#ტენექართულად

ალბათ, გახსოვთ, ჩემს წინა ბლოგში მსოფლიო საზოგადოება სირაქლემას პოზაში მყოფად რომ მოვიხსენიე, რომელსაც ინფორმაციის მიღებისგან თავის არიდება, თვალების დაბრმავება და დაყრუება სჩვევია, როცა საქმე გლობალურ პრობლემებს ეხება.

ამიტომაც, ორგანიზაცია CSD International-მა გადაწყვიტა სტატიების სერია მიუძღვნას ქართულ სტარტაპებს, რომლებიც საერო საქმის კეთების პარალელურად ცდილობენ გლობალური პრობლემების გადაჭრაშიც შეიტანონ თავიანთი წვლილი.

პირველი კომპანია, რომელსაც გაგაცნობთ ,,ჯინვენტორია’’, რომელმაც (აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ როგორ მეამაყება ის, რასაც ახლა დავწერ) მსოფლიოში პირველი მწვანე USB კაბელის წარმოება დაიწყო.

თავდაპირველად, მე, როგორც ტექნიკაში ერთობ გაურკვეველ ადამიანს, ძალიან გამიჭრდა წარმომედგინა ეკო — კაბელის სტრუქტურა თუ დამზადების წესი. საქმე კი თურმე იმაში მდგომარეობს, რომ ,,ტენე’’ მეორადი ნარჩენების გადამუშავების შედეგად მზადდება.

ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის აღმოჩენისკენაც ავტორებს იმან უბიძგა, რომ როცა გადაწყვიტეს, ჩინეთიდან რეალიზაციის ნაცვლად USB კაბელები საქართველოშივე ეწარმოებინათ, აღმოაჩინეს, რომ ამისათვის საჭირო მასალისა და წარმოების ტექნოლოგიების ჩვენს ქვეყანაში მოძიება შეუძლებელია.

სწორედ ეს ფაქტორი გახდა მასტიმულირებელი, კომპანიის დამფუძნებლებს გასჩენოდათ არაჩვეულებრივი იდეა — პროდუქტის საწარმოებლად მეორადი ნარჩენების გამოყენება.

,,ტენეს’’ USB კაბელის აგებულება საკმაოდ დახვეწილია: კაბელი, რომელიც მაღალ ძაბვას უძლებს და ჭკვიანი ჩიპი, რომელიც ელემენტს გადაჭარბებული დამუხტვისგან იცავს, ელასტიკური ფიქსატორი და რეზინის გარსზე დამატებული ნეილონის ნაქსოვი ზედაპირი შიგ ჩაყოლებული კევლარის ძაფით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ პროდუქტის ბრენდირება და საქართველოში რეალიზაცია ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მრავალგზის შემოწმებას გაივლის ჩინეთის სხვადასხვა ქარხანაში.

,,ჯინვენტორის’’ მიერ ქართული, მსოფლიოში პირველი მწვანე USB კაბელის წარმოების მიზანი, ბუნებრივია, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანაა.

თუმცა კომპანიის საქმიანობა მხოლოდ USB კაბელების წარმოებით არ შემოიფარგლება. ისინი გვთავაზობენ სმარტ/სხარტ სამაჯურსაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში ძლებს წყალქვეშ დაზიანების გარეშე, ზომავს წნევას, ითვლის ნაბიჯების რადენობას, მანძილს, კალორიებს, გვატყობინებს სახლში ჟანგბადის დონეს, აქვს ძილის მონიტორნიგის ფუნქცია და, რაც მთავარია, ბიუჯეტური პროდუქტია.

სამაჯურებს, ისევე, როგორც USB კაბელებს, ჩინეთში აწარმოებენ, თუმცა კომპანიის გეგმა წარმოების საქართველოში გადმოტანა და მათი რეზინისა და საბურავების ნარჩენებისაგან დამზადებაა.

სამომავლოდ ,,ჯინვენტორი’’ პოლიეთილენის, პლასტმასისა და სხვა ნარჩენების გადამუშავების საშუალებით სხვადასხვა სახის წვრილი ტექნიკის ბრენდირებასაც აპირებს, ეს იქნება ყურსასმენებით, პორტატული კაბელებითა და სხვა პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი.

ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესის სირთულეებთან, სამომავლო გეგმებთან და, ზოგადად, პროდუქტთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელს, ალექსანდრე ლილუაშვილს გავესაუბრე.

მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან რეალიზაციის ნაცვლად საქართველოში გადაწყვიტეთ კაბელების წარმოების დაწყება, აღმოაჩინეთ, რომ შესაბამისი დანადგარები თუ მასალა ჩვენს ქვეყანაში არ იშოვება. როგორც ვიცი, სწორედ ამან გიბიძგათ არაჩვეულებრივი გამოსავლის პოვნისაკენ.

ქართული წარმოების განვითარებაში წვლილის შეტანა გვინდა, რათა რაც შეიძლება ნაკლები თანხები გავიდეს საქართველოდან და ხელი შეეწყოს ლარის დადებითი სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებას, მაგარამ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს საიმისო სასაქონლო-მატერიალური ბაზა, რომ USB კაბელის საწარმოებლად ყველა საჭირო მასალა აქ შევიძინოთ.

როდესაც ჩინეთში წარმოების პროცესის შესასწავლად ჩავედი, მივხვდი, რომ წარმოებისათვის საჭირო პლასტმასის ერთ-ერთი სახეობის პოლიმერული მასალის ყიდვაც კი იქ მიწევდა. შემდეგ ამ მასალის მახასიათებლებს გავეცანი და მივხვდი, რომ იგი პლასტმასის ბოთლის, ანუ პეტის თვისებებთან იყო მიახლოებული.

სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომლითაც ორ პრობლემას ერთდრულად შევებრძოლებოდი — პირველი, კაცობრიობის მიერ პლასტმასისა და პოლიეთილენის უკონტროლო გამოყენებით გამოწვეული ეკოლოგიური დაბინძურების მაჩვენებლის კლებას შევუწყობდი ხელს და მეორე, საქართველოში შემომავალი გადაჭარბებული იმპორტის შემცირებაში შევიტანდი წვლილს.

მაშინვე ჩავატარე ტესტი, დავაქუცმაცე გამაგრილებელი სასმელის ბოთლი, ნაწილები ჩავყარე ვერტიკალური ინექციის პრესში, რომელმაც მასალა მაღალ ტემპერატურაზე გაადნო და კაბელი ჩამოვასხი.

შედეგმა ჩემი ჩინელი მასპინძლებიც კი გააოცა, რადგან, თავდაპირველად, როცა იდეა გავუზიარე, მიმტკიცებდნენ, რომ ამ ჩანაფიქრს სისრულეში ვერ მოვიყვანდი.

,,ტენეს’’ პროდუქტს თამამად შეგვიძლია საამაყო ვუწოდოთ — ქართული წარმოების, ეკომეგობრული, ხარისხიანი აქსესუარები შექმენით. რამდენად გაგიმარტივეს ამ დეტალებმა ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება და რა პრობლემებს გადააწყდით პოპულარიზაციის პროცესში?

იყო შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელში კომენტარებს გვიწერდნენ, რომ თუ ჩვენი ნაწარმი ქართული ბრენდისაა, კარგი ვერ იქნებოდა, მაგარამ, საბოლოოდ, სამ წლიანი მუხლჩაუხრელი შრომისა და ქართულ ბაზარზე ღირსეული პოლიტიკის გატარების შედეგად საკმაოდ დიდი ნდობა და პატივისცემა მოვიპოვეთ. დღესდღეობით მართლაც ძალიან ბევრი მომხმარებლისგან ვგრძნობთ მხარდაჭერას.

რას აპირებთ კომპეტიტორებთან დაკავშირებით, როდესაც ბაზარზე ისეთი კომპანიები არსებობს, როგორიცაა, მაგალითად, ,,რემაქსი’’, რომელიც მაღალი ხარისხის ალტერნატიულ ელექტროსაშუალებებს აწარმოებს?

ძალიან რთული და უსამართლოა ჩინურ გიგანტებთან ბროლის პროცესი, რადგან, როგორც იცით, მათ უკვე დაპყრობილი აქვთ არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ბაზარი.

მასალის ყიდვისას ათასობით კონტეინერს ავსებენ, შესაბამისად, თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა იაფად ყიდულობენ ყველაფერს პატარა ქართული კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს საქართველოში უკვე დაპყრობილი ბაზარის წილი წაართვას მათ, მიუხედავად იმისა, რომ მასალის შესაძენად მხოლოდ კონტეინერის მეოთხედს ავსებს.

თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, რადგან გვჯერა ჩვენი მომხმარებლების, მათი გულშემატკივრობისა და სიყვარულის.

,,ტენეს’’ USB-ის აგებულება საკმაოდ დახვეწილია. ამას დავამატოთ ერთწლიანი გარანტია და ბიუჯეტური ფასი — ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის იმაზე ბევრად უფრო მომნუსხველად უნდა ჟღერდეს, ვიდრე ჩინური პატენტების ყიდვის პერსპექტივა.

მოდის თუ არა თქვენს პროდუქტზე ქართული საზოგადოების მოთხოვნა მის ხარისხთან შესაბამისობაში?

ვინც ჩვენს კაბელს ერთხელ მაინც იყენებს, ყველა იმდენად კმაყოფილი რჩება, რომ მათი ოჯახის წევრები თუ მეგობრებიც ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები ხდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მასშტაბურად ჯერ მაინც არ გვიცნობს ხალხი.

ადამიანები არაკეთილსინდისიერ გზას მიმართავენ პროდუქტის ამოსაყიდად, მომხმარებლები კი ტყუვდებიან, ჰგონიათ, აიფონის ორიგინალ კაბელს ყიდულობენ, იხდიან იმაზე სამჯერ მაღალ ფასს, ვიდრე, მაგალითად, ჩვენი პროდუქცია ღირს და ხელში უხარისხო ნაწარმი რჩებათ. თუმცა, ვიმედოვნებ, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ზოგადად, ნაგვის გადამუშავება საკმაოდ ძვირი პროცესია და დიდ დროსა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს. ,,ჯინვენტორის’’ მიზანი იყო, რომ 2021 წლისათვის უკვე პროდუქტის წარმოება ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო გადმონაცვლებული. როგორია ამ ეტაპზე კომპანიის მზაობა გეგმის სისრულეში მოყვანისათვის?

აღჭურვილობას რაც შეეხება, ვიმედოვნებდით, რომ ,,ჯიტაში’’ შევძლებდით გრანტის აღებას დანადგარების შესაძენად, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, რამაც გარკვეული დრო დაგვაკარგინა. კოვიდ 19-მაც, ბუნებრივია, თავდაყირა დააყენა ყველა ჩვენი ჩანაფიქრი.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაქსიმალურად ვცდილობთ გეგმას არ გადავუხვიოთ და ამ წლის ბოლომდე წარმოება საქართველოში გადმოვიტანოთ.

პროდუქტის (USB კაბელების, სპორტული საათების) დიზაინი თქვენი შექმნილია? და თუ ასეა, დიზაინზე ქართველებმა იმუშავებს თუ უცხოელებმა?

დიახ, ჩვენი შექმნილია, მაგრამ ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ დაგვჭირდა, უბრალოდ შევარჩიეთ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დიზაინები და ჩვენსავე გრაფიკოსებს ჩვენი გემოვნებით გადავაკეთებინეთ.

თქვენი ნაწარმი დაპატენტებულია?

არა, პატენტი არ აგვიღია და ვერც ვხედავთ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროებას, რადგან ჩვენს სახელს ვერავინ გამოიყენებს და თუ მაინც და მაინც ჩვენნარის დამზადება მოუნდებათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!

სხვათა შორის, მოხდა ასეთი ფაქტი: ერთ-ერთმა კომპანიამ ბაზარზე ჩვენი გამოჩენის შემდეგ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ უნდა გვეომოს და ზუსტად ისეთი კაბელები დაბრენდა თავისი სახელით, როგორიც ჩვენი კაბელის პირველი მოდელი იყო (თუმცა ჩვენ ამ კაბელით არ დავრჩით კმაყოფილები და მალევე შევცვალეთ სხვა მოდელით), ჩამოტანილი პროდუქტის ფერიც კი ჩვენის ანალოგიური, წითელი იყო.

ზოგადად, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად ეთიკა აკლიათ და არ იქცევიან ბოლომდე ღირსეულად. ჩვენთვის ეს მიუღებელია, პატივს არ ვცემთ მსგავს მოქმედებებს. ჩვენი ოქროს წესია ვაკეთოთ ყველაფერი ღირსეულად, რადგან გვჯერა, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში.

დაახლოებით რამდენი ადამიანი დასაქმდება თქვენს საწარმოში დასაწყისისთვის და როგორია სამომავლო გეგმები?

დასაწყისისთვის 10-მდე სამუშაო ადგილის შექმნას ვფიქრობთ. წარმოების საქართველოში გადმოტანის შემდეგ კი, დარწმუნებულები ვართ, ჩვენს წამოწყებას მეტი ყურადღება მიექცევა, მეტი ქომაგი გამოუჩნდება და საწარმოს გაფართოებასაც მალევე მოვახერხებთ.

სტატიები, რომლებიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს:

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

--

--