[AI 3]: ემოციის ხელოვნურმა ინტელექტმა შენზე უკეთ იცის, რა გინდა

“დაფიქრდი, როგორ ურთიერთობ ადამიანებთან; შენ მათ სახეში უყურებ, უყურებ სხეულზე და შესაბამისად იქცევი. როგორ შეძლებს [მანქანა] ეფექტიანად მოგაწოდოს ინფორმაცია, თუ მან არ იცის შენი ემოციური მდგომარეობა, თუ არ იცის როგორ გრძნობ თავს, არ იცის რა რეაქცია გექნება კონკრეტულ კონტენტზე?” — ხავიერ ჰერნანდეზი, MIT კვლევების მეცნიერი.

4 min readJun 20, 2020

--

როგორ უსიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ტექსტი ჩვენთვის, ხელოვნური ინტელექტის მეცნიერები საკმაოდ განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ ჩვენს გარშემო არსებულ სისტემებს ჩვენი მწუხარებისა თუ ბედნიერების გაზიარება არ შეეძლოთ. სისტემა, რომელიც ამას შეცვლის, ემოციის ხელოვნური ინტელექტის სახელითაა ცნობილი.

სრული ეფექტიანობისთვის ლოგიკა არ კმარა

ხელოვნური ინტელექტის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივებაა. ამისათვის მან ზუსტად, პრინციპში, ჩვენზე უკეთ, უნდა იცოდეს, როდის რა გვინდა, რატომ და რამდენად.

ჩვენი კომუნიკაციის უდიდეს ნაწილს კი სწორედ ემოციები წარმართავს. ხელოვნურ ინტელექტს გაუჭირდება იმის გამოცნობა, რამდენად დავინტერესდით მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტით, თუ ჩვენს გამომეტყველებას ვერ წაიკითხავს. ვირტუალურ ასისტენტს გაუჭირდება ჩვენი ბრძანების ეფექტიანად შესრულება, თუ ჩვენს ხმაში სარკაზმს, გაღიზიანებას ან სიხარულს ვერ იგრძნობს. როგორც ჩანს, უკვე აღარ კმარა ის, რომ ჩვენს მოწყობილობებს ესმით ჩვენი ხმა და მათთან ჩვენი ყოველი ინტერაქციის შესაბამისად მოქმედებენ. სრული ეფექტიანობისთვის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ემოციების აღქმასაც ასწავლიან.

რამდენად რეალურია სისტემისთვის ემოციების აღქმა?

კომპიუტერული ხედვისა და მანქანური სწავლების ალგორითმების წყალობით, ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია ჩვენს ხმის ტემბრში სხვადასხვა ემოციები აღმოაჩინოს. მეტიც, ის ჩვენი სახის გამომეტყველებასაც აღიქვამს და ისეთ უმნიშვნელო ცვლილებებსაც გვამჩნევს, რაც ადამიანის თვალს აუცილებლად გამოეპარებოდა. ეს ნიშნავს, რომ მათ ჩვენზე უკეთ და სწრაფად შეუძლიათ გაიგონ, მოგვეწონა თუ არა ადიდასის ახალი ბოტასები და რედბულის ახალი მარკეტინგული კამპანია.

გაგიკვირდებათ და, ხელოვნურ ინტელექტს ემოციების წაკითხვა ჯერ კიდევ 2003 წელს შეეძლო. მართალია, მას შემდეგ სისტემა წარმოუდგენლად დაიხვეწა, თუმცა იდეალურობამდე მას ბევრი უკლია.

ემოციურობა ადამიანის ძალიან, ძალიან კომპლექსური უნარია. სახის გამომეტყველება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის სრულ სურათს ნამდვილად არ იძლევა. ჩვენ შეიძლება სიხარულისგან ვიტიროთ ან ზედმეტი სტრესისგან უადგილო სიცილი ვერ შევიკავოთ. იმის გასაგებად, თუ რას განვიცდით სინამდვილეში, კონტექსტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ჯერ არ იცის.

ხშირ შემთხვევაში, კონტექსტის გაუთვალისწინებლობას სისტემა შეცდომაში შეჰყავს. რა თქმა უნდა, წამყვანი მეცნიერები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა.

რასისტი სისტემები

ემოციის ხელოვნური ინტელექტის სისტემას სხვა პრობლემებიც ემატება. ალბათ, სტატიის დასაწყისშივე გაგიჩნდა უსიამოვნობისა და, თითქოს, ოდნავი შიშის განცდა. შენ მარტო არ ხარ. ხელოვნური ინტელექტის გარშემო ბევრი ეთიკური კითხვა იჩენს თავს, რაც მის სიზუსტესთან, ნდობასთან, გამჭვირვალობასთან და სამართლიანობასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთმა კვლევამ ისიც კი დაადგინა, რომ ჩვენი მომავალი მეგობრები რასებში მაინც და მაინც კარგად ვერ ერკვევიან: მათ ნაკლები სიზუსტით შეძლეს შავკანიანი ადამიანების სახეების ამოკითხვა და, მაშინაც კი, როცა ისინი იღიმოდნენ, სისტემა მათ გამომეტყველებაში არასწორად აფიქსირებდა სიბრაზეს.

სად გამოიყენება ემოციის ხელოვნური ინტელექტი?

მარკეტინგი

უკვე ყველანი შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიის აბსოლუტურად ყველა კომპანია ჩვენს გადაბირებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, გვიყვარს თუ არა რეკლამები, ისინი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი არის, იყო და იქნება. ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევაც თავის ადგილს რეკლამების უკეთეს დამიზნებაში პოულობს. პრინციპში, ალბათ სჯობს ისევ ჩვენთვის შესაფერისი პროდუქტებით გვაწუხებდენ, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ეს გაღიზიანებადობას ჩვენში.

ჰო, ხელოვნური ინტელექტი ყველგანაამეთქი რომ ვთქვი, მართლა ყველგან ვგულისხმობდი.

დასაქმება და თანამშრომლების მონიტორინგი

ამ ტექნოლოგიის მეორე გამოყენებადობა დასაქმებასა და სამუშაო სივრცეებში გამოვლინდა. თანამშრომლების ემოციური მდგომარეობის მონიტორინგი მათი პროდუქტიულობის ამაღლებისა და უკეთესი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ამას გარდა, ემოციის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება გასაუბრებებზეც პოტენციური თანამშრომლების უკეთ გაანალიზებისთვის.

ქოლ-ცენტრები

უკვე არსებობს კომპანია, სახელად კოგიტო (Cogito), რომელიც 2017 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი MIT-ის წევრია. ტექნოლოგია ქოლ-ცენტრის აგენტებს მოსაუბრეების ემოციის აღქმაში ეხმარება, რათა მათ უკეთ გაართვან თავი კლიენტებთან საუბარს.

მენტალური ჯანმრთელობა

ფსიქიურად დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი განხრაა. ემოციის ხელოვნური ინტელექტი, რომლის თვალიცა და ყურადღებაც არასოდეს დუნდება, ექიმებს დაეხმარება, უკეთ გაუგონ თავიანთ პაციენტებს და უფრო შედეგიანად დაეხმარონ მათ.

აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ ისევ და ისევ კომპანია კოგიტომ 2018 წელს ახალი სისტემა გამოუშვა, რომელიც სატელეფონო ზარებისას აანალიზებს მოსაუბრის სტრესის დონეს და ხასიათის ცვლილებებს.

დასკვნა

რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო საეჭვო ხდება ჩვენი უსაფრთხოება და ინფორმაციის კონფიდენციალურობა. საინტერესოა, რას ფიქრობ შენ ამის თაობაზე. პირადად მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გუგლი ზუსტად მიგდებს იმ სტატიას, რომელიც აუცილებლად დამაინტერესებს და გამომადგება. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაღელვებს, რაში (ან, საერთოდაც, ვინ) გამოიყენებს ჩემზე შეგროვებულ ამდენ მონაცემს. ალბათ მე თვითონ არ ვიცნობ საკუთარ თავსა და სურვილებს ისე კარგად, როგორც მალე ჩემს მობილურსა და ნოუთბუქში ჩამალულ ალგორითმებს ეცოდინებათ. გინდა არ გინდა, ეს ფაქტი მაინც უსიამოვნო განცდას იწვევს.

ყველაფერი, საბოლოოდ, მაინც იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა უსაფრთხოების სისტემები იგივე ტემპში განვითარებას, როგორც ყოვლისმომცველი ხელოვნური ინტელექტი და ნივთების ინტერნეტი ვითარდება. ამას კი, უკვე მომავალი გვიჩვენებს.

თუ წინა სერიები ჯერ არ წაგიკითხავს:

ბიბგლიოგრაფია:

  1. www.mitsloan.mit.edu, Meredith Somers, Emotion AI, explained;
  2. www.wired.com, Will Knight, What Happens When Computers Learn to Read Our Emotions?;
  3. www.theconversation.com, Christoffer Heckman, AI can now read emotions — should it?.

--

--

Georgian Short story writer. I explore the similarities between the fabric of society and the fabric of the universe, i.e. Sociology and Quantum Physics.