რუსთავის ინოვაციების ჰაბის პირველი ნაბიჯები
ლუბლინის კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შთაგონებულები და მოტივირებულები შევუდექით ახალი გამოწვევების განსაზღვრას. პირველივე სამუშაო შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ნებისმიერი იდეის პროექტად გარდაქმნასა და წარმატებით განხხორციელებისთვის საჭირო იყო ჰაბის წევრებისთვის ახალი უნარების და სხვადასხვა „ხრიკების“ გაცნობა და შემდეგ ამ ცოდნის დომინოს ეფექტით გავრცელება, როგორც რუსთავის რევიტალიზაციის პროცესში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებში ჩართული მხარეებისთვის. მუშაობის პროცესში ასევე გამოჩნდა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაბის სამოქმედო მექანიზმის შემუშავება და წევრებს შორის ფუნქციების ოპტიმალურად გადანაწილება საპროექტო იდეების ეფექტურად განხორციელებისთვის.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (PSDA) ინოვაციური სერვისების ლაბორატორია “სერვისლაბისა” და UNDP Georgia-ს ორგანიზებით შევიკრიბეთ რუსთავის სკაუტების საერთაშორისო ცენტრში, სადაც, ახალი ინსტრუმენტებისა და ხრიკების ათვისება წინასწარ შემუშავებული იდეებიდან ერთ-ერთის სადემონსტრაციო განხორციელების გზით გადავწყვიტეთ. სამუშაო შეხვედრისას ორ ახალ მატრიცაზე შეჩერდა არჩევანი: Test Your Assumptions (UNDP Hackers Toolkit-დან) და Innovation Canvas.
ორივე ინსტრუმენტი ზუსტად არის მორგებული პროექტის განხორციელებისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების საჭიროებაზე, მათ შორის: პრობლემის იდენტიფიცირება, ჰიპოთეზების შემუშავება, რამდენიმე პოტენციური გამოსავლიდან საუკეთესოს შერჩევა ან მათი კომბინირება და სხვა.
იდეა, რომელზე მუშაობაც ამ შეხვედრისას დავიწყეთ, გულისხმობს რუსთავის რამდენიმე ქუჩის ამისამართების პრობლემის ეფექტიანად გადაჭრას. ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტების დახმარებით მოხდა პრობლემის სხვადასხვა რაკურსით გაანალიზება, შევჯერდით მისი გადაწყვეტის საუკეთესო გზებზე და გავწერეთ სამოქმედო გეგმა, სადაც განსახორციელებელ აქტივობებთან ერთად განისაზღვრა შემსრულებელი პირები და თარიღებიც.
საინტერესოა ისიც, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა ჰაბის „საკუთარი სტილით“ და გაჩნდა ამ „სტილის“ კანვასის ფორმატში გადატანის იდეა, მსგავსად იმ მატრიცებისა, რომლებიც შეხვედრის დროს გამოვიყენეთ. შესაბამისად, ჰაბის ხელსაწყოების ნაკრებს კიდევ ერთი ინსტრუმენტი დაემატება, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებთ სხვადასხვა იდეის განხორციელებისას და სხვებსაც გავუზიარებთ.
რუსთავის ქუჩების ამისამართების პროექტი პირველი იქნება ინოვაციების ჰაბისთვის და შესრულდება UNDP Georgia- სა და სერვისლაბის მენტორობით, რაც გამოცდილებას შეგვმატებს მომდევნო პროექტების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე კერძო კომპანიების აქტიურ ჩართულობას — შესაბამისად ეს უფრო ღირებულს ხდის მას. ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იქნება როგორც პრობლემისადმი დამოკიდებულების კვლევისას, ასევე, პროექტის „პროდუქტის“ დიზაინის შემუშავებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჰაბის მიერ ინიცირებული პროექტები საზოგადოების ინტერესებზეა კონცენტრირებული.
სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდის ეფექტური საქმიანობის ხელშესაწყობად შევიმუშავოთ ინოვაციების ჰაბის პოლიტიკის დოკუმენტი, რაც იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო და მუდმივად განახლდება საოპერაციო მოდელის დახვეწასთან ერთად.