რა არის NEO?

CryptoZ Georgia
ტექნოლოზი
2 min readJun 1, 2020

კრიპტოვალუტა NEO ბაზარზე უკვე დიდი ხანია, არსებობს. 2014 წელს და ჰონგფეიმ და ერიკ ზანგმა AntShares-ის სახელით შექმნეს პლატფორმა, რომელიც ჩინეთის პირველ ბლოკჩეინ პლატფორმად შეირაცხა. 2016 წელს, ბლოკჩეინის პოპულარობის გაზრდის გამო, პლატფორმის დამფუძნებლებმა დააარსეს OnChain კომპანიაც, რომელიც მომხმარებლებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. 2017 წელს AntShares გადაკეთდა ცნობილ NEO-დ.

ნეო ხშირად ჩინურ ეთერიუმადაც მოიხსენიება, ამის მიზეზი კი მარტივია: კრიპტოვალუტის პლატფორმაზე შესაძლებელია გონიერი კონტრაქტების აგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტრაქტების სისტემა წააგავს ეთერიუმისას, არსებობს გარკვეული უპირატესობებიც, რომელიც ნეომ შემოიტანა.

ნეოს გონიერ კონტრაქტებს NeoContracts ეწოდება. ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც ნეოს კონტრაქტებს დაემატა, არის დროის ნიშნულები. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს, შეადგინოს გონიერი კონტრაქტი დასაქმებულისთვის ყოველკვირეული ანაზღაურების მისაცემად, მაშინ კონტრაქტს დასჭირდება იმისი ცოდნა, რა დროა კონკრეტულ მომენტში. იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახადოს, ნეო ყოველ ახალ ბლოკს დროის ნიშნულს აბამს. ახალი ბლოკი ყოველ 15 წამში ერთხელ იქმნება, შესაბამისად, კონტრაქტს ყოველ 15 წამში ერთხელ შეუძლია დროის „ნახვა“.

გონიერი კონტრაქტების გარდა, საინტერესოა ნეოს ტრანზაქციის დადასტურების ალგორითმიც. ამ ალგორითმს DBFT (Delegated Byzantine Fault Tolerance) ეწოდება. ქსელში ჩართულ მონაწილეებს შეუძლიათ, აირჩიონ ე.წ. ბუღალტერი (bookkeeper). ბუღალტერ-ნოდმა უნდა შეინარჩუნოს ნეოს მინიმალური რაოდენობა მაინც და ჰქონდეს გარკვეული სიმძლავრე. ეს ნოდები ადასტურებენ ბლოკებს, რომლის შემდეგაც, ყველა ჩვეულებრივი ნოდის 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, ბლოკი ბლოკჩეინში ინახება, როგორც დადასტურებული. თუ ნოდებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაშინ სხვა ბუღალტერს ეკისრება ბლოკის დადასტურება. ასეთი სახის ალგორითმის დამსახურებით, ნეო-ს შემქმნელების თანახმად, პლატფორმას წამში 1,000 ტრანზაქციის დადასტურება შეუძლია, ხოლო გარკვეული გაუმჯობესებების შემდეგ, ტრანზაქციების რიცხვი 10,000-საც მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ნამდვილად მიმზიდველია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეთერიუმს წამში მხოლოდ 15 ტრანზაქციის დადასტურება შეუძლია.

ნეოს პლატფრომას ორი მონეტა აქვს, NEO და GAS. ორივე მონეტა ნეოს ქსელს ამუშავებს. ნეოს მონეტა ბაზრის წილს გულისხმობს და, ამასთან ერთად, მის მფლობელებს ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს. რაც შეეხება მეორე ვალუტას, თითო ბლოკის შექმნისას იქმნება 8 GAS-ი. ეს მონეტები მუშაობენ, როგორც საკომისიოების გადასახადები. მომხმარებლები GAS-ით ფარავენ გონიერი კონტრაქტების შექმნისათვის საჭირო თანხას.

ნეო საკმაოდ წარმატებული პლატფორმაა, რომელიც ბევრ გვერდით პროექტზეც მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, NeoFS, მოქმედებს, როგორც დეცენტრალიზებული, პირისპირა Dropbox.

პლატფორმის წარმატება მის ღირებულებაზეც აისახება: 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ვალუტის ღირებულება სულ რაღაც 35 აშშ დოლარი იყო, წერის მომენტში კი ფასი 155 აშშ დოლარია. ვალუტა ბაზრის კაპიტალიზაციით (თითქმის 10 მილიარდი აშშ დოლარი) უკვე მერვე ადგილს იკავებს.

--

--

CryptoZ Georgia
ტექნოლოზი

კრიპტო და ბლოკჩეინ საგანმანათლებლო ვებგვერდ კრიპტოზის გუნდი.