Strengthening political pluralism in Georgia

    ორად დაყოფა: რა განაპირობებს პოლარიზაციას საქართველოში?

    გაკვეთილები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან

    Presidential palace, Tbilisi, Georgia

    თორნიკე ზურაბაშვილი

    თორნიკე ზურაბაშვილი 2016 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე ონლაინგამოცემა Civil.ge-ს მთავარ რედაქტორი იყო. ის ამჟამად ევრაზიის დემოკრატიის და უსაფრთხოების ქსელის (EDSN) მკვლევარია.

    Find the English version of this article here:

    მოკლე მიმოხილვა

    წინამდებარე ნაშრომი პოლარიზაციის ფენომენს საქართველოს კონტექსტში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმეტესწილად ფორმალური როლი აქვს, საარჩევნო კამპანია პოლარიზაციის უპრეცედენტო ხარისხით გამოირჩეოდა — წინასაარჩევნო პერიოდს საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაცია, ვერბალური შეტევები და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიები ახასიათებდა. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ მოვლენებს მიმოიხილავს. ნაშრომი აღწერს საპრეზიდენტო არჩევნების პოლიტიკურ კონტექსტს და ორი ძირითადი კანდიდატის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო სტრატეგიებს. ნაშრომი ასევე მიმოიხილავს ტელევიზიისა და სოციალური მედიის როლს პოლარიზაციის გაღრმავებაში. ავტორი ასკვნის, რომ პოლარიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სახიფათო ნიშნულს მიაღწია, და რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას პოლარიზაციის გაღრმავებამ შესაძლოა ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს საფრთხე შეუქმნას.

    შესავალი

    პოლარიზაციის ფენომენი[1] ქართული პოლიტიკისთვის არახალია. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უკიდურესი პარტიული დაპირისპირება ქართული პოლიტიკური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. პარტიული პოლიტიკა ტრადიციულად ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ბანაკს შორის მიმდინარეობდა. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული ბუნება და კომუნისტური პერიოდის ტოტალიტარული მემკვიდრეობა.

    პოლარიზაციის პოლიტიკა თანაბრად გამოიყენებოდა როგორც ოპიზიციის, ისე ხელისუფლების მიერ, მაგრამ, ოპონენტების ანტაგონიზების უფრო მეტი სტიმული, როგორც წესი, უფრო მმართველ ძალებს ჰქონდათ. პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების არარსებობის ფონზე, მმართველი პარტიები საპროტესტო ხმების შესუსტებას ოპოზიციის მარგინალიზაციით და „ჩვენ სხვების წინააღმდეგ“ ნარატივებით ცდილობდნენ. „სხვები“ დროთა განმავლობაში იცვლებოდნენ; 1990-იანი წლების „კომუნისტები“ და „ზვიადისტები,[2]” მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს „რეფორმების მოწინააღმდეგებით“ და „რევანშისტებით“ ჩანაცვლდნენ.

    „სხვების“ მსგავსად, იცვლებოდა პოლიტიკური კონტექსტიც, მაგრამ პოლარიზაციის სტრუქტურა და დინამიკა უცვლელი რჩებოდა. მმართველი და ოპოზიციური პარტიები თანაბრად უარყოფდნენ მოწინააღმდეგის ლეგიტიმურობას, უგულებელყოფდნენ საერთო ინტერესებს და პოლიტიკას ნულოვანი ჯამის თამაშად განიხილავდნენ. პარტიები არჩევანს ნეგატიურ კამპანიაზე აკეთებდნენ და ამომრჩევლების მიმხრობას იდენტობის პოლიტიკითა და კარგსა და ბოროტს შორის დაპირისპირების ნარატივებით ცდილობდნენ.

    2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პოლარიზაციის უარყოფითი მხარეების სახელმძღვანელო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმეტესწილად ფორმალური როლი აქვს, საარჩევნო კამპანია პოლარიზაციის უპრეცედენტო ხარისხით გამოირჩეოდა. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო კამპანია თანდათან ორი ძირითადი პარტიის — მმართველი ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირების ველად გადაიქცა. წინასაარჩევნო პერიოდს საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაცია, ვერბალური შეტევები და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიები ახასიათებდა. წინამდებარე კვლევა სწორედ ამ მოვლენებს მიმოიხილავს; ნაშრომი აანალიზებს პოლარიზაციის წყაროებს და დაპირისპირებული ბანაკების საარჩევნო სტრატეგიებს.

    არჩევნების შედეგები და შეფასებები

    საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლოჯერ ასარჩევად მივიდნენ[3] (2013 წლის ოქტომბრიდან ეს პოზიცია გიორგი მარგველაშვილს ეკავა). არჩევნებზე სულ 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების 50%-ის მოგროვება და მეორე ტურში, ორი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე კანდიდატი — ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი (38.64%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე (37.74%) — გადავიდა.[4] ევროპული საქართველოს წარდგენილი დავით ბაქრაძე 10.97%-ით მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ვაშაძეს დაუჭირა მხარი. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა. ზურაბიშვილმა ამჯერად ხმების 59.52% მოაგროვა, ხოლო ვაშაძემ 40.48%. ამ უკანასკნელმა არჩევნების შედეგები არ აღიარა, მისივე თქმით — არჩევნების მასიურად გაყალბების გამო.

    საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მათ შორის აშშ-ს ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) არჩევნები სიფრთხილით, თუმცა მაინც დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და მთლიანობაში ორგანიზებულად წარიმართა. თუმცა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მთელ რიგ დარღვევებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, ძალადობრივ ინციდენტებზე და ამომრჩევლების დაშინების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. მათივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი ნეგატიური კამპანიით, რადიკალური რიტორიკითა და პიროვნული თავდასხმებით ხასიათდებოდა, განსაკუთრებით მეორე ტურის წინ.

    უკიდურეს პოლარიზაციაზე საუბრობდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების მეორე ტურის პერიოდი „კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა“. ორგანიზაციების თქმით, „წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიული რიტორიკის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების მომსწრე გახდა.“

    საარჩევნო კამპანიისას ნეგატიურობის მაღალი ხარისხი ასევე დადასტურებულია ნეგატიური კამპანიის შედარებითი საექსპერტო კვლევის მონაცემთა ბაზით (Negative Campaigning Comparative Expert Survey Dataset). გრაფიკები 1 და 2, რომლებიც ამ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობითაა შედგენილი, აჩვენებს, რომ ნეგატიური კამპანიის ინტენსივობა გაცილებით უფრო მაღალი იყო 2018 წელს, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.

    დიაგრამა 1: კამპანიის ტონი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, პარტიების მიხედვით.[5]

    დიაგრამა 2: კამპანიის ტონი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, კანდიდატების მიხედვით.[6]

    პოლიტიკური კონტექსტი

    საქართველოში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია, დიდწილად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებითაა განპირობებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა (55%-ით 41%-ის წინააღმდეგ). ამჟამინდელი პოლარიზაციაც სათავეს სწორედ ზემოთ ხსენებული არჩევნებიდან იღებს. ქართულმა ოცნებამ, რომელმაც თავისი პარტიული იდენტობა ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებით შექმნა, არჩევნების შემდეგ ოპონენტების მიმართ ღიად კონფრონტაციული სტრატეგია აირჩია. პარტიული დაპირისპირების გაღრმავებას ხელი შეუწყო ნაციონალურმა მოძრაობამაც; წაგებული არჩევნებით და ლიდერების დაკავებებით დასუსტებულმა პარტიამ, პარტიული დისციპლინისა და ამომრჩევლის შენარჩუნება რადიკალურ მესიჯებზე აქცენტირებით გადაწყვიტა.

    ამ ტაქტიკამ ორივე პარტიას მოუტანა გარკვეული შედეგები. მათ წარმატებით შეასუსტეს ე.წ. „მესამე“ პარტიები, გააძლიერეს შიდა პარტიული დისციპლინა და მოახდინეს ამომრჩეველთა მობილიზება. საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ — 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო — არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 48.68% მოიპოვა, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ — ხმების 27.11%. შედეგად, ამ არჩევნებით, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მათი, როგორც უდიდესი საპარლამენტო პარტიების სტატუსი განიმტკიცეს.[7] თუმცა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია საზოგადოების ერთიანობაზე და ქართულ დემოკრატიაზე. პარტიის ლიდერების რადიკალურმა რიტორიკამ კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა შეამცირა და მათ მომხრეებს შორის არსებული დაპირისპირება გაამძაფრა. პოლარიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მხარეები უფრო და უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, მათ შორის ნეიტრალური მოვლენების შეფასებებშიც. ამ პროცესებს კარგად აღწერს NDI-ის 2017 წლის მუნიციპალური არჩევნების შეფასება, რომლის თანახმად:

    „წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს წააწყდა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია; და რეფორმები, რომლის მიზანი ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა… ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით; და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით“.

    ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება იდეოლოგიური მიზეზებით განპირობებული არასოდეს ყოფილა. დიაგრამა 3 აჩვენებს, რომ ორ პარტიას შორის არსებული იდეოლოგიური დაშორება 2012 და 2016 წლების არჩევნებს შორის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ პერიოდში, პარტიული დებატები უფრო მეტად რუსეთის მიმართ საქართველოს პოზიციის შესახებ მიმდინარეობდა. ამ პროცესში კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსკოვის მიმართ უკომპრომისო პოლიტიკის მედროშედ გვევლინებოდა, ხოლო ქართული ოცნება მოსკოვთან ეკონომიკური და პოლიტიკურ ნორმალიზაციის მომხრედ. დებატები მიმდინარეობდა დემოკრატიის საკითხზეც, სადაც ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის „ერთპიროვნული“ და „არაფორმალური“ მმართველობის რადიკალურ კრიტიკოსად პოზიციონირდა, ხოლო ქართული ოცნება წესრიგისა და სტაბილურობის ნარატივებს ეყრდნობოდა.

    დიაგრამა 3: პარტიების იდეოლოგიური პოზიციები მემარჯვენე-მემარცხენე ინდექსის მიხედვით (2008, 2012, 2016 საპარლამენტო არჩევნები).[8]

    კამპანიის სტრატეგია

    ქართული ოცნების თავდაპირველი სტრატეგია საკმაოდ პასიური იყო. ის, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის ოპოზიციისთვის დათმობას ან „ნეიტრალური, ზეპარტიული“ კანდიდატის მხარდაჭერას განიხილავდა, ქართული ოცნებისთვის ამ არჩევნების ნაკლებ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის, საფრანგეთში დაბადებული კარიერული დიპლომატის და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგენა გადაწყვიტა. ზურაბიშვილის თავდაპირველი კამპანიის სტრატეგია „ზეპარტიული“ კანდიდატის იმიჯს შეესაბამებოდა — ზურაბიშვილი თავს გამაერთიანებელ ლიდერად წარმოაჩენდა და ისეთ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობა, ემიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

    საარჩევნო მოტივაცია რადიკალურად განსხვავებული იყო მეორე მხარეს. ნაციონალურ მოძრაობას, ვაშაძის გამარჯვებით, მათი დამარცხებების ციკლის და ქართული ოცნების უძლეველობის მითის დასრულება სურდა. შესაბამისად, პარტიამ არჩევანი თავიდანვე შემტევ სტრატეგიაზე გააკეთა. ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებდნენ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც ის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ვაშაძემ მკაცრი პოზიცია დაიკავა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელმაც ეკლესიის მკვეთრი კრიტიკაც დაიმსახურა. პარტიამ ასევე დადო პირობა, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდნენ.

    მეორე ტურის წინ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სტრატეგია მთლიანად შეცვალა. ოპოზიციის შესაძლო გამარჯვების შიშით, პარტიამ სალომე ზურაბიშვილის კამპანია სრულად აიღო ხელში და უფრო აქტიური გახდა; თბილისის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პოსტერები გამოჩნდა, ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე და სატელევიზიო რეკლამებში კი, საპრეზიდენტო კანდიდატი ქართული ოცნების ლიდერებმა ჩაანაცვლეს. ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო რამდენიმე აქციაც, ძირითადად ახლადშექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ. მთავრობამ ვალების ჩამოწერის მასიური გეგმაც წარმოადგინა და სოციალური ხარჯებიც გაზარდა.

    შედეგად, პარტიების რიტორიკა გაცილებით უფრო რადიკალური გახდა და მათი მიზანი მოწინააღმდეგის მაქსიმალურად ცუდი მხრით წარმოჩენა გახდა. ხშირი იყო ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის „მოღალატედ,“ ხოლო ნაციონალური მოძრაობის „კრიმინალურ, ბინძურ“ პოლიტიკურ ძალად მოხსენიება. გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ქართული ოცნება ავტორიტარიზმს, რუსეთის ინტერესებსა და ოლიგარქიულ მმართველობას განასახიერებდა. ზურაბიშვილის ბანაკი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ ოპოზიციას ვითარების დესტაბილიზაცია და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა სურდა. მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის შესაძლებლობაზეც მიუთითებდა. ყურადღებას ამახვილებდნენ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მომხდარ გახმაურებულ საქმეებზეც, მათ შორის რობაქიძისა და გირგვლიანის მკვლელობებზე.

    კამპანიის დროს მრავლად იყო ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობის ინციდენტებიც; ვაშაძის შტაბი ხელისუფლებას დამნაშავეებზე ხელის დაფარებაში სდებდა ბრალს.

    ფეისბუქი, როგორც ბრძოლის ველი

    საარჩევნო კამპანიაში აქტიურად გამოიყენებოდა ფეისბუქიც, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია რეგისტრირებული და პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების მიერ აქტიურად გამოიყენება. განსაკუთრებით იყო გავრცელებული კანდიდატების მადისკრედიტირებელი კამპანიები. სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში, ორგანიზაცია ISFED-მა, მეორე ტურის წინ, 160 ასეთი გვერდი აღნუსხა.

    ორგანიზაციის თანახმად, დისკრედიტაციული გვერდები მოქმედებდნენ როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ. გვერდები სხვადასხვა თემაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა, ბრალდებების უმრავლესობა ზურაბიშვილისა და ვაშაძის შესაძლო რუსულ კავშირებს და ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობების სავარაუდო გადაცდომებს ეხებოდა. ISFED-ის თანახმად, ამ გვერდებზე „მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული და, შეიძლება ითქვას, ამორალური კამპანია მიმდინარეობდა“. პოსტები ეხებოდა კანდიდატების პირად ცხოვრებასაც. ხშირი იყო ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის შემცველი პოსტებიც.

    ISFED-ის განცხადებით, 72 გვერდი ვაშაძისა და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებდა, 43 გვერდი კი, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ვაშაძის საწინააღმდეგო გვერდებს ჯამში 712,924 მომწონებელი ჰყავდათ და 29 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე 3,164 პოსტი გამოაქვეყნეს. ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გვერდებს კი, ჯამში 721,646 მომწონებელი ჰყავდათ და საანგარიშო პერიოდში 8,383 პოსტი გამოაქვეყნეს. ვაშაძის საწინააღმდეგო 282 პოსტი დასპონსორებული იყო, ხოლო 28 პოსტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო დასპონსორებული. დიაგრამები 4 და 5 ზურაბიშვილისა და ვაშაძის წინააღმდეგ წარმოებული გვერდების აქტიურობას და პოსტების რეიტინგებს აჩვენებს.

    გრაფიკა 4: სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების საწინააღმდეგო ფეისბუქ გვერდების აქტივობა (ივნისი 1-დეკემბერი 2).[9]

    დიაგრამა 5: გრიგოლ ვაშაძისა და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ფეისბუქ გვერდების აქტივობა (ივნისი 1-დეკემბერი 2).[10]

    ტელევიზიების ნეგატიური კამპანია

    პარტიული მესიჯები ორი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის, იმედისა და რუსთავი 2-ის მეშვეობითაც ვრცელდებოდა. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მედია უკიდურესად პოლარიზებული იყო, მაგრამ ეს ორი არხი მაინც გამოირჩეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ მხარდაჭერის და კრიტიკის უპეცედენტოდ მაღალი ხარისხით. რუსთავი 2 მწვავედ აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას, ხოლო იმედი ღიად ეწეოდა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო კამპანიას.

    გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული მედიის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ამ ორმა არხმა „დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა“. დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტები ღიად და მიკერძოებული ტექსტებით, ზოგჯერ კი, შეურაცხმყოფელი ციტატებით აკრიტიკებდნენ კანდიდატებს. სოციალური მედიის მსგავსად, ბრალდებების უმრავლესობა ზურაბიშვილისა და ვაშაძის შესაძლო რუსულ კავშირებს და ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობების სავარაუდო გადაცდომებს ეხებოდა.

    დიაგრამა 6: ზურაბიშვილისა და ვაშაძის გაშუქების ტონი სამ ეროვნულ მაუწყებელში.[11]

    დიაგრამა 6 აჩვენებს, რომ რუსთავი 2-ზე ზურაბიშვილის გაშუქების 68% ნეგატიური იყო, 31% ნეიტრალური და 1% პოზიტიური. ციფრები საგრძნობლადაა განსხვავებული ვაშაძის შემთხვევაში; მისი კამპანია პოზიტიურად გაშუქდა 14%-ით, ნეიტრალურად 84%-ით და ნეგატიურად 2%-ით. ტელეკომპანია იმედზე ზურაბიშვილის დადებითი გაშუქება 6% იყო, ნეიტრალური 55 და უარყოფითი 8%. ვაშაძის კამპანია პოზიტიურად გაშუქდა 1%-ით, ნეიტრალურად 45%-ით და ნეგატიურად 1%-ით.

    დასკვნა

    ანტაგონიზმის ლეგიტიმური დონე დემოკრატიისა და პარტიული პოლიტიკისათვის შესაძლოა სასარგებლოც იყოს; ის პოლიტიკურ არჩევანს ამარტივებს, ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას და ხელს უწყობს პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. თუმცა, პოლარიზაციის დონემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას სარისკო ნიშნულს მიაღწია. ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოყენებულმა რადიკალურმა რიტორიკამ და სოციალურ მედიაში და პარტიულ ტელევიზიებში მიმდინარე დისკრედიტაციულმა კამპანიებმა, კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა შეამცირა და მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის არსებული ნაპრალი გააღრმავა. პარტიებმა უშუალო მიზნებს მიაღწიეს — ქართულმა ოცნებამ მის რჩეულს გამარჯვება მოუტანა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი, მყარი მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ყველაფერმა ქართული დემოკრატია საკმაოდ მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა. პოლარიზაცია გასცდა პარტიულ პოლიტიკას და ისეთ სფეროებზე გავრცელდა, როგორიცაა შეიარაღებული ძალები, ეკლესია, სკოლა და ოჯახი. თუ მანამდე, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება პოლარიზაციის ტრადიციულ ტიპს — პარტიულ პოლარიზაციას — ასე თუ ისე მიჩვეული იყო, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოებრივ პოლარიზაციასთან გასამკლავებლად ამჯერად სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავებამ, ქვეყნის დემოკრატია შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს.

    წყაროები

    [1] წინამდებარე სტატიის მიზნებისათვის, გამოვიყენე მაკროის, რაჰმანისა და სომერის (2018) მიერ შემუშავებული განმარტება, რომელიც პოლარიზაციას ხსნის, როგორც „პროცესს, რომლის დროსაც საზოგადოებაში არსებული განსხვავებულობათა ნორმალური სიმრავლე თანდათანობით ერთ განხომილებამდე მცირდება და ადამიანები ნელნელა იწყებენ პოლიტიკისა და საზოგადოების „ჩვენ სხვების წინააღმდეგ“ პრინციპით განხილვას.“

    [2] ტერმინი, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს აღწერს. გამსახურდიას მთავრობა 1992 წლის იანვარში, მისი პრეზიდენტად არჩევიდან რვა თვის შემდეგ, დაამხეს. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

    [3] ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 2018 წლის დეკემბერში შევიდა ძალაში, 2024 წლიდან სახელმწიფოს მეთაური 300 ხმოსნისაგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის მიერ, 5 წლიანი ვადით აირჩევა.

    [4] მეორე ტურში 1,975,845 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 56.23%-ს წარმოადგენს. ამომრჩეველთა გამოცხადება გაცილებით უფრო დაბალი იყო პირველი ტურის დროს, როდესაც საარჩევნო უბნებზე 1,647,878 ამომრჩეველი მივიდა (46.83%).

    [5] კამპანიის ტონი -10-დან და +10-ს — „ძალიან ნეგატიურსა“ და „ძალიან პოზიტიურ“ — ტონებს შორის მერყეობს. წყარო: NEGex — ნეგატიური კამპანიის შედარებითი საექსპერტო კვლევა, 2019. იხ. Nai, Alessandro. რამდენად ნეგატიურია არჩევნები და აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. (2019)

    [6] კამპანიის ტონი -10-დან და +10-ს — „ძალიან ნეგატიურსა“ და „ძალიან პოზიტიურ“ — ტონებს შორის მერყეობს. წყარო: NEGex — ნეგატიური კამპანიის შედარებითი საექსპერტო კვლევა, 2019. იხ. Nai, Alessandro. რამდენად ნეგატიურია არჩევნები და აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. (2019)

    [7] მესამე პარტია, რომელიც პარლამენტში შევიდა პატრიოტთა ალიანსი იყო, რადიკალური და პოპულისტური პოლიტიკური ძალა, რომელმაც 5%-იანი ბარიერი მცირედით გადალახა და 6 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. ლიბერალური „მესამე პარტიები“ — რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები — საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ ვერ მოხვდნენ.

    [8] y-ღერძი აჩვენებს პარტიების პოზიციას მემარჯვენე-მემარცხენე (Rile) ინდექსის მიხედვით, სადაც დადებითი მაჩვენებლები მემარჯვენე პოზიციას, ხოლო ნეგატიური მაჩვენებლები მემარცხენე პოზიციას წარმოადგენს. x-ღერძი დროს აღნიშნავს. წყარო: Manifesto Research Project, Social Science Research Center Berlin, 2019.

    [9] ლურჯი აღნიშნავს პოსტების სიხშირეს, ფორთოხლისფერი კი, პოსტებს რეიტინგებს. წყარო: სოციალური მედიის მონიტორინგი — მეორე შუალედური ანგარიში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2018. ხელმისაწვდომია http://old.isfed.ge/main/1465/eng/

    [10] ლურჯი აღნიშნავს პოსტების სიხშირეს, ფორთოხლისფერი კი, პოსტებს რეიტინგებს. წყარო: სოციალური მედიის მონიტორინგი — მეორე შუალედური ანგარიში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2018. ხელმისაწვდომია http://old.isfed.ge/main/1465/eng/

    [11] მედია მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, 2016–2018. ევროკავშირი და UNDP. ხელმისაწვდომია http://mediamonitor.ge/uploads_script/accounts/tvangarishebi/2016-2018_Media_Monitoring_Report_ENG-1.pdf

    სტატია მომზადდა პროექტის „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება — ფაზა III“ ერთ-ერთი კომპონენტის, ახალგაზრდა ავტორების კონკურსის ფარგლებში. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და სამთავრობო პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავების“ ნაწილს წარმოადგენს.

    სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და მასში გამოთქმული აზრები შესაძლოა არ ასახავდეს DRI-ს შეხედულებებს.

    Strengthening political pluralism in Georgia

    Democracy Reporting International (DRI)

    Written by

    DRI helps build better democracy through engagement in the field, reporting and analysis. Find out more at democracy-reporting.org

    Strengthening political pluralism in Georgia

    These articles are published as part of the “Strengthening political pluralism in Georgia” project funded by the German Federal Foreign Office.

    Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
    Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
    Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade