როგორ გააცურა ‘ხელოვნური ინტელექტის’ სტარტაპმა მაკდონალდსი

ევროპაში არსებული AI სტარტაპების 40% ხელოვნურ ინტელექტს საერთოდ არ იყენებს.

--

შარშან კომპანია მაკდონალდსმა $ 300 მილიონი გადაიხადა ‘ხელოვნური ინტელექტის’ კომპანიაში, სახელად Dynamic Yield. ფასთფუდის გიგანტს სურდა მანქანური სწავლების გამოყენებით მომსახურების სერვისი გაეუმჯობესებინა. ტექნოლოგიური რევოლუციის ერაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად განხილვადი სისტემაა, მაკდონალდსისგან ასეთი სვლა საკმაოდ ლოგიკური იყო. თუმცა, ის ერთ პრობლემას წააწყდა: Dynamic Yield-ს ხელოვნურ ინტელექტთან საერთო არაფერი აღმოაჩნდა.

თითქოს, ისევ და ისევ იმის გამო, რომ მასზე ამდენს საუბრობენ, ხელოვნურ ინტელექტში ისეთი მაკდონალდსის ნაირი მსხვილი კომპანიები მაინც უნდა ერკვეოდნენ კარგად. მაგრამ, კომპანია შეცდომაში იმან შეიყვანა, რომ Dynamic Yields-ი ფართოდ აღიარებული სტარტაპი იყო და ტოპ-AI სტარტაპების სიაშიც კი ჰქონდა ‘საპატიო’ ადგილი მოპოვებული. ირონიაც ამას ქვია.

სტატისტიკის თანახმად, AI სტარტაპების თითქმის ნახევარი იტყუება

ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული ჰაიპში მთელს მსოფლიოს საქართველოს შეუერთდა. იმდენჯერ მოვისმინეთ ეს ტერმინი იმდენნაირი სტარტაპისგან, ნელ-ნელა ეჭვიც შეგვეპარა, რამდენად წარმოადგენდა მათი დაჟინებული მტკიცებები სიმართლეს. თურმე, მარტო საქართველო არ ყოფილა ამ დღეში.

ლონდონში დაფუძნებულმა ვენჩურ-კაპიტალის ფირმამ, რომელიც 300 მილიონ ფუნტსა განაგებს და პორტფოლიოში 40-მდე კომპანია ჰყავს, უზარმაზარი კვლევა ჩაატარა. მათ ევროპაში არსებული 2,830 ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი შეამოწმეს. შედეგი ალბათ იმაზე გასაკვირია, ვიდრე წარმოიდგენდნენ: ამ სტარტაპების 40% ხელოვნურ ინტელექტს საერთოდ არ იყენებს.

როგორ მივედით ასეთ მონაცემებამდე?

როცა საქმე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის ავთენტურობას ეხება, აქ ორ პრობლემას ვაწყდებით:

  1. პირველი პრობლემა მარკეტინგის ბნელი მხარეა.

იმისათვის, რომ სტარტაპებმა თავიანთი წამოწყების მიმართ დაინტერესება გაზარდონ, ისინი ცდილობენ აქტუალური საკვანძო სიტყვები იხმარონ და ამას ხშირად მარკეტინგის გარდა სხვა მიზეზი არ გააჩნია.

მსგავსი ჰაიპი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გარშემოც ვნახეთ: 2017 წელს დღეს უკვე უცნობმა კომპანიამ Long Island Iced Tea Corp. სახელი გადაიკეთა და Long Blockchain Corp. დაირქვა. ამას მისი აქციების 289%-იანი ზრდა მოჰყვა!

2. AI-სთან დაკავშირებული მეორე პრობლემა უფრო მწვავეა: მისი ზუსტი განმარტება დღემდე არ არსებობს.

“აი ის ტექნოლოგია, რომელიც რთულ პრობლემებს აგვარებს” — საკმარისი განმარტება არაა. არც:

“ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ინტელექტის დონის დავალებებს ასრულებს.”

ორივე მათგანი ზედმეტად ბუნდოვანია იმისათვის, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და ჩვეულებრივ კომპიუტერ სისტემას შორის განსხვავება გამოავლინოს. იმდენად ბუნდოვანი, რომ ამ პრობლემამ ისეთი მსხვილი კომპანიაც კი შეაცდინა, როგორიც მაკდონალდსია და გზაში $ 300 მილიონიც გადააყრევინა.

ნეტა თვითონ სტარტაპები თუ ხვდებიან, იყენებენ თუ არა სინამდვილეში ხელოვნურ ინტელექტს?

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ 40% ზედმეტად დიდი მაჩვენებელია. შენც რომ არ შეგიყვანონ იგივე შეცდომაში, წაიკითხე ეს სტატია, სადაც ძალიან მარტივად აგიხსნი, რ არის სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტი და რა გასაოცარი შესაძლებლობები გააჩნია მას:

ბიბლიოგრაფია:

  1. www.economictimes.com, by Bloomberg, Beware the hype around AI. It has fooled many;
  2. www.forbes.com, Parmy Olson, Nearly Half Of All ‘AI Startups’ Are Cashing In On Hype.

--

--

ტექნოლოზი

ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და ვკითხულობ ყველაფერს, რაც წერაში მიწყობს ხელს. ინგლისურ სტატიებს ნახავთ აქ: https://medium.com/@mikatadzeana