ადამიანი ადამიანისთვის მზეა!

ბოლო თვეებია, ტელევიზიები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ბლოგერები თუ ინფლუენსერები დაუღალავად ცდილობენ სახლში გამომწყვდეულ მსოფლიოს დახმარების ხელი გაუწოდონ და შთააგონონ გზები, რომლებიც მათ დაეხმარება, ამ მძიმე პერიოდში სასოწარკვეთას არ მიეცნენ.

წესით, ის, რასაც ახლა გეტყვი, ბლოგის დამაგვირგვინებელი აზრი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ვფიქრობ, ვალდებულიც კი ვარ, დასაწყისშივე გაგაგებინო, თუ რატომ ვაპირებ შენს დამძიმებასა და დასევდიანებას.

ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მინდა მეტად გავიაზროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არსებული რეალობის პირობებში, რადგან ახლა გარშემომყოფებს იმაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ვიდრე ოდესმე. ახლა ყველაზე ნაკლებად გვაქვს უფლება, დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მზეა!

გადავწყვიტე, ამოვვარდე მიმდინარე მოვლენების ნათელი მხარეების განხილვის ხაზიდან. არ შეგახსენებ დაავადებულთა თუ გარდაცვლილთა სტატისტიკას და არც ვირუსის ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ სფეროზე.

ამჯერად მინდა შენზე ვისაუბრო და არა სტატისტიკებზე!

ვისაუბრებ სამედიცინო მუშაკებზე, პოლიციელებზე, მაღაზიის კონსულტანტებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ნერვიულობისგან კვდებით, სანამ თქვენი მძვირფასი ადამიანი სახლში ჯანმრთელი დაბრუნდება მორიგეობიდან; მასწავლებლებზე, რომლებსაც ენერგიის ასი პროცენტის მობილიზება გჭირდებათ, რათა ონლაინ სწავლების მთელ რიგ სიძნელეებს გაუმკლავდეთ;

ან შენზე, ვისაც ჩაგივარდა ბიზნესი, რომელშიც უკანასკნელი დანაზოგი დააბანდე; ადამიანებზე, რომლებიც სამშობლოსგან შორს, შემოსავლის გარეშე დარჩით. ეს სტატია გეხება შენ, ვინც ისედაც იტანჯებოდი აგორაფობიით, სოციალური შფოთვითი აშლილობით თუ ბაცილოფობიით; ეხება შენს შვილებს, მოხუც მშობლებსა და მეგობრებს. ადამიანებს ჩემ გარშემო, რომლებიც ცდილობთ, ეს დრო პროდუქტიულად გამოიყენოთ - ივარჯიშოთ, ხატოთ, საინტერესო ფილმებს უყუროთ, მაგრამ მაინც ზედმეტად ბევრი დრო გრჩებათ ფიქრისთვის.

ვისაც აქამდე არ გიფიქრიათ, ახლა დაფიქრდით, რის წინაშე დგას მსოფლიო, რადგან პასუხი საკმაოდ არასახარბიელოდ ჟღერს: მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება.

მართალია, ყველას გულს გვითბობს ის ფაქტი, რომ უამრავი ოჯახი ხარობს ერთად ყოფნით, იცინიან, დრო სახალისოდ გაჰყავთ, მაგრამ რამდენ ჩვენგანს უფიქრია ოჯახებზე, რომლებშიც ქალები, კაცები თუ ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი არიან?

რა ხდება ახლა მათი სახლის კედლებს მიღმა, როცა 24 საათის ერთად გატარება უწევთ?

ჩემთვის ჩემი სახლი სამყაროს ცენტრია. ადგილი, სადაც მუდამ, ნებისმიერი სიტუაციიდან მიმეჩქარება. ეს კი ორმაგად მაფიქრებს იმის შესახებ, რამდენად სახიფათოა ფაქტი, რომ უთვალავი ადამიანისათვის სახლი სულაც არ არის უსაფრთხო ადგილი.

დღესდღეობით, როდესაც კარანტინის პირობებში ჩვენი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მდგომარეობას განვიხილავთ, მეტი სიცხადისთვის ხშირად ვიშველიებთ კარლ იუნგის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციებს. მაგალითად - ,,ჩემი შვილი ექსტროვერტია და კედლებს აწყდება, სახლში ვერ ვაჩერებთ’’, ან ,,ინტროვერტებისთვის კარანტინს არსებითად არაფერი შეუცვლია, სახლში ყოფნა ყოველთვის მათი ჰობი იყო’’.

მაგრამ რეალობა ასეთია: არც ექსტროვერტებისთვის და არც ინტროვერტებისთვის რამდენიმე თვე უამრავ ადამიანთან ერთად სახლში ჯდომა განტვირთვასთან სულაც არ არის ასოცირებული.

რა ხდება მაშინ, როცა ექსტროვერტები გაგიჟების პირას არიან მუდმივად ერთი და იმავე ადამიანების გარემოცვაში ყოფნისგან? როცა ინტროვერტებს განმარტოვება უნდათ, რასაც ოჯახის წევრები შეუძლებელს ხდიან? ან მაშინ, როცა ოჯახში ინტროვერტები და ექსტროვერტები ერთად არიან?

როგორი იდეალური ურთიერთობაც უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, სავარაუდოა, რომ ნაძალადევი თანაცხოვრების რამდენიმე თვის თავზე ისინი მაინც ერთმანეთს განიზიდავენ.

ისმის კიდევ ერთი კითხვა: რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც დისტანციურად ვერ მუშაობენ?

მათ მეტისმეტად დიდი დრო აქვთ ფიქრისთვის. მარტივია, ხალხს მოვუწოდოთ დრო პროდუქტიულად გამოიყენონ, მაგრამ, რეალურად, ასეთივე მარტივი სულაც არ არის კონტროლის სადავეების ხელში აღება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ზედმეტი ფიქრი მხოლოდ გენიალურ იდეებს კი არა, ღრმა დეპრესიასაც ბადებს.

შრომა, რომელიც პროექტებში ჩავდეთ, წყალში ჩაგვეყარა. ჩვენი გეგმები გაურკვეველი დროით გადაიდო. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში ახალი შედგმული მქონდა ფეხი, როდესაც მომიწია სახლში ჩავმჯდარიყავი. აღარაფერი შემრჩა.

მინდა, გაიხსენო მოხუცები, რომლებსაც ყოველდღიურად ხედავდი, სანამ კარანტინი დაიწყებოდა. ისინი ჩვენ გვხვდებოდნენ ქუჩაში მარტოდ მოსიარულენი (ხშირად ისიც გვინახავს, როგორ ეზიდებოდნენ მათთვის ზედმეტად მძიმე ჩანთებს); გვხვდებოდნენ მეტროში, გამოწვდილი ხელებით; ჩვენ მათ გვერდზე ჩავუვლიდით ხოლმე, როცა გასაყიდად გამზადებული თაიგულით თუ ცელოფნებში ჩალაგებული ხილით ხელში გვთხოვდნენ, რამე შეგვეძინა.

სად არიან ახლა ისინი? მეეჭვება, ყველა მათგანს ჰყავდეს ოჯახის წევრები, რომლებიც მზრუნველობას არ მოაკლებენ. ან ყველა მათგანს ჰყავს ხმის გამცემი? ჰყავთ მათ ვინმე, რომელიც მაღაზიაში გაეგზავნებათ?

უამრავი ახალგაზრდისგან გამიგია ბოლო თვეების განმავლობაში, რომ დიდად არ ადარდებთ ახალი კორონა ვირუსი, რადგან რომც შეხვდეთ, მათი ორგანიზმი ამას ადვლად გადაიტანს. მაგრამ ასეთი ახალგაზრდებიც კი გაურკვეველ შფოთვას გრძნობენ ლიფტის ღილაკზე თითის მიჭერისას თუ მაღაზიაში შესვლა-გამოსვლისას.

ამის ფონზე მინდა წარმოიდგინო იმ მოხუცების შიშები, რომლებიც გარეთ გადიან წამლებისა და პროდუქტების საყიდლად და იციან, რომ თუ ვინმეს ჰყავს ჩასაფრებული სიკვდილი, ყველაზე მეტად სწორედ მათ. შეგიძლაი, წარმოიდგინო, როგორი მარტოსულები არიან ახლა ეს ძვირფასი ადამიანები?

The Hidden Covid-19 Crisis: Elderly People Are Dying From Isolation.

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ სწორედ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავებაა ის უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ესაა ნაღმი, რომლის განეიტრალებისთვისაც საჭიროა სახელმწიფოებმა, ორგანიზაციებმა თუ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ერთმანეთზე იზრუნოს, რადგან ამ ომში ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

Linkedin

სტატიები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის:

--

--