ავტორი: თოა ჰეფთიბა წყარო: Unsplash

როგორ გვიმარტივებს ყოველდღიურობას AI ჩვენდა შეუმჩნევლად

ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის ყველგანაა — რა არის?

--

როცა ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, ამას რაღაც შორეულ ტექნოლოგიად წარმოვიდგენთ ხოლმე. სინამდვილეში, საძიებო სისტემები, მუსიკალური პლატფორმები და გზამკვლევი რუკები — ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრები — ხელოვნური ინტელექტით არიან აღჭურვილი. ალბათ აღარც გვახსოვს, როგორ გვიჭირდა საჭირო ინფორმაციის მოძიება, რამდენად დიდ დროს ვუთმობდით იუთუბზე ფლეილისტების აწყობას, რამდენ ძალისხმევას ვხარჯავდით საჭმლისა თუ ტაქსის გამოძახების სერვისისთვის ჩვენი მისამართის ახსნაში და როგორ გვიწევდა განუსაზღვრელი დროით ყურყუტი, სანამ ეს უკანასკნელი ჩვენს კარს მოადგებოდა.

რეალობაა ისაა, რომ ის ეფექტიანობა, სისხარტე და კომფორტი, რის გარეშე ცხოვრებაც, ლამისაა, აღარ გვახსოვს, ხელოვნური ინტელექტის ფართო ათვისების დამსახურებაა.

გუგლი

გუგლის საძიებო სისტემა ხელოვნური ინტელექტის სიღრმისეულ სწავლებას (Deep Learning) იყენებს. სიღრმისეული სწავლება გულისხმობს ჩვენი ტვინის ნეირონული აგებულების მსგავსი ქსელის გამოყენებას (რომელსაც, გაგიკვირდებათ და, ნეირონული ქსელი ეწოდება) უმაღლესი ეფექტიანობისთვის.

სიღრმისეული სწავლების ალგორითმებმა შესაძლებელი გახადეს სისტემის მიერ სურათებისა და ხმის აღქმა, ისევე, როგორც ადამიანური საუბრის მიმიკირება და სხვა. გუგლმა ამ სისტემაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. პროექტს ‘გუგლის ტვინი’ ჰქვია. 10 მილიონი სურათის გაანალიზების შემდეგ, გუგლის ალგორითმს უკვე შეეძლო სურათებში კატების ამოცნობა.

ავტორი: კლემენტ ფალიცე, წყარო: Unsplash

მცირე ექსპერიმენტების შემდეგ კვლევის დასახვეწად გუგლმა 2014 წელს ხელოვნური ინტელექტის კომპანია Deep Mind შეისყიდა, რომლის გასაოცარ მიღწევებზეც სხვა სტატიაში ვისაუბრებთ. ბევრი ტესტირების შემდეგ მათი ერთობლივი მიღწევა ნელ-ნელა დაინერგა გუგლის სერვისებში.

სურათების აღქმა

პირველი, სადაც ის გამოჩნდა, სურათების ამოცნობა, მაქსიმალური სიზუსტით დახარისხება და მათი მოძებნის გაუმჯობესებული სერვისი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. გუგლის სისტემას შეუძლია შეავსოს სურათის ის ნაწილები, რომლებიც ცუდად ჩანს ან ხარისხი დავარდნილია, რასაც სხვა სურათების ანალიზისა და მსგავსების აღმოჩენის წყალობით აკეთებს.

საუბრის აღქმა

მეორე სივრცე, სადაც ‘გუგლის ტვინი’, ანუ გუგლის სიღრმისეული სწავლების ალგორითმები გამოიყენება, ენაა. გუგლის ხმოვანი ასისტენტი ცდილობს უკეთ შეისწავლოს სალაპარაკო ენა და უფრო ზუსტი პასუხები გასცეს მოსაუბრეს. ამას მოგვიანებით თარგმნის სერვისის გაუმჯობესებაც დაემატა.

გუგლის რუკა

მაღაზიების, კაფე-ბარებისა თუ უახლოესი ბანკომატის შესახებ რეკომენდაციები, საცობების შესახებ ინფორმაცია და ქუჩების სწრაფად აღმოჩენის უნარი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების (Machine Learning) წყალობით საგრძნობლად დაიხვეწა. გუგლის რუკამდე, უცხო ადგილებში მისვლა (ხანდახან, ძალიან კარგად ნაცნობებშიც კი) ჩემთვის წარმოუდგენელ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ორიენტაციის უნარით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ, ამ დახვეწილი რუკის წყალობით, ეს პრობლემა აღარც მახსოვს.

საძიებო სისტემა

ეს გუგლის ყველაზე გამოყენებადი სერვისია. არ ვიცი, რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ როცა საძიებო ველში ინგლისურად წერთ კითხვას, გუგლი არჩევს ყველაზე რელევანტურ პასუხს, პატარა ფანჯარაში გამოაქვს შესაბამისი ტექსტი და, საიტზე გადასვლის შემთხვევაში, ყვითლად ნიშნავს კიდეც ამ მონაკვეთს:

იუთუბი

როგორც ვიცით, გუგლმა იუთუბი 2006 წელს 1.65 მილიარდ დოლარად შეისყიდა. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ‘გუგლის ტვინი’ იჩენს თავს, სწორედ იუთუბის ვიდეოების რეკომენდაციებია. იმისათვის, რომ გაგვიჭირდეს ეკრანებისგან თავის დაღწევა და, გზაში, რაც შეიძლება ბევრ რეკლამას ვუყუროთ, ალგორითმები გიჟებივით მუშაობენ, რომ ჩვენთვის რელევანტური და მოსაწონი ვიდეოები ამოარჩიონ მილიარდობით კონტენტიდან.

კონტენტის გადარჩევა

ამას გარდა, სიღრმისეული სწავლების ალგორითმები იუთუბის მავნე კონტენტისგან გასაწმენდად გამოიყენება. 2019 წლის პირველ კვარტალში 8.3 მილიონი ვიდეო წაიშალა — აქედან 70% მანამდე, სანამ ვინმე ნახავდა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას უვნებელი ვიდეოების გაეპარა, ასეთ ეფექტიანობას ადამიანური რესურსით ვერასდროს მივაღწევდით. ‘გუგლის ტვინი’ დახვეწის პროცესშია, იუთუბი დაკომპლექტებულია ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებით, რომლებიც თვალყურს ადევენებენ სისტემის შესრულებას. თავის მხრივ, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტი სამსახურებს კი არ აქრობს, პირიქით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ის ადამიანების დასახმარებლად გამოიყენება და არა — მათ ჩასანაცვლებლად.

ფეისბუკი

ხელოვნური ინტელექტის ათვისების პროცესში, რა თქმა უნდა, ფეისბუკიც აქტიურად მონაწილეობს. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენ მონაცემს აგროვებს პლატფორმა, რომლის თვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2.6 მილიარდს აღწევს. ამ მონაცემების დახარისხებასა და ეფექტიანი სერვისის გაწევას სწორედ ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს.

ტექსტის ანალიზი

ფეისბუკზე განთავსებული კონტენტის ყველაზე დიდი ნაწილი, ისევ და ისევ, ტექსტზე მოდის. ფეისბუკის მიერ შექმნილ პროგრამას, რომელსაც DeepText (ღრმა ტექსტი) ეწოდება, ამ სახის კონტენტის გაშიფვრა და დახარისხება ევალება. სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ გრამატიკული და წერის შეცდომები, სლენგის გამოყენება და სხვადასხვა ენის აღქმაც კი არ უჭირს. შედეგად, ფეისბუკი უფრო ზუსტად სთავაზობს მომხმარებლებს მათთვის შესაფერის პროდუქტებსა თუ სერვისებს.

მარტივი და სწრაფი თარგმნა

ალბათ შეგიმჩნევიათ სხვადასხვა ენების ქვეშ მიწერილი “See translation” (“ნახე თარგმანი”). რაც უფრო იხვეწება ფეისბუკის AI, მით უფრო იხვეწება მისი თარგმნის შესაძლებლობებიც.

ჩეთბოტები

როცა კომპანიის ფეისბუკ გვერდზე შედიხარ, ავტომატურად ხტება მათი მესენჯერიც. იქვე ვაწყდებით რამდენიმე კითხვას, რომლებიც მომხმარებელს, ჩვეულებრივ, გაუჩნდებოდა და რომელზე დაწკაპუნებითაც პასუხი რამდენიმე წამში ჩნდება ჩვენს ეკრანზე. ჰო, ესეც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დამსახურებაა. მართალია, კომპანიის წარმომადგენლები, უფრო ზუსტად კი, მათი დეველოპერები, ხელით ავსებენ საჭირო ინფორმაციას, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ფეისბუკი ამის შესაძლებლობას იძლევა, უკვე საკმაოდ აღმაფრთოვანებელია.

ავტორი: მაიკლ ჰენრი, წყარო: Unsplash

რაც უფრო ხშირად შევდივართ ასეთ სისტემებთან ინტერაქციაში, მით უფრო იხვეწება ისინი და ჩვენზე (ინდივიდუალურად!) მორგებული ხდება. თუ კარგად გავეცნობით მათ და ბევრ, სწორ და საჭირო ინფორმაციას მოვიძიებთ აღნიშნული ალგორითმების მუშაობის პრინციპების შესახებ, მეტი კონტროლი გვექნება მათზე.

გაიგე, მაინც როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ამ სტატიაზე გადასვლით:

ბიბლიოგრაფია:

  1. www.forbes.com, Bernard Marr, The Amazing Ways Google Uses Deep Learning AI;
  2. www.forbes.com, Bernard Marr, The Amazing Ways YouTube Uses Artificial Intelligence And Machine Learning;
  3. www.kambria.io, How Facebook Uses Artificial Intelligence.

--

--

ანა მიქატაძე
ტექნოლოზი

ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და ვკითხულობ ყველაფერს, რაც წერაში მიწყობს ხელს. ინგლისურ სტატიებს ნახავთ აქ: https://medium.com/@mikatadzeana