50%<), ან ეკლესია-მონასტრები მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. 16 მუნიციპალიტეტში კი საპატრიარქოს რესურსი 1-დან 79%-მდე (ქ.ახალციხე) ვარირებს. მოცემული ორი რუკის შედარება თვალსაჩინოს ხდის, რომ რიგ შემთხვევებში, საპატრიარქოს რესურსი განაპირობებს მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო/მუნიციპალური ტყის ფართობის მკვეთრ შემცირებას.

ყურადსაღებია ასევე, ტყის მართვის მოდელის რამდენიმე ასპექტი:

  1. მუნიციპალიტეტის საზღვრებში წარმოდგენილი სხვადასხვა სტატუსის მქონე ტყის მიმართ შესაძლოა განსხვავებული მართვითი ღონისძიებები იქნას გატარებული — მუხლი 21, პუნქტი 5.
  2. გაურკვეველია კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეზე ზედამხედველობის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (მუხლი 22, პუნქტი 1).
  3. გაურკვეველია სტიქიური მოვლენების დროს, კერძო მესაკუთრის როლი და პასუხისმგებლობა - კოდექსის თანახმად, ტყის მართვის ორგანო მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში, თუმცა არ არის მითითება კერძო მესაკუთრის პასუხისმგებლობაზე ამ ნაწილში. ასევე, საინტერესოა 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის დამატებითი ფინანსური დანახარჯები დაშვებულია.

სტიქიური მოვლენებიდან, აქტუალურია ხანძარი (იხ. საქართველოში ხანძრების სივრცითი ანალიზის შესახებ). ხანძრების გავრცელების რუკაზე სტიქიის სიხშირე თვალსაჩინოა. ასევე, ვხედავთ, რომ ხანძრების გავრცელება 2014–2018 წლებში ძალზედ მაღალი იყო იმ არეალებში, სადაც საპატრიარქოს პოტენციური რესურსი დიდია. ხანძრით დაზიანებულ ტყესთან მიმართებაში გასატარებელი ღონისძიებები სპეციფიურია, რადგან ტყის საფარის აღდგენა საკმაოდ რთული პროცესია. საეჭვოა, საპატრიარქოს კომპეტენციის ფარგლებში, რამდენად მართებული ღონისძიებების გატარებას უნდა ველოდოთ მსგავს ვითარებაში. მით უფრო, მოცემული ღონისძიებები დამატებით დანახარჯებს მოითხოვს, რაც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება. შედეგად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ფლობდეს კონკრეტული ინსტიტუცია ხალხის ბუნებრივ რესურსს, ზღუდავდეს მოსახლეობის მიერ მისით სარგებლობის უფლებას და ამასთან, ვერ უზრუნველყოფდეს მის კონსერვაციას და დაცვა/აღდგენისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

ტყის რესურსი ერთ სულ მოსახლეზე

ტყის ერთ სულ მოსახლეზე განაწილება არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ტყის რესურსზე ადამიანური ზემოქმედების შესაფასებლად. ქვეყნის, როგორც „ტყით მდიდარი“ ან „ტყით ღარიბი“, შეფასებისას, საგულისხმოა გარკვეული გარემოებების გათვალისწინება და რესურსის არა ერთიანობაში, არამედ ერთ სულ მოსახლეზე დაფუძნებით გაანალიზება. ზოგადად, ტყე განსხვავდება ტიპისა და გარემო პირობების მიხედვით, მაგ: მშრალი, ნელა ზრდადი, მეჩხერი, მჭიდრო, მაღალპროდუქტიული ტენიანი და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია ტყის პროდუქტების გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების, მის ჩამნაცვლებელ სხვა პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის და წარმოების მოცულობის შეფასება. ტყის ფართობის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე აღწერს ტყეზე ზემოქმედების მხოლოდ ერთ ელემენტს (Constance L. McDermott et al., 2010).

ამდენად, ერთ სულზე განაწილებული ტყის ფართობის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაშიც კი, ბუნებრივი პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა უარყოფითი იყოს ტყეზე, და ზოგადად ბუნებაზე, ადამიანური ზემოქმედება. ტყის დიდი ფართობი თავისთავად არ გულისხმობს მასში არსებული პროდუქტების დიდ რესურსს და სხვა დამატებითი გარემოებების უგულვებელყოფის შემთხვევაში, შესაძლოა არარაციონალურად მოხდეს მისი მოხმარება. ხოლო, მცირე რესურსის შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება ამის რისკი. საპატრიარქოსთვის გადაცემული ტყის ტერიტორიაზე შეიზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის პროდუტების გამოყენება, რადგანაც კერძო ტიპის ტყეზე დაშვებულია მხოლოდ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება (თუმცა, შესაძლოა შეიზღუდოს გარკვეული დაცვითი/აღდგენითი სამუშაოების პერიოდში), ხოლო, ტყის პროდუქტების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, შემცირებულ ტყის ფართობზე გაიზრდება დატვირთვა, რაც თავისთავად გაზრდის ბუნებაზე ადამიანურ ზემოქმედებას.

ილუსტრაცია 3. ტყის რესურსის შემცირება ერთ სულ მოსახლეზე, საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შემთხვევაში

ილუსტრაცია 3 ასახავს ერთ სულ მოსახლეზე ტყის ფართობის შემცირების მაჩვენებლებს (%) საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შემთხვევაში. ასევე, ერთ სულზე განაწილებულ ფართობს (კვ.მ) არსებულ და ცვლილებით გამოწვეულ შემთხვევებში. მუნიციპალიტეტების უდიდეს ნაწილში მცირდება მაჩვენებელი, თუმცა რამდენიმე მათგანში უკიდურესად იკლებს ერთ სულზე განაწილებული რესურსი, მაგ: ქ.ახალციხე, სადაც ისედაც მცირეა მაჩვენებლი - ერთ სულზე 14.2 კვ.მ, კრიტიკულად იკლებს (78.65%) და შეადგენს 3 კვ.მ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე რესურსის მნიშვნელოვანი კლება ძირითადად ქალაქებში შეინიშნება, სადაც ურბანული ტყე დამატებითი ღირებულების და მნიშვნელობის მქონეა.

საპატრიარქოს მაღალი ინტერესი უძრავ ქონებასთან მიმართებაში

ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკული ანალიზი (ილ. 4) თვალსაჩინო ილუსტრირებაა იმისა, რომ საპატრიარქოს დინამიურად მაღალი ინტერესი გააჩნია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მოცემული ანალიზი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებულ ინფორმაციას და მოიცავს 2006 წლიდან 2020 წლის მარტის თვემდე პერიოდში უძრავ ქონებაზე გაკეთებულ განაცხადებს. მონაცემებში „წელი“ გულისხმობს საჯარო რეესტრში განაცხადის შეტანის თარიღს.

ილუსტრაცია 4. საპატრიარქოს მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადების შეფასება

პირველ რიგში, თვალსაჩინოა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მიმართვიანობის პროცესი 2009 წლიდან გააქტიურდა და თითქმის ინარჩუნებს ტენდენციას, თუმცა, მაჩვენებლები გარკვეულ წლებში გამოკვეთილად მაღალია.

მეორე გრაფიკი აჯამებს განაცხადის ტიპებს. (მოძიებული განაცახდების ტიპები დაჯგუფებულია 5 ძირითად კატეგორიად, იხ. დეტალურად). როგორც ვხედავთ, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების ჩუქება/გადაცემა მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტუალური იყო. საინტერესოა ის გარემოება, რომ თუკი 2016 წლამდე ძირითადად რეგისტრაციისა და არსებულ რეგისტრაციებში ცვლილების განხორციელების მიზნით ხდებოდა განაცხადების შეტანა, 2016 წლიდან, დაიწყო რეგისტრაციის მოთხოვნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და ამ ტიპის განაცხადების რაოდენობამ პიკს მიაღწია 2019 წელს. სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ტიპი ამყარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაღალია კონკრეტული რელიგიური ინსტიტუციის მიმართ მხარდაჭერა.

მესამე გრაფიკზე ნაჩვენებია საპატრიარქოს განაცხადებზე მიღებული გადაწყვეტილებების პროცენტული განაწილება. სტატუსი „დასრულებული“ გულისხმობს განაცხადის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება სტატუსებს — „შეწყვეტილი“, „უარი“, ანალიზში არ არის წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებათა მიზეზი. როგორც ვხედავთ, უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. განაცხადის მოთხოვნაზე უარი პროცენტულად ძალზედ მცირეა წლების მანძლზე, გარდა მაჩვენებლის მცირედით გაზრდისა, 2019 წელს. შეწყვეტის სტატუსი ასევე მცირე წილითაა წარმოდგენილი, თუმცა, 2016–2019 წლებში შედარებით გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 1/5 შეადგინა. რაც შეეხება, მიმდინარე განაცხადებს, მხოლოდ 2017–2020 წლებში დარეგისტრირებული განაცხადები არის განხილვის პროცესში. აქედან, 2017–2019 წლებში მათი განაწილება მცირეა. ხოლო, 2020 წელს, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ მონაცემები 2020 წლის მარტის თვეში იქნა მოპოვებული, როცა კალენდარული წელი ახალი დაწყებული იყო.

განაცხადების სივრცითი განაწილება გვიჩვენებს, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი განაცხადი ქ. თბილისში არსებულ უძრავ ქონებაზე გაკეთდა. ასევე, შედარებით მაღალია დედაქალაქის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში გაკეთებული განაცხადები. თუმცა, ყველა მუნიციპალიტეტი (გარდა ორისა) მოიცვა ამ პერიოდში დარეგისტრირებულმა განაცხადებმა.

ამგვარად, უძრავი ქონების განაცხადების შეფასება ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ საპატრიარქო გამოიყენებს ტყის კოდექსით მინიჭებულ პრივილეგიას და ტყის დარეგისტრირების ყველა შესაძლებლობას მიმართავს.

დასკვნა

ტყის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კოდექსის მეტად სიღრმისეულად გააზრება მრავალი კომპონენტის გათვალისწინებით, ვიდრე მოცემულ სტატიაში იქნა განხილული. თუმცა, მოცემული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება გარკვეული საფრთხეების შემცველია, რომელთაგან გამოიკვეთება შემდეგი:

  1. ტყის რესურსის მართვის მოდელი, რომელშიც ერთ-ერთი აქტორი არის რელიგიური ინსტიტუცია. გარდა ამისა, საპატრიარქო ექსკლუზიური სუბიექტია, რაც არასამართლიან გარემოს ქმნის სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ.
  2. ტყის რესურსის სამართავად დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულების მონიტორინგის სირთულე, რასაც მოწმობს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილებაც. კერძოდ, მსოფლიო პანდემიის პირობებში, საქართველოს საპატრიარქო აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელზეც არ გავრცელდა სამთავრობო რეგულაციები. ხოლო, ზედამხედველობის განხორციელება მუნიციპალიტეტების მიერ კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს სუსტი თვითმმართველობების პირობებში.
  3. ქვეყნის მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა. ამ მხრივ, საინტერესო იქნება მოსახლეობის ტყეზე დამოკიდებულების შეფასება.
  4. ბუნებრივ გარემოზე ადამიანური ზემოქმედების ზრდის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მიერ ტყის პროდუქტების მოხმარების ინტენსივობა შენარჩუნდება ტყის შემცირებულ ფართობზე, შესაძლოა დაირღვეს ტყის რესურსების რაციონალურად გამოყენების პრინციპი.

--

--