Რაში მაინტერესებს, რა ხდება ტექნოლოგიების ინდუსტრიაში!?

--

რაც თავი მახსოვს, დიდად არასდროს მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემ გარშემო, რეალურ სამყაროში. გემრიელად ვარსებობდი ჩემს წარმოსახვებში, საყვარელი წიგნების პერსონაჟებთან ერთად. ცხოვრების დინებას კი, ‘ავტოპილოტის’ რეჟიმში მივყვებოდი. ვთვლიდი, რომ იქ არაფერი იყო ისეთი, რასაც ჩემი ყურადღება და ჩართულობა სჭირდებოდა. მერე, ისე მოხდა, რომ ტექნოლოგიური სტატიების თარგმნა დავიწყე. ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში და მალევე ჩემითაც ვწერდი კვლევებით გამყარებულ კონტენტს. უკვე 5 წელზე მეტია, ამ სფეროთი ვარ გარემოცული. რაც უფრო ღრმად ჩავძვერი ტექნოლოგიებში, მით უფრო აშკარა გახდა მისი შესწავლის აუცილებლობა და შედეგად მიღებული უპირატესობებიც.

იმდენად ხშირად გვესმის ეს წინადადება, უკვე მაჟრიალებს იგივეს რომ ვიმეორებ, მაგრამ ჩვენ ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ. სამსახურებში ციფრული ინსტრუმენტების ხმარება აუცილებელ წინაპირობად მკვიდრდება. პარალელურად იკვეთება პლატფორმების არასწორად გამოყენების უარყოფითი ეფექტებიც: გაფანტული ყურადღება, პროდუქტიულობის ვარდნა, ადამიანური კავშირების დაკარგვა. ნელ-ნელა ვიკარგებით სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის ელექტრონული დანადგარებში, რომელთა გარეშეც მუშაობა, გართობა, სწავლა და გადაადგილება წარმოუდგენელი გახდა. მალე, ალბათ, საერთოდ შეუძლებელი იქნება.

ტექნოლოგია საოცრად ვითარდება და რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი. თუმცა, როგორც ნებისმიერი სიახლისას, მისი შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც ბურუსითაა მოცული. ის, რაც დღეს სასარგებლო ჩანს, ხვალ შეიძლება პარადოქსულად საზიანო აღმოჩნდეს. ეს უკვე ყველამ ვნახეთ.

სოციალური დილემა

თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ უყუროთ “სოციალურ დილემას”. ფილმი ფეისბუკის, გუგლისა და ინსტაგრამის ყოფილი მოწინავე თანამშრომლების ინტერვიუებისგან შედგება. ისინი ხსნიან, როგორ ყიდის პლატფორმა ჩვენს ყურადღებას მარკეტოლოგებზე. თუმცა, აქ მთავარი სხვა რამაა: ფეისბუკის შექმნისა და პირველადი დახვეწის პერიოდში არავის ეგონა, რომ მათ მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები სამოქალაქო გადატრიალებებს გამოიწვევდა, თავი რომ დავანებოთ იმ სტრესულ ფონს, რაც ახალგაზრდებში დატოვა.

“ექოს ოთახები”

ხელოვნური ინტელექტის (AI) დახვეწასთან ერთად, განსხვავებული აზრი უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება. ასეთი შედეგი პირდაპირ გამომდინარეობს AI ალგორითმების მუშაობის პრინციპიდან: მათი მთავარი ამოცანა ხომ შენთვის საინტერესო ინფორმაციის ჩვენებაა. ანუ, იმის მსგავსის, რასაც მანამდე უყურებდი და უსმენდი. იუთუბის ვიდეოები, ახალი ამბები, დამეგობრების რეკომენდაციები — ყველაფერი ამ პრინციპით მუშაობს. როცა საძიებო სისტემების ამ მახასიათებელს გამიზნულად იყენებ, ბევრ საჭირო მასალასაც პოულობ, რომლებსაც სხვანაირად ვერ აღმოაჩენდი. თუმცა, მხოლოდ რეკომანდაციებს არასდროს უნდა დაჯერდე. ეს სისტემები, თავისდაუნებურად, “ექოს ოთახში” გვსვამენ, სადაც ყველა მხრიდან ერთი და იგივე გვესმის და ჩვენც გვექმნება წარმოდგენა, რომ განსხვავებული აზრი ან არ არსებობს, ან უპირობოდ მცდარია.

ამერიკაში ეს ეფექტი კარგად გამოიკვეთა პოლიტიკაში. ქვედა გრაფაზე მოცემულია დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის პოლარიზაცია 2004 და 2017 წლებში. ოპოზიციებს შორის ამხელა დაშორება ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა:

წყარო: visualcapitalist.com

თუმცა, რეალური შედეგები ბევრად მწვავეა, ვიდრე გრაფიკებში ასახული ხაზების დაშორება — განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობისთვის ფეისბუკი ინტერნეტთან პირდაპირაა გაიგივებული. პლატფორმის ასეთმა აქტუალურობამ და ონლაინ კონტენტთან ურთიერთობის არცოდნამ დიდად შეუწყო ხელი როჰინგას ლტოლვილთა უმცირესობის შევიწროებასა და დევნას.

რამდენიმე წლის განმავლობაში, მიანმარის სამხედროები გამიზნულად ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას როჰინგას მუსულმანური ტომის შესახებ, რათა დანარჩენ საზოგადოებაში შიში და აგრესია დაენერგათ. ფეისბუკის ბოროტი გამოყენებით, მათ მინიმალური დანახარჯით მიაღწიეს სასტიკ შედეგს: 2017 წლის დაპირისპირებას ოცდაოთხი ათასამდე როჰინგას ლტოლვილი შეეწირა, მილიონზე მეტს კი ქვეყნის დატოვება მოუწია. სოციალური პლატფორმის როლი იმდენად დიდი იყო ამ ყველაფერში, ფეისბუკის წარმომადგენლებმა პირდაპირ აღიარეს თავიანთი შეცდომები.

საქმე მხოლოდ სოციალურ ქსელებთან არ გვაქვს. კარგად ცნობილია გუგლის საძიებო სისტემით მანიპულაციაც. ეს მოდელი გულისხმობს მოსახლეობის ინტერესებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით განსხვავებული ინფორმაციის ჩვენებას. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეებს გუგლი სხვადასხვა კონტენტს აწვდის, რამაც ამა თუ იმ საკითხზე მცდარი წარმოდგენა შეიძლება შეგვიქმნას. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ ისიც კი აჩვენა, რომ საძიებო სისტემებს არჩევნების შედეგების მინიმუმ 20%-იანი ცვლილება შეუძლია.

გამორჩენის შიში

“ჩვენ რომ, უბრალოდ, ბედნიერება გვდომებოდა, ეს მარტივი მისაღწევი იქნებოდა; მაგრამ გვინდა, სხვებზე ბედნიერები ვიყოთ. ეს კი ყოველთვის რთულია, რადგან გვჯერა, რომ სხვები იმაზე ბედნიერები არიან, ვიდრე — სინამდვილეში.”

მონტესკიე

სოციალურმა ქსელებმა ერთმანეთთან წარმოუდგენლად დაგვაახლოვა. იმდენად, რომ შეგვიძლია ერთ ღილაკზე დაჭერით გავიგოთ, რას შვებოდნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი მეგობრები. ან ნაცნობები. ყოფილები. სელებრითები. სრულიად უცნობები, მაგრამ ძალიან რომ მოგვწონს, ისინი. იმდენად გავითავისეთ სხვების ცხოვრებისთვის თვალყურის დევნება, ნელ-ნელა იმის შიშმა შეგვიპყრო, რამე არ გამოგვპარვოდა. გამორჩენის შიში, იგივე FOMO (Fear Of Missing Out), იმდენად მძაფრი და ვირუსული აღმოჩნდა, რომ 2013 წელს ოქსფორდის ლექსიკონშიც კი შეიტანეს.

წყარო: mylife.com

ფეისბუკმა და სხვა სისტემებმა კარგად იციან ამ ფენომენის შესახებ. მათი ალგორითმები მთლიანად მომართულია იმისკენ, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციონ და უსასრულო სქროლვას არასდროს შევეშვათ. მეც ავდექი და საერთოდ წავშალე ასეთი აპლიკაციები მობილურიდან. კომპიუტერით ყოველთვის შემიძლია შევიდე ქსელში და სულაც არ მჭირდება ჯიბით ვატარო ყველაზე ჩამთრევი აპლიკაცია. ამ გადაწყვეტილებამდე ალბათ არასდროს მივიდოდი, ამდენი ინფორმაცია რომ არ მომეგროვებინა მათ შესახებ. როცა მუდმივად ცხვირწინ გიტრიალებს ფაქტები, უფრო და უფრო რთული ხდება მათი უგულებელყოფა.

საიდან მივედით ასეთ შედეგებამდე?

ჩვენ ვიცით სხვადასხვა პლატფორმების უარყოფითი გავლენის შესახებ, მაგრამ მაინც არასწორად მოვიხმართ მათ. არავის უნდა დაუთმოს დრო იმის შესწავლას, რაც ისედაც ხელმისაწვდომია.

უმრავლესობის ნახევარს იმდენად ეშინია გაციფრულების, რომ სრულად არიდებს თავს და პირდაპირ ბოროტებად რაცხავს. ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად იზარალებენ ციფრულ ერაში. მეორე ნახევარი არაფერს უჩივის ტექნოლოგიებს და ჭარბადაც მოიხმარს მას, თუმცა დიდად არ აინტერესებს, რა ხდება კულისებს მიღმა. მერე კი, დაახლოებით ისეთ შედეგებს ვიღებთ, რაც მიანმარის მაგალითზე ვნახეთ.

შეძლებ, მოიგო ფეხბურთის მატჩი, თუ თამაში არ იცი? რამდენად სასარგებლო იქნება ცურვა შენი აღნაგობისთვის, თუ ტრენერი არასდროს აგიყვანია და მოძრაობები შენით გამოიგონე? როგორ მიხვდები, გატყუებს თუ არა სახელმწიფო, თუ ქვეყნის კოდექსს არასდროს გაცნობიხარ? რატომ გვგონია, რომ სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიები რამით განსხვავდება ამ მაგალითებისგან?

ფეისბუკისა და გუგლის არასწორი მოხმარებისგან გამოწვეული შედეგებიც, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, სწორედ ამ კითხვას პასუხობს — თუ არ იცი, რა როგორ მუშაობს, მაშინ იმის მსხვერპლად იქცევი, ვინც იცის.

რატომ გიყვებით ამ ყველაფერს?

სოციალური ქსელები და საძიებო სისტემები მხოლოდ დასაწყისია. ეს ტექნოლოგიური რევოლუციის პატარა ნაწილია, რომელიც დღითი დღე უფრო პატარავდება. ასპარეზზე გამოდის ახალი პროგრამები, იხვეწება ხელოვნური ინტელექტი, უფრო და უფრო მეტი მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იცოდე ამ სისტემების სწორი გამოყენება.

უკუღმართი ტენდენციის გამოსწორება, ისევ და ისევ, ჩვენს ხელთაა.

დროა, ვაღიაროთ, რომ ტექნოლოგია ჩვენი ყოველდღიურობიდან აღარ გაქრება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაინც. არც თუ ისე სახეირო გამოსავალია, საერთოდ გავერიდოთ პროგრესს. ციფრული სამყაროს უპირატესობები ხომ ისევე უსაზღვროა, როგორც მისი უკუჩვენებები. მართლაც, ზემოთ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ ერთი, უარყოფითი მხარის დემონსტრაციაა. საბედნიეროდ, ეს შედეგები ჩვენი ბრალი უფროა, ვიდრე — ჩვენი ციფრული ასისტენტების. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ამ უკუღმართი ტენდენციის გამოსწორება, ისევ და ისევ, ჩვენს ხელთაა.

ის, რომ მე დღეს ასე უშუალოდ გიზიარებ ინფორმაციას, სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა. კოვიდ-19-ის დროს დისტანციურ მუშაობაზე რომ გადავედით და შემოსავალს არ ვკარგავთ, შეგვიძლია გამოვიძახოთ საჭმელი მაღაზიიდან პირდაპირ სახლში, გავიგოთ რა ხდება და რამდენი ინფიცირებულია ნებისმიერ დროს — ესეც ტექნოლოგიის დამსახურებაა.

ტექნოლოგიის დამსახურებაა გენეტიკური თუ უბედური შემთხვევებისგან გამოწვეული დაზიანებების უფრო და უფრო ეფექტიანი მკურნალობაც. ამას კვლევები მოწმობს: 2012 წლიდან 2014 წლამდე, პრევენცირებადი გარდაცვალებების რაოდენობა ამერიკაში 17%-ით შემცირდა, რაც ორმოცდაათი ათას გადარჩენილ ადამიანს უდრის. მიზეზი კი, მონიტორინგის დახვეწილი სისტემები, ქირურგიულ ჩარევებში დამხმარე რობოტები და ვირტუალურ რეალობებში წარმოებული ტრენინგებია.

გადმოვინაცვლოთ ყოველდღიურობაში და გაციფრულების უპირატესობები კიდევ უფრო ნათელი გახდება:

დისტანციური მუშაობა დღითი დღე უფრო ხელმისაწვდომია და ამ ტრენდს ის ადამიანები მიუძღვებიან, ვინც აქტიურად ჩაერთო პროგრესში. ბოლო 12 წლის განმავლობაში, ‘ფრილენსერობა’ 159%-ითაა გაზრდილი. დასაქმებულების 80% აღნიშნავს, რომ ცვლილებამ საგრძნობლად შეუმცირა სტრესი. მეტიც, საშუალოდ, ისინი ოთხი ათასი დოლარით მეტს შოულობენ წელიწადში, ვიდრე ოფისში დასაქმებულები.

აქედანვე ნათელია, რომ ტექნოლოგიური ცოდნა მალე სასურველი კი არა, დამსაქმებლების აუცილებელი წინაპირობა იქნება. ჩვენი ციფრული ასისტენტები უფრო და უფრო მეტ საქმეს გვაშორებენ, რათა გონება კრეატიული ამოცანებისკენ მივმართოთ. თუ ამ ინსტრუმენტებს საფუძვლიანად არ დაეუფლები, წინსვლა უფრო და უფრო გაგიჭირდება.

ტექნოლოგია უზარმაზარი ტალღასავით მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ახლა კი, ის დროა, როცა წყლიდან უნდა ამოვყვინთოთ და ცურვა ვისწავლოთ. იმისათვის, რომ ჩვენი შიშები არ გამართლდეს და ტექნოლოგიამ კი არ გვმართოს ჩვენ, არამედ პირიქით, მისი მუშაობის პრინციპებზე ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ.

ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა ტექნოლოზიც სწორედ ამ მოტივებს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ ტექნოლოგიების ერაში ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მათი მიზნობრივად გამოყენებისთვის. ტექნოლოგია ინსტრუმენტია, რომელიც პროდუქტიულობაში, ეფექტიანობასა და განვითარებაში გვიწყობს ხელს — თუ გონივრულად გამოვიყენებთ მას. სწორედ ამიტომ, გვინდა მოგიყვეთ ყველაფერი, რაც ვიცით და თქვენთან ერთად ვისწავლოთ ის, რაც არ ვიცით.

როგორ ესმით მანქანებს ჩვენი და არის თუ არა იმის შანსი, რომ მსხვილი კომპანიები ჩუმად გვისმენდნენ? რამდენად მიკერძოებულია საძიებო სისტემები და როგორ დავაღწიოთ თავი ექოს ოთახებს? სად მიდის ჩვენი მონაცემები და როგორ იყენებენ მათ? რას უნდა ველოდეთ ვირტუალური რეალობის ინდუსტრიისგან? ხელოვნური ინტელექტის რომელი პლატფორმების ათვისება იქნებოდა კარგი ჩვენი მუშაობის ხარისხისა თუ მცირე ბიზნესის დასახვეწად?

ჩვენ გვაინტერესებს პასუხები ამ კითხვებზე. შენ?

გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში. ამით ძალიან დაგვეხმარები იმის გადაწყვეტაში, გავაგრძელოთ თუ არა მსგავს თემებზე წერა.

თუ გინდა, ჩვენს გუნდს შემოუერთდე და ერთად დავამუშავოთ საინტერესო ამბები, აუცილებლად შეგვეხმიანე!

--

--

ანა მიქატაძე
ტექნოლოზი

ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და ვკითხულობ ყველაფერს, რაც წერაში მიწყობს ხელს. ინგლისურ სტატიებს ნახავთ აქ: https://medium.com/@mikatadzeana