ხელოვნური ინტელექტი შენს თანამშრომლად: მითი თუ რეალობა?

რაც უფრო მეტად ჭკვიანდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მეტ ადამიანს უჩნდება კითხვა: “ რამდენად უსაფრთხოა ჩემი სამსახური?”

--

ამაზე იმდენად ბევრი ნერვიულობს, სპეციალურად მათთვის ვებ-გვერდიც კი შეიქმნა: “წამართმევენ რობოტები სამსახურს?”

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დეტალურ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლისთვის კომპანიების 50% თანამშრომლების ავტომატიზაციით ჩანაცვლებას აპირებს, თუმცა მათი 38% მიიჩნევს, რომ ეს თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული პოზიციების გაჩენას შეუწყობს ხელს.

კვლევაში იმასაც ვკითხულობთ, რომ მაშინ, როცა 75 მილიონი სამსახური “რობოტებით” ჩანაცვლდება, 133 ახალი სამსახური გაჩნდება ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისთვის. იმისათვის, რომ ეს ახალი პროფესიები ავითვისოთ, ბევრი სწავლა და განვითარება მოგვიწევს და ალბათ არ იქნება ადამიანი, რომელიც ტექნიკისთვის გვერდს ავლას შეძლებს. მე უარს არ ვიტყოდი ისეთ მუშაობაზე, სადაც ჩემი საქმის ყველაზე მოსაბეზრებელ და ავტომატურ ნაწილს ჩემ მაგივრად კომპიუტერი შეასრულებდა, რომელსაც ალბათ ტომს დავარქმევდი და ვიქნებოდით ასე ბედნიერად, ერთმანეთის გატანაში.

მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტატიაში მოყვანილი სტატისტიკები, ძირითადად, ამერიკაზეა ფოკუსირებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამუშაოს ავტომატიზაცია საქართველოშიც ასეთი სწრაფი ტემპით განვითარდეს.

რომელი პოზიციებია ყველაზე მეტი რისკის ქვეშ?

ავტომატიზაცია ისეთ პროფესიებს ემუქრება, რომლებიც — ხო, სწორად მიხვდი, ავტომატურად კეთდება. ტექსტის კორექტირება (და არა რედაქტირება), პროდუქტის ხარისხის შემოწმება, მათემატიკური გამოთვლები და ანალიზი: ასეთ სამუშაოებში ხელოვნური ინტელექტი უკვე გვჯობნის.

მაგრამ, მაინც, რა პოზიციებზე უნდა ველოდოთ, რომ ერთ დღესაც უფროსი მოგვადგება და გვეტყვის: გაიცანი ტომი, ჩვენი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, ის ახლა შენს საქმეს შეასრულებსო?

გთავაზობთ hubspot-ის მიერ მომზადებულ სიას, რომელიც landmark 2013-ის კვლევაზეა დაფუძნებული:

  1. ტელემარკეტინგი

სატელეფონო ზარების წყალობით პროდუქტების გაყიდვის ალბათობა 10%-ზე ნაკლებია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ავტომატური ტექსტების გამეორება ხელოვნურ ინტელექტს არასოდეს დაეზარება და მოსაუბრის ემოციის აღქმაც, პრინციპში, აღარ უჭირს, ეს პროფესია მაინც სიკვდილის პირას იდგა.

2. ბუღალტერია

QuickBooks, FreshBooks და Microsoft Office უკვე სთავაზობენ მსურველებს საბუღალტრო სისტემებს, რომლებიც ამ პოზიციაზე დასაქმებულის ყოლის აუცილებლობას აქრობს. თანაც, ეს სერვისები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ხელფასის გადახდა.

3. კომპენსაციისა და ბენეფიტების მენეჯმენტი

უცებ რო ავხსნათ, ეს პოზიცია მოიცავს თანამშრომლების ანაზღაურების მონიტორინგს, შვებულებების გაცემას, სადაზღვევო პროგრამებისთვის თვალყურის დევნებას, ბონუსების გადანაწილებას და ა.შ..

ჩვენთან რამდენად გავრცელებული პროფესიაა, ეგ არ ვიცი… მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საბუღალტრო სისტემების მსგავსად, აქაც არსებობს ალტერნატივები (Ultripro და Workday, თუ ვინმეს გაინტერესებდათ).

ყველანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ისევ და ისევ იმაში გამოიყენება, რომ ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინოთ.

4. მდივანი

ჩვენ უკვე ვიყენებთ გუგლის კალენდრისა და ნოუთების მსგავს სისტემებს დღის განრიგის გასაწერად. მალე ამას ავტომატური ზარებიც დაემატება და მდივნის ყოლის აუცილებლობაც ნელ-ნელა გაქრება.

5. კურიერები

ეს ამ სიაში რატომ მოხვდა, ბოლომდე ვერ მივხვდი, მაგრამ ეტყობა 2013-ში ჯერ არ იცოდნენ, რომ მძღოლგარეშე მანქანების შექმნა არც ისეთი მარტივი ყოფილა, როგორც ტესლას და უბერს ეგონათ. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ როცა თვითმოსიარულე მანქანები თუ სკუტერები წამოგვეწევიან, საკურიერო სერვისი პირველია, რომელსაც ნელ-ნელა დაიპყრობენ.

6. ტექსტის კორექტირება

ქართულ სტატიებში აღმოჩენილი შეცდომებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთან არც ეს პროფესიაა ფართოდ გავრცელებული. ამას თუ დაემატება ისიც, რომ, ჯერჯერობით, ვერც ქართული ენის მცოდნე სისტემებით მოგვაქვს თავი, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით (და ეს, ძირითადად, ინლისურენოვან ქვეყნებს ეხება) იმდენი და ისეთი მაგარი კორექტირების სისტემები არსებობს (grammarly, მაგალითად), რომ მგონი, ეს პროფესია უკვე გამქრალიც კია.

7. ტექნიკური კონსულტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, ინტერნეტში არსებული გზამკვლევები, ჩეთ-ბოტები და თავად პროგრამებში დამონტაჟებული დახმარების სისტემები სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ შენს პრობლემას პასუხი გასცენ.

8. საბაზრო კვლევის ანალიზი

ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი უპირატესობაა. ზღვა მონაცემებში ჩაყვინთვა და წარმოუდგენელი სიზუსტის ანალიზის დადება სწორედ ის სფეროა, რომელშიც ვერავინ შევეჯიბრებით.

9. სარეკლამო სივრცეებისა და უძრავი ქონების გაყიდვები

რადგან სარეკლამო სივრცეებმა, მეტნაკლებად, სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, საბანერო ადგილების მიქირავების პროცესში ადამიანის ჩართვა საჭირო თითქმის აღარაა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, განვითარებული ქვეყნების მაღაზიებში ავეჯისა თუ მანქანის საყიდლად მისულ კლიენტებს უკვე ემსახურებიან ავტო-მოსაუბრე რობოტები, რომლებშიც სრულადაა ჩაწერილი ყოველი პროდუქციის აღწერა.

ჩამნაცვლებელი თუ დამხმარე?

ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი სამსახურების ჩანაცვლების რისკებიდან და ვარაუდებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით მის მთავარ ფუნქციაში. ყველანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ისევ და ისევ იმაში გამოიყენება, რომ ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინოთ.

სამუშაოს ავტომატიზაცია (ყოველ შემთხვევაში, უახლესი ათწლეულების განმავლობაში მაინც) იმისთვის ხორციელდება, რომ ჩვენ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებმა, მეტი დრო დავუთმოთ რეალური პრობლემების გადაჭრას და კრეატიული პროდუქტებისა თუ გამოსავლების შემუშავებას, ვიდრე მოსაბეზრებელ, ავტომატურ, აუტანელ დავალებებს.

პირადად მე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს ყველაფერი, როგორი საშიში და არასასურველიც არ უნდა ჩანდეს, ჩვენს სასიკეთოდ ხდება. მალე ყველას ის ეკერება პირზე, რამდენად გაუმარტივა სამუშაოს შესრულება ხელოვნურმა ინტელექტმა ტომმა, თუ რასაც შენ თვითონ დაარქმევ.

მაგრამ, იმისათვის, რომ ასეთი პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ამ ყველაფერს, იმისათვის, რომ უმუშევრები არ დავრჩეთ, იმისათვის, რომ ცვლილებას მომზადებულები დავხვდეთ, საჭიროა თითოეული ჩვენგანი ჩაერთოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში: ვიკითხოთ და ვისწავლოთ მეტი ხელოვნურ ინტელექტზე, ავითვისოთ სხვადასხვა პროგრამები, დავხვეწოთ მუშაობის ეთიკა და გავიფართოვოთ ცოდნის არეალი.

რომელი სფეროებია დიიიდი ხნით “დაცული”

სულ რომ არ დავიძაბოთ და დავითრგუნოთ თავი სამსახურის დაკარგვაზე ნერვიულობით, აქვე გთავაზობთ იმ პროფესიების ჩამონათვალს (ისევ hubspot-ის სტატიაზე დაყრდნობით), რომლებიც ჯერ კიდევ დიდხანს ჩვენს განკარგულებაში იქნება — ოღონდ, ამჯერად, უფრო მოკლედ:

  1. ადამიანების რესურსის მენეჯერი, ანუ იგივე HR;
  2. გაყიდვების მენეჯერი;
  3. მარკეტინგის მენეჯერი;
  4. პიარის მენეჯერი;
  5. აღმასრულებელი დირექტორი;
  6. ღონისძიებების ორგანიზატორი;
  7. მწერალი (ბლოგერი, ჟურნალისტი, რაც გინდა დაარქვი);
  8. პროგრამების დეველოპერი;
  9. რედაქტორი;
  10. გრაფიკული დიზაინერი.

ანუ, პრინციპში, ყველა, ვისაც სამუშაოს შესასრულებლად არასწორხაზოვანი დავალებების შესრულება, ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა და ცოტა კრეატივი მაინც სჭირდება.

იმ შემთხვევისთვის, თუ გამოტოვე:

ბიბლიოგრაფია:

  1. www.blog.hubspot.com, Sophia Bernazzani, 10 Jobs Artificial Intelligence Will Replace (and 10 That Are Safe);
  2. Forbes.com; Gil Press; Is AI Going To Be A Jobs Killer? New Reports About The Future Of Work;
  3. World Economic Forum; Insight report, The Future of Jobs Report 2018.

--

--

ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და ვკითხულობ ყველაფერს, რაც წერაში მიწყობს ხელს. ინგლისურ სტატიებს ნახავთ აქ: https://medium.com/@mikatadzeana